ძველი აღთქმა
ესაია
21 სიტყვა, რომელიც იხილა ესაიამ, ამოცის ძემ, იუდასა და იერუსალიმის შესახებ. 2 და იქნება, უკანასკნელ დღეებში განმტკიცდება მთა უფლის სახლისა, მთების სათავეში დადგინდება, და ამაღლდება ბორცვებზე, და დინებას დაიწყებს მისკენ ყველა ერი. 3 და წავლენ მრავალი ხალხები და იტყვიან: „მოდით და ავიდეთ უფლის მთაზე იაკობის ღმერთის სახლში, და ის გვასწავლის ჩვენ თავის გზებს, და ვივლით მისი ბილიკებით.” რადგან სიონიდან გამოვა რჯული, და უფლის სიტყვა – იერუსალიმიდან. 4 და გაასამართლებს ის ერებს, და ამხილებს ის მრავალ ხალხებს; და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას. 5 სახლო იაკობისა, მოდით და ვიაროთ უფლის ნათელში! 6 მაგრამ შენ მიატოვე შენი ხალხი, სახლი იაკობისა, რადგან გაივსნენ აღმოსავლეთიდან და მისნობენ ფილისტიმელთა და უცხოტომელთა მსგავსად; და უცხოტომელთა შვილებით კმაყოფილდებიან. 7 და გაივსო მისი ქვეყანა ვერცხლითა და ოქროთი, და ბოლო არ უჩანს მათ საგანძურს; აივსო მათი ქვეყანა ცხენებით, და ბოლო არა აქვს მის ეტლებს. 8 და გაივსო მისი ქვეყანა კერპებით, თავიანთი ხელის ნაკეთებს სცემენ თაყვანს, იმას, რაც მათმა თითებმა გააკეთეს. 9 და დამდაბლდა ადამიანი და დამცირდა კაცი; და შენ ნუ შეუნდობ მათ. 10 შეასწარ კლდეში და დაიმალე მიწაში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან. 11 ადამიანის თვალთა ქედმაღლობა დამცირდება, და კაცთა ამპარტავნება დამდაბლდება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს. 12 რადგან უფალი ცაბაოთის დღე იქნება ყოველ ქედმაღალსა და ამპარტავანზე და ყოველ ამაღლებულზე. და დამცირდება ის; 13 და ლიბანის ყველა მაღალ და აშოლტილ კედარზე, ბაშანის ყველა მუხაზე; 14 და ყველა მაღალ მთაზე და ყველა ამაღლებულ ბორცვზე, 15 და ყველა მაღალ კოშკზე და ყველა გამაგრებულ გალავანზე; 16 და თარშიშის ყველა ხომალდზე და ყველა სასურველ ნივთზე. 17 დამდაბლდება ადამიანის ქედმაღლობა, და დამცირდება კაცთა ამპარტავნება, და მარტო უფალი განდიდდება იმ დღეს. 18 და კერპები მთლიანად გაქრებიან. 19 და ადამიანები ჩაძვრებიან კლდეთა გამოქვაბულებში და მიწის ხვრელებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როდესაც ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად. 20 იმ დღეს გადაყრის ადამიანი თავის ვერცხლის კერპებს და თავის ოქროს კერპებს, რომლებიც გაიკეთა მან თხუნელებისა და ღამურების თაყვანის საცემად. 21 და ჩაიმალებიან მთის ბზარებში და კლდეთა ნაპრალებში უფლის შიშისაგან და მისი დიდებულების ბრწყინვალებისაგან, როცა ის აღდგება ქვეყნის მოსასპობად. 22 ნუ მიენდობით ადამიანს, რომლის სუნთქვაც მის ნესტოებშია, რადგან რამდენად შეფასდება იგი?
COMMENTS