ძველი აღთქმა
ესაია
531 ვინ ირწმუნა ჩვენს მიერ მოსმენილი? და ვისზე გამოჩნდა მკლავი უფლისა? 2 ამოვიდა, როგორც ყლორტი მის წინაშე და როგორც ფესვი ურწყული მიწიდან, არც ტანადობა ჰქონია მას, არც დიდებულება, რომ გვეცქირა მისთვის, არც გარეგნობა, რომ მივეზიდეთ. 3 შესაზიზღი იყო ის და კაცთაგან მიტოვებული, გატანჯული და დასნეულებული. და ჩვენ სახეს ვარიდებდით მას, შესაზიზღი იყო და არაფრად ვაგდებდით. 4 მაგრამ იტვირთა მან ჩვენი სნეულებანი და ჩვენი ტკივილებით გაიტანჯა, ჩვენ კი ვფიქრობდით, რომ ნაგვემი იყო, ღმერთის მიერ ნაცემი და წამებული. 5 მაგრამ ის დაჭრილი იყო ჩვენს დანაშაულთა გამო, დალეწილი – ჩვენი ურჯულოების გამო; ჩვენი სასჯელი მასზე იყო; და მისი ჭრილობებით ჩვენ განვიკურნეთ. 6 ჩვენ ყველანი ცხვრებივით გზას ავცდით და თითოეული ჩვენგანი თავის გზას დაადგა. და უფალმა მას დააკისრა, ყველა ჩვენგანის ურჯულოება. 7 შევიწროვებული იყო და წამებული, მაგრამ არ გაუხსნია თავისი ბაგე, როგორც კრავი, დასაკლავად რომ მიჰყავთ, და როგორც ცხვარი, მის მპარსველთა წინაშე რომ დუმს . 8 პატიმრობიდან და სამსჯავროდან იქნა წაყვანილი, და მის მოდგმაზე ვინ ილაპარაკებს? რადგან მოკვეთილ იქნა ცოცხალთა ქვეყნიდან, ჩემი ხალხის დანაშაულის გამო განიგმირა. 9 და ბოროტმოქმედებთან მიეცა საფლავი, მაგრამ მდიდრებთან იყო თავის სიკვდილში; თუმცა არ ჩაუდენია მას ძალადობა და სიცრუე არ იყო მის ბაგეში. 10 მაგრამ უფალს სურდა მისი დალეწვა, მისი დასნეულება; თუ დასდებს ის თავის სულს დანაშაულის მსხვერპლად, იხილავს ის შთამომავლობას, გაიგრძელებს დღეებს, და უფლის ნება მისი ხელით მიაღწევს წარმატებას. 11 თავისი სულის ჯაფისაგან იხილავს ნათელს და დაკმაყოფილდება; თავისი სიბრძნით მრავალთ გაამართლებს ჩემი მართალი მსახური; და მათ ცოდვებს ის იტვირთავს. 12 ამიტომ ბევრს მივცემ მას წილად და ძლიერებთან გაინაწილებს ის ნადავლს, იმის სანაცვლოდ, რომ სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და დამნაშავეთათვის იშუამდგომლა.
COMMENTS