ძველი აღთქმა
ესაია
381 იმ დღეებში ავად გახდა ხიზკიაჰუ და მივიდა მასთან ესაია, ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა მას: „ასე თქვა უფალმა: ანდერძი დაწერე შენი სახლისათვის, რადგან მოკვდები, ვერ გადარჩები!” 2 და მიატრიალა ხიზკიაჰუმ პირი კედლისაკენ და შეევედრა უფალს; 3 ამბობდა: „გთხოვ, უფალო! გაიხსენე, რომ დავდიოდი შენს წინაშე ჭეშმარიტებით და მთელი გულით, და რაც კეთილია შენს თვალში, იმას ვაკეთებდი.” და მწარედ ატირდა ხიზკიაჰუ. 4 იყო სიტყვა უფლისა ესაიასადმი: 5 „წადი და უთხარი ხიზკიაჰუს: ასე თქვა უფალმა, დავითის, შენი მამის, ღმერთმა: ‘ვისმინე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლები. აჰა, მე ვუმატებ შენს დღეებს თხუთმეტ წელს. 6 გიხსნით შენ და ამ ქალაქს აშურის მეფის ხელიდან.’ 7 ეს იყოს შენთვის ნიშნად უფლისაგან, რომ შეასრულებს უფალი იმ სიტყვას, რომელიც მან წარმოსთქვა: 8 ‘ავაბრუნებ საფეხურებზე ჩრდილს, რომელიც ახაზის საფეხურებზე ჩავიდა მზესთან ერთად, ათი საფეხურით უკან.’ და მართლაც დაბრუნდა მზე ათი საფეხურით, რომლითაც ის ჩავიდა. 9 წერილი ხიზკიაჰუსი, იუდას მეფისა, როდესაც ავად იყო და განიკურნა თავისი ავადმყოფობისაგან. 10 მე ვთქვი: „ჩემი დღეების შუაძალში გავივლი შავეთის კარიბჭეს, მომაკლდება დანარჩენი წლები.” 11 ვთქვი: „ვერ ვიხილავ უფალს, უფალს ცოცხალთა ქვეყანაში, ვეღარ დავინახავ ადამიანს ქვეყნიერების მცხოვრებთა შორის. 12 ჩემი წუთისოფელი აყრილია და წაღებულია ჩემგან, როგორც მწყემსის კარავი. მქსოველივით ვახვევდი ჩემს ცხოვრებას; და დგიმის ძირშივე მომკვეთა მე. დღიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა. 13 დილამდე ვიმხნევებდი თავს, მაგრამ ლომივით მილეწდა მთელ ძვლებს, დილიდან ღამემდე ბოლოს მიღებდა. 14 ვჟიოდი მერცხალივით, წეროსავით ვყიოდი, როგორც მტრედი, ვკვნესოდი, ცისკენ იყო მიპყრობილი ჩემი თვალები. უფალო, გამიჭირდა, შემეშველე! 15 რა შემიძლია ვთქვა? მან მითხრა და მანვე აღასრულა. ვიხეტიალებ მთელი წლები ჩემი სულის სიმწარეში. 16 უფალო! ამით ცოცხლობენ, და ყოველივე ამაშია ჩემი სულის სიცოცხლე. შენ განმკურნავ და გამაცოცხლებ მე. 17 აჰა, სიმრთელისთვის მქონდა მე დიდი სიმწარე, და შენ მოინებე ჩემი სული წარსაწყმედელიდან, რადგან შენს ზურგს უკან გადაყარე ყველა ჩემი ცოდვა. 18 რადგან შავეთი არ გაქებს შენ, სიკვდილი არ შეგასხამს ხოტბას, საფლავად ჩამავალნი არ დაენდობიან შენს ჭეშმარიტებას. 19 ცოცხალი! ცოცხალი – ის შეგაქებს შენ, როგორც მე გაქებ დღეს. მამა შვილებს აუწყებს შენს ჭეშმარიტებას. 20 უფალია ჩემს სახსნელად, და ჩემს სიმღერებს ვიმღერებთ მთელი ჩვენი სიცოცხლე უფლის სახლში.” 21 და თქვა ესაიამ: „მოუტანონ ლეღვის კვერი და წააცხონ წყლულზე და გადარჩება.” 22 თქვა ხიზკიაჰუმ: „რა სასწაულია, რომ ავალ უფლის სახლში?”