ესაია 57

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

571 იღუპება მართალი და არ არის კაცი, გულთან მიმტანი, და მადლის კაცები წაყვანილნი არიან. არავის ესმის, რომ ბოროტების გამოა წაყვანილი მართალი. 2 ის შედის მშვიდობაში, განისვენებს თავის სარეცელზე, ვინც დადის თავის სწორ გზაზე. 3 „მოახლოვდით აქ, გრძნეული ქალის ძენო, თესლო მრუშისა და მეძავისა. 4 ვის დასცინით? ვისზე მოგირღვევიათ პირი, იგრძელებთ ენას? თქვენ ხომ დანაშაულის შვილები ხართ, სიცრუის თესლი? 5 მუხებში, ყოველი აყვავებული ხის ძირას აღგზნებულნი, ხევებში და კლდეთა ნაპრალების ძირში ბავშვების მხოცველნი? 6 ხევის სიპებშია შენი წილი, ისინია შენი ხვედრი. მათთვისაც უღვრიდი შენ საღვრელს, მიართმევდი ძღვენს. დავწყნარდები მე ამით? 7 მაღალ და აღმართულ მთაზე მოაწყვე შენი საწოლი, იქაც ადიხარ მსხვერპლის შესაწირად. 8 და კარებს უკან და წირთხლს უკან დასდე შენი სამახსოვრო ნიშნები; რადგან გამშორდი შენ და აღზევდი, ფართე ჰყავი შენი საწოლი და კავშირი დაამყარე მათთან, მათი საწოლიც შეიყვარე და იხილე მათი კაცობა. 9 ეცხადებოდი მეფეს ზეთით გაპოხილი, და აუხვებდი შენს ნელსაცხებლებს, და გზავნიდი შენს მაცნეებს შორეთამდე და შავეთამდე მდაბლდებოდი. 10 შენს გრძელ გზაზე იღლებოდი, მაგრამ არ გითქვამს: ‘ფუჭიაო!’ შენს ხელში სიცოცხლეს პოულობდი, ამიტომ არ ძაბუნდებოდი. 11 ვის უფრთხოდი და ვისი გეშინოდა, როცა მომატყუე და არ გამიხსენე? გულთან არ მიიტანე? რომ ვდუმდი დიდხანს, ამიტომ არ გეშინოდა ჩემი? 12 მე გამოვაცხადებ შენს სიმართლეს და შენს საქმეებს, და სარგებლობას არ მოგიტანენ. 13 როცა აყვირდები, გიშველოს შენი კერპების კრებულმა! მაგრამ მათ ყველას ქარი წაიღებს, ქროლვა გააქანებს, ჩემი მოიმედე კი დაიმკვიდრებს მიწას, და ჩემს წმიდა მთას დაეპატრონება.” 14 და თქვა: „მოასწორეთ, მოასწორეთ, გაამზადეთ გზა, მოაშორეთ დაბრკოლება ჩემი ხალხის გზიდან!” 15 რადგან განდიდებული და ამაღლებული ამბობს ასე, მარადმყოფი და რომლის სახელი წმიდაა: „მაღალ და წმიდა ადგილზე ვდგავარ მე, მაგრამ შემუსვრილთან და სულით თვინიერთან, რათა გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული. 16 რადგან საუკუნოდ არ ვიდავებ და არც უკუნისამდე ვიმრისხანებ მე, რადგან დაუძლურდება ჩემს წინაშე სული და სამშვინელნი, მე რომ შევქმენი. 17 მისი სიხარბის ცოდვის გამო განვრისხდი და დავცხე მას, დავმალე სახე და ვმრისხანებდი, ის კი, განდგომილი, დადიოდა თვისი გულის გზით. 18 მისი გზები ვიხილე მე, მაგრამ განვკურნავ მას და წავიყვან, ვანუგეშებ და გავამართლებ მის მგლოვიარეთ 19 და გავაჩენ ბაგეთა ნაყოფს: მშვიდობა, მშვიდობა შორებელს და ახლობელს,” – ამბობს უფალი, – „და განვკურნავ მას!” 20 ბოროტეულნი კი ზღვასავით ბობოქრობენ, როცა ვერ ცხრება, და ანთხევს მისი წყალი შლამსა და ტალახს. 21 „არაა მშვიდობა, – ამბობს ჩემი ღმერთი, – ბოროტეულთათვის!”.
თავი ორმოცდამეთექვსმეტე                                                                                   თავი ორმოცდამეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close