HomeUncategorized

ესაია 23

ძველი აღთქმა
ესაია
231 წარმონათქვამი ცორზე: იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან ცორი გაპარტახდა, აღარც სახლია, აღარც შესასვლელი. კვიპროსის ქვეყნიდან ეცნობათ ეს ამბავი. 2 დადუმდით, სანაპიროს მცხოვრებნო, ციდონის ვაჭრებო, ზღვაოსნები გავსებდნენ შენ. 3 და ბევრ წყლებშია შიხორის თესლი, ნილოსის სამკალი იყო მისი მოსავალი და ხალხების ბაზარი იყო იგი. 4 გრცხვენოდეს, ციდონ, რადგან ასე თქვა ზღვამ, ზღვის სიმაგრემ: „არ მიტანჯია მე მშობიარობით, არ მიშობია და არ გამიზრდია მე ჭაბუკნი, არ აღმიზრდია ქალწულები.” 5 როდესაც ამბავი მივა ეგვიპტემდე, აცახცახდებიან ისინი ცორის ამბის გაგონებაზე. 6 გადადით თარშიშში! იქვითინეთ, კუნძულის მცხოვრებნო. 7 ესაა თქვენი მხიარული ქალაქი, რომლის დასაბამი ძველთაძველია? ფეხები შორეთში დაატარებენ ხიზნად. 8 ვინ გადაუწყვიტა ეს ცორს, გვირგვინთა დამრიგებელს, რომლის სოვდაგარნი დიდებულნი არიან, ვაჭარნი – ქვეყნის ღირსეულნი? 9 უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა შეებღალა ქედმაღლობა ყოველგვარი მშვენებისა, დაემცირებინა ქვეყნის ყველა ღირსეული. 10 გადაიარე შენი ქვეყანა, როგორც მდინარე, თარშიშის ასულო, უკვე აღარაა დაბრკოლება. 11 მან თავისი ხელი მოიღერა ზღვაზე, შეძრა სამეფოები; უფალმა ბრძანა ქანაანზე – შეემუსრათ მისი ციხე-სიმაგრენი. 12 თქვა მან: „აღარ იმხიარულებ მეტად, შერცხვენილო ქალწულო, ციდონის ასულო! ადექი, გადაიარე კვიპროსი, მაგრამ არ იქნება შენთვის მოსვენება.” 13 აჰა, ქალდეველთა ქვეყანა. ეს ხალხი აღარ არის. აშურმა დააფუძნა ის ველურთათვის. მათ აღმართეს საბრძოლო კოშკები, დაანგრიეს მისი სასახლენი, გადააქციეს ნანგრევებად. 14 იქვითინეთ, თარშიშის ხომალდებო, რადგან თქვენი სიმაგრე შემუსვრილია. 15 და მოხდება იმ დღეს, დავიწყებული იქნება ცორი სამოცდაათ წელს, ერთი მეფის ცხოვრების დღეების კვალობაზე; სამოცდაათი წლის ბოლოს დაემართება ცორს, რაც მეძავის სიმღერაშია: 16 „აიღე ქნარი, შემოიარე ქალაქი, დავიწყებულო მეძავო! კარგად დაუკარი, ბევრი იმღერე, რათა გაგიხსენონ შენ!” 17 და მოხდება, სამოცდაათი წლის შემდეგ მოინახულებს უფალი ცორს. და ისევ დაუბრუნდება ცორი თავის სიძვის გასამრჯელოს და ისიძვებს ქვეყნის ყველა სამეფოსთან დედამიწის ზურგზე. 18 და იქნება მისი სავაჭრო და სიძვის გასამრჯელო მიძღვნილი უფლისადმი; არ დაგროვდება საგანძურებსა და საწყობებში, რადგან უფლის წინაშე მცხოვრებთათვის იქნება მისი საქონელი საძღომ საჭმელად და დიდებულ შესამოსელად.
თავი ოცდამეორე                                                                                                                             თავი ოცდამეოთხე
Newer Post
Older Post

COMMENTS