ესაია 37

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
371 და როდესაც მოისმინა ეს მეფე ხიზკიაჰუმ, მაშინ შემოიხია თავისი ტანსაცმელი, და ძაძით შეიმოსა და მივიდა უფლის ტაძარში. 2 და გაგზავნა ელიაკიმი, რომელიც სასახლეზე იყო დადგენილი, და შებნა მწერალი და მღვდელთა უხუცესნი, ძაძით დაფარულნი, წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან. 3 და უთხრეს მას: „ასე თქვა ხიზკიაჰუმ: ‘უბედურების, დასჯისა და შეგინების დღეა ეს დღე, რადგან ყრმებმა მოაღწიეს საშომდე და ძალა არაა შობისა. 4 იქნებ მოისმინოს შენმა უფალმა ღმერთმა რაბშაკეს სიტყვები, რომელიც მისმა ბატონმა აშურის მეფემ გამოგზავნა ცოცხალი ღმერთის საგინებლად და დასაჯოს იმ სიტყვების გამო, რომელიც მოისმინა შენმა უფალმა ღმერთმა. აღავლინე ლოცვა დარჩენილთათვის, ვინც აქ არიან.” 5 მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს წარგზავნილნი ესაიასთან, 6 და უთხრა მათ ესაიამ: „ასე უთხარით თქვენს ბატონს: ასე თქვა უფალმა: ‘ნუ გეშინია ამ სიტყვებისა, რომლებიც მოისმინე, რითაც მე მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი. 7 აჰა, მე ჩავდებ მასში სულს და შეიტყობს ამბავს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში, და მახვილით დავცემ მის ქვეყანაში.” 8 დაბრუნდა რაბშაკე და ჰპოვა აშურის მეფე ლიბნასთან მებრძოლი, რადგან შეიტყო, რომ ლაქიშიდან აყრილიყო. 9 შეიტყო თირჰაკაზე, ეთიოპიის მეფეზე, „გამოვიდა შენთან საბრძოლველად.” ისმინა და გაგზავნა მაცნენი ხიზკიაჰუსთან სათქმელად: 10 „ასე უთხარით ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს: ‘ნუ გაცდუნებს შენი ღმერთი, რომლის იმედიც გაქვს, რომ გეუბნება: ‘არ გადაეცემა იერუსალიმი აშურის მეფის ხელთ!’ 11 აჰა, შენ შეიტყვე, რაც აშურის მეფეებმა გაუკეთეს მთელ ქვეყნებს, რომ დაამხეს ისინი, და შენ გადარჩები? 12 თუ იხსნეს ისინი ღმერთებმა იმ ხალხებისა, რომლებიც ჩემმა მამებმა ააოხრეს? გოზანი და ხარანი, და რეცეფი და ძენი ედენისა, თელასარში რომ იყვნენ? 13 სად არის ხამათის მეფე და არფადის მეფე, ქალაქ სეფარვაიმის, ჰენაყის და ყივას მეფე?” 14 და აიღო ხიზკიაჰუმ წერილი მაცნეთა ხელიდან და წაიკითხა. ავიდა უფლის ტაძარში და გაშალა იგი ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე. 15 და ასე ევედრებოდა ხიზკიაჰუ უფალს: 16 „უფალო ცაბაოთ, ღმერთო ისრაელისა, მჯდომო ქერუბიმებზე! მარტო შენა ხარ ღმერთი ქვეყნის ყველა სამეფოსი, შენ შექმენი ცა და ქვეყანა. 17 დახარე, უფალო, შენი ყური და მოისმინე. გაახილე, უფალო, შენი თვალი და ისმინე ყოველი სიტყვა სანხერიბისა, რომელმაც გამოგზავნა ცოცხალი ღმერთის საგინებლად. 18 მართალია, უფალო, აშურის მეფეებმა გაატიალეს ყველა ხალხი და მათი ქვეყანა; 19 ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგანაც ღმერთები არ არიან ისინი, არამედ ადამიანის ნახელავი, ხე და ქვა, და მოსპეს კიდეც ისინი. 20 და ახლა, ჩვენო უფალო ღმერთო, გვიხსენ ჩვენ მისი ხელიდან და შეიტყობს ქვეყნის ყველა სამეფო, რომ მარტო შენა ხარ უფალი.” 21 და გაგზავნა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუსთან სათქმელად: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: ‘პასუხად იმისა, რასაც მევედრებოდი სანხერიბზე, აშურის მეფეზე, 22 აჰა, სიტყვა, რომელიც წარმოსთქვა უფალმა მასზე: აბუჩად აგიგდო შენ, დაგცინა შენ, ქალწულო, ასულო სიონისა! შენს უკან თავი გააქნია, ასულო იერუსალიმისა. 23 ვინ ძრახე და ვის აგინე შენ? და ვისზე აიმაღლე ხმა და მაღლა ააპყარ შენი თვალი? ისრაელის წმიდაზე! 24 შენი მონების ხელით აგინებდი უფალს და თქვი: ‘ჩემი მრავალი ეტლით ავედი მთების სიმაღლეზე, ლიბანის კალთებზე და მოვჭერი მისი მაღალი კედრები, მისი რჩეული კვიპაროსები. მივაღწიე მისი სიმაღლის ბოლომდე, მის ნაყოფიერ ტყემდე. 25 ამოვთხარე და დავლიე წყალი და ჩემი ფეხის ნაბიჯებით ამოვაშრე ეგვიპტის ყველა მდინარე.’ 26 განა არ გსმენია? ადრიდანვე ვქმენ ეს, ძველთაგანვე დავსახე ეს. ახლა კი მოვაწევ ამას, რათა გამაგრებული ქალაქები ნანგრევების გროვად იქცეს. 27 და მისი უძლური მცხოვრებნი შეცბუნდნენ და შერცხვნენ, გახდნენ როგორც მინდვრის ბალახი და მწვანე მოლი, როგორც ერდოს ხავსი, როგორც მწიფობამდე დახრუკული თავთავი. 28 შენი დაჯდომა და შენი გამოსვლა და შენი მოსვლა ვიცი მე, და შენი დრტვინვა ჩემს წინააღმდეგ. 29 რადგან შენმა დრტვინვამ ჩემს წინააღმდეგ და შენმა ხმაურმა ამოაღწია ჩემს ყურამდე; გაგიყრი ჩემს ხარტუკს ცხვირში და ჩემს ლაგამს – ყბებში, და დაგაბრუნებ იმ გზით, რომლითაც მოხვედი. 30 და ეს იქნება, ნიშნად შენთვის: იჭამოს ამ წელს ნაგერალი და მეორე წელს – თავისით ამოსული, მესამე წელს კი დათესეთ და მომკეთ, გააშენეთ ვენახები და ჭამეთ მათი ნაყოფი. 31 იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი ისევ ჩაუშვებს დაბლა ფესვს და ნაყოფს გამოიღებს მაღლა. 32 რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნატამალი და გადარჩენილი – სიონის მთიდან, უფალ ცაბაოთის შური იქმს ამას. 33 ამიტომ ასე თქვა უფალმა აშურის მეფეზე: არ ამოვა ის ამ ქალაქში და არ ისვრის აქ ისარს, არ მიადგება მას ფარით და არ დაყრის მის წინააღმდეგ მიწაყრილს. 34 იმავე გზით, რომლითაც მოვიდა, გაბრუნდება, არ მოვა ამ ქალაქში სიტყვა უფლისა. 35 მე დავიცავ ამ ქალაქს, რათა ვიხსნა ის ჩემი გულისათვის და ჩემი მსახურის, დავითის გულისათვის.” 36 გამოვიდა უფლის ანგელოზი და დასცა აშურელთა ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და აჰა, ნახეს, რომ მკვდარი გვამები არიან ყველანი. 37 აიყარა და წავიდა სანხერიბი, აშურის მეფე და ცხოვრობდა ნინევეში. 38 და ერთხელ, როდესაც თაყვანს სცემდა ნისროქს, თავის ღმერთს, მის სახლში, ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა, დასცეს ის მახვილით, და გაიქცნენ არარატის ქვეყანაში და გამეფდა ასარხადონი, მისი ძე, მის ნაცვლად.
თავი ოცდამეთექვსმეტე                                                                                                         თავი ოცდამეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close