ესაია 47

ივლისი 9, 2015

ძველი აღთქმა
ესაია

471 „ჩამოდი და ჩაჯექი მტვერში, ქალწულო, ბაბილონის ასულო, დაჯექი მიწაზე უტახტოდ, ქალდეველთა ასულო, რადგან მეტად აღარ გიწოდებენ შენ ნაზსა და სათუთს. 2 აიღე დოლაბი და დაფქვი ფქვილი, გადაიწიე საფარველი, აიწიე კალთა, გაიშიშვლე წვივი, გადაიარე მდინარეები. 3 გამოჩნდება შენი სიშიშვლე და დანახულ იქნება შენი სირცხვილი. შურს ვიძიებ და ვერავინ დამაბრკოლებს.” 4 ჩვენი გამომხსნელის სახელია უფალი ცაბაოთი, ისრაელის წმიდა. 5 ჩუმად იჯექი, მიდი სიბნელეში, ქალდეველთა ასულო, რადგან აღარ გიწოდებენ სამეფოთა დედოფალს. 6 მე განვურისხდი ჩემს ხალხს, გავარიოშე ჩემი სამკვიდრო და შენს ხელთ გადმოვეცი ისინი, მაგრამ შენ არ მოიღე მათზე წყალობა, მოხუცს მეტისმეტად დაუმძიმე შენი უღელი. 7 ამბობდი: ‘საუკუნოდ ვიქნები დედოფალი!’ არ მიიტანე ეს შენს გულთან, არ გაიხსენე მისი ბოლო. 8 ახლა კი, ისმინე ეს, ნებიერო, უსაფრთხოდ მჯდომარევ, რომ ამბობ შენს გულში: ‘მე ვარ და არავინაა ჩემს გარდა, არ დავჯდები ქვრივად და არ მეცოდინება შვილმკვდრობა!’ 9 მაგრამ გეწევა ეს ორი უცბად ერთ დღეს: შვილმკვდრობა და სიქვრივე სრულად დაგატყდება თავს, მიუხედავად შენი ბევრი ჯადოქრობისა, მიუხედავად შენს გრძნეულებათა ძალისა. 10 დაიმედებული იყავი ბოროტის ქმნისას, ამბობდი: ‘არავინ მხედავს მე!’ შენმა სიბრძნემ და შენმა ცოდნამ გაგრყვნა, შენ კი ამბობდი შენს გულში: ‘მე ვარ და არავინაა ჩემს გარდა!’ 11 თავს დაგატყდება ბოროტება, არ გეცოდინება მისი შელოცვა. დაგეცემა უბედურება, ვერ შესძლებ მისგან გამოსყიდვას. უცებ დაგატყდება თავს უბედურება, რასაც არ ელი. 12 იდექი ახლა შენს გრძნეულებებზე და შენს უამრავ ჯადოქრობაზე, რომელთა გამოც შრომობდი შენი სიყმაწვილიდან; იქნებ შეძლო სარგებლობის მიღება, იქნებ გამაგრდე. 13 დაქანცული ხარ მრავალ რჩევათაგან, მოდგნენ ცისმზომელები, ვარსკვლავთმჭვრეტელები, ახალმთავრობათა მცოდნენი, და გიხსნან იმისგან, რაც უნდა დაგატყდეს თავს. 14 ბზესავით გახდნენ, ცეცხლმა დაწვა ისინი, ვერ იხსნეს საკუთარი თავი ალისაგან, არ დარჩა ნაკვერცხალი გასათბობად, ცეცხლი – მის წინ ჩამოსაჯდომად. 15 ასეთები გახდნენ შენთვის ისინი, რომლებთანაც შრომობდი შენ, რომლებთანაც ვაჭრობდი სიყმაწვილიდან; თითოეული თავის გზაზე წახეტიალდა, არავინ არის შენი მხსნელი!
თავი ორმოცდამეექვსე                                                                                                         თავი ორმოცდამერვე

კომენტარის დატოვება

Close
Close