ესაია 63

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

631 ეს ვინ არის, ედომიდან რომ მოდის, მეწამული სამოსლით – ბოცრადან? ეს დიდებული თავის სამოსელში, მოხრილი თავისი დიადი ძალით? „ეს მე ვარ, სიმართლით მოლაპარაკე, ხსნის შემძლებელი.” 2 რატომ არის წითელი შენი სამოსელი და შენი ტანსაცმელი საწნახელში მწურავივით? 3 მე ერთმა დავწურე საწნახელში და არ იყო ჩემთან არავინ, და ვწურავდი მათ ჩემს რისხვაში და ვსრესდი მათ ჩემს გულისწყრომაში, და მათი სისხლი შეეშხეფა ჩემს ტანსაცმელს და მთელი ჩემი სამოსელი შევსვარე. 4 რადგან შურისგების დღეა ჩემს გულში და წელი ჩემს გამოსყიდულთა მოვიდა. 5 ვიხედებოდი და არ იყო შემწე, და მიკვირდა, რომ არ იყო მხარდამჭერი; და მიხსნა მე ჩემმა მკლავმა და ჩემმა რისხვამ დამიჭირა მხარი. 6 და დავთრგუნე მე ხალხები ჩემი წყრომით და დავათვრე ისინი ჩემი რისხვით, და მიწაზე დავღვარე მათი სისხლი. შიში და იმედი შურისგების დღეს 7 უფლის წყალობებს ვახსენებ და უფლის სადიდებელს ყველაფრისთვის, რაც უფალმა მოგვიზღა; დიდი სიკეთისთვის ისრაელის სახლზე, თავისი მოწყალებით და მრავალი წყალობით რომ მიაგო 8 და თქვა: „ისინი მაინც ჩემი ერია, ძენი, რომლებიც არ მიღალატებენ.” და შეიქნა იგი მათი მხსნელი. 9 მის ყველა სატანჯველში თვითონაც იტანჯებოდა, და მისი პირის ანგელოზი იხსნიდა მათ. თავისი სიყვარულითა და თავისი მოწყალებით გამოისყიდა ისინი და აიყვანა და ატარებდა მათ ძველ დღეებში. 10 მაგრამ ისინი ეურჩნენ და დაამწუხრეს მისი წმიდა სული და ის მტრად ექცა მათ და ებრძოდა მათ. 11 და გაიხსენა მისმა ხალხმა მოსეს ძველი დღეები: სად არის იგი, ვინც ამოიყვანა ისინი ზღვიდან თავისი სამწყსოს მწყემსებთან ერთად? სად არის იგი, ვინც ჩადო მათ წიაღში თავისი წმიდა სული? 12 ვინც წარმართა მოსეს მარჯვენა თავისი დიდებული მკლავით? ვინც გააპო წყლები მათ წინაშე, რათა გაეთქვა თავისი საუკუნო სახელი? 13 ვინც უძღვებოდა მათ უფსკრულებში, როგორც ცხენს მინდორში, და არ წაბორძიკებულან? 14 როგორც ნახირი ჩადის ხეობაში, ისე უფლის სულს მიჰყავდა ისინი დასასვენებლად. ასე ატარებდი შენს ერს, რათა მოგეპოვებინა შენთვის დიდებული სახელი. 15 გადმოიხედე ზეციდან და შეხედე შენი წმიდა და დიადი სავანიდან! სად არის შენი შურისგება და შენი ძლევამოსილება? შენი გულის ძვრა და შენი მოწყალება არ მოვიდა ჩვენამდის. 16 რადგან შენა ხარ ჩვენი მამა, რადგან აბრაამი არ გვცნობს ჩვენ და ისრაელი არ გვაღიარებს. შენა ხარ, უფალო, ჩვენი მამა, ჩვენი მხსნელია უკუნისიდან შენი სახელი. 17 რატომ გვაცდენ ჩვენ, უფალო, შენი გზებიდან, ასასტიკებ ჩვენს გულებს, რათა არ გვეშინოდეს შენი? დაბრუნდი შენი მონების გულისათვის, შენი წილხვედრილის შტოთა გულისათვის. 18 დიდხანს არ დაუმკვიდრებია მიწა შენს წმიდა ერს, ჩვენმა მტრებმა გათელეს შენი საწმიდარი. 19 იმათ დავემსგავსეთ, რომლებზეც არასოდეს გიხელმწიფნია, იმათ, რომლებზეც არ წოდებულა შენი სახელი.
თავი სამოცდამეორე                                                                                                             თავი სამოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close