HomeUncategorized

ესაია 35

ძველი აღთქმა
ესაია
351 გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, და გამხიარულდება ტრამალი და გაიფურჩქნება, როგორც მთის შროშანი. 2 აყვავდება და გაიფურჩქნება და იმხიარულებს ლხენითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება. ისინი იხილავენ უფლის დიდებას, ჩვენი ღმერთის დიდებულებას. 3 განიმტკიცეთ მოშვებული ხელები და დასუსტებული მუხლები გაიმაგრეთ. 4 უთხარით სულმოკლეთ: „განმტკიცდით, ნუ შეშინდებით, აჰა თქვენი ღმერთი, შურისგება მოვა – ღვთის საზღაური, ის მოვა და გიხსნით.” 5 მაშინ აეხილებათ თვალები ბრმებს და ყრუთა ყურები გაიხსნება. 6 მაშინ ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე – ნაკადულები. 7 და იქცევა ხრიოკი ტბად და უწყლო ადგილი – წყლის წყაროდ; ტურების ბუნაგში, მათ ყუდროში, ბალახი ლერწამივით და ლელქაშივით იქნება. 8 და შარაგზა იქნება იქ, და სიწმიდის გზა დაერქმევა მას; უწმიდური არ გაივლის მასზე, გზაზე მავალისთვის იქნება იგი, და ბრიყვები არ დაიბნევიან. 9 არ იქნება იქ ლომი და მტაცებელი მხეცი არ აღდგება მასზე, არ გაიჭაჭანებს იქ, და ივლიან გადარჩენილნი. 10 უფლის გამოსყიდულნი დაბრუნდებიან და მივლენ სიონში სიმღერით. და საუკუნო სიხარული იქნება მათ თავზე, და ლხინსა და სიხარულს ეწევიან, დარდი და ოხვრა უკუიქცევა.
თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                      თავი ოცდამეთექვსმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS