ესაია 22

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
221 წარმონათქვამი ხილვათა ხეობაზე. რა მოგივიდა შენ, რომ მთლიანად ახვედი ერდოებზე? 2 მღელვარებით სავსე, ხმაურიანო ქალაქო, შენი დახოცილნი მახვილით არ დახოცილან და არც ბრძოლაში დაღუპულან. 3 ყველა შენი წინამძღოლი ერთად გაიქცა, უმშვილდოდ იქნენ შეპყრობილნი; ყველა, ვინც შენგან დარჩა, ერთად არიან შეპყრობილნი, თუმცა შორს გარბოდნენ ისინი. 4 ამიტომ ვთქვი მე: „პირი შემაქციეთ, მწარედ უნდა ვიტირო მე. ნუ ეცდებით ჩემს ნუგეშისცემას, ჩემი ერის ასულის უბედურების გამო.” 5 რადგან უფალ ცაბაოთისაგან აურზაურისა და მარცხის და დაბნეულობის დღეა, ხილვათა ხეობაში. კედლებს ანგრევენ და მთისაკენ გაჰყვირიან. 6 და ყელამს მიაქვს კაპარჭი მეეტლეებითა და მხედრებით, ხოლო კირი ფარს აშიშვლებს. 7 შენი ნარჩევი ხეობები ეტლებით ივსება და მხედარნი კარიბჭის პირდაპირ დაეწყვნენ. 8 ახდილია იუდას საფარველი, და შენ შეხედე იმ დღეს მაღნარის სასახლის საჭურველს. 9 და იხილეთ თქვენ, რომ გამრავლდა ბზარები დავითის ქალაქში. და აგროვებდით წყალს ქვემო აუზისა, 10 და ითვლიდით იერუსალიმის სახლებს და ანგრევდით იმ სახლებს გალავნის გასამაგრებლად, 11 და მოაწყვეთ საცავი ორ გალავანს შორის ძველი აუზისათვის. არ შეხედეთ მის გამკეთებელს, და ძველთაგან მისი დამსახველი არ დაინახეთ. 12 მოუხმობს უფალი ცაბაოთი იმ დღეს სატირლად და საგლოვად, თმების დასაგლეჯად და ძაძების შესამოსად. 13 მაგრამ აი, ლხინი და მხიარულება! კლავენ ძროხას და ყელს ჭრიან ცხვარს, ჭამენ ხორცსა და სვამენ ღვინოს: „ჭამეთ და სვით, რადგან ხვალ დაიხოცებით”. 14 და ყურში გამიმხილა უფალმა ცაბაოთმა: „არ მიგეტევებათ თქვენ ეს ურჯულოება, მანამ არ დაიხოცებით”, თქვა უფალმა ცაბაოთმა. 15 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „წადი, მიდი ამ სამეფო კარის მოხელესთან, შებნასთან, რომელიც სახლზეა დადგენილი: 16 რა გაქვს აქ და ვინა გყავს აქ, რომ ამოგიკვეთავს აქ შენთვის სამარხი? ის კვეთს თავის სამარხს მაღალზე და კლდეში ჭრის სავანეს თავისთვის. 17 ‘აი, უფალი მოგისვრის შენ ძლიერი მოსროლით და დაკეცვით დაგკეცავს შენ. 18 დაგგორგლავს გორგლად, ბურთივით მოგისვრის ვრცელ მიწაზე; იქ მოკვდები და იქ დარჩება შენი დიდების ეტლები, სირცხვილო შენი ბატონის სახლისა!’ 19 გადაგაყენებ შენი ადგილიდან და შენი მდგომარეობიდან დაგამხობ. 20 და იქნება იმ დღეს: მოვიხმობ ჩემს მსახურს ელიაკიმს, ხილკიაჰუს ძეს, 21 და ჩავაცმევ შენს კვართს და შენს ქამარს შემოვარტყამ წელზე, და შენს ხელმწიფებას გადავცემ მის ხელთ და იქნება ის იერუსალიმის მცხოვრებთა და იუდას სახლის მამად. 22 დავადებ მხარზე დავითის სახლის გასაღებს, დაკეტავს და არავინ იქნება გამღები, გააღებს და არავინ იქნება დამკეტი. 23 პალოსავით ჩავარჭობ მას მყარ ადგილზე, და იქნება ის დიდების ტახტად თავისი მამის სახლისათვის. 24 და ჩამოჰკიდებენ მას მამამისის სახლის მთელ დიდებას – შთამომავალსა და ნაშიერს, ყველა მცირე ჭურჭელს – ტაშტეულობიდან ყოველ დოქამდე. 25 „იმ დღეს, – ამბობს უფალი ცაბაოთი, – მოირყევა მყარ ადგილში ჩარჭობილი პალო, გადატყდება და დაეცემა, და მოწყდება ტვირთი, რომელიც მასზეა, რადგან უფალმა თქვა.”
თავი ოცდამეერთე                                                                                                                             თავი ოცდამესამე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close