HomeUncategorized

ესაია 10

ძველი აღთქმა
ესაია
101 ვაი მათ, რომლებიც უსამართლო კანონებს გამოსცემენ, და შეურაცხმყოფელ გადაწყვეტილებებს წერენ, 2 რათა გაამრუდონ ღატაკთა სამართალი და უფლება წაართვან ჩემი ხალხის ღარიბთ, რათა ქვრივნი მათი ნადავლი გახდნენ და ობოლნი გაძარცვონ. 3 მაგრამ რას გააკეთებთ მოკითხვისა და დაღუპვის დღეს, შორიდან რომ მოვა? ვისთან გაიქცევით შემწეობისათვის და სად დატოვებთ თქვენს ღირსებას? 4 მხოლოდ მუხლს მოიყრიან ტყვეებივით ან დაეცემიან დახოცილთა შორის. მაგრამ მაინც არ შებრუნდება მისი რისხვა და მისი ხელი კვლავ მოღერებულია. 5 ოი, აშურო, კვერთხო ჩემი წყრომისა! არგანი მათ ხელში ჩემი მრისხანებაა! 6 უღმრთო ხალხზე ვაგზავნი მას და ჩემი წყრომის ხალხზე ვუბრძანებ მას, რომ გაძარცვოს და წამოიღოს ნადავლი და დაყაროს გასათელად ქუჩების ტალახივით. 7 მაგრამ ის ასე არ ფიქრობს და მისი გული სხვას იზრახავს, რადგან მის გულშია, გაანადგუროს და მოსპოს მრავალი ხალხი. 8 რადგან ის ამბობს: „განა ყველა ჩემი მთავარი მეფე არ არის?” 9 განა ქარქემიშივით არ არის ქალნო? განა არფადივით არ არის ხამათი? განა დამასკოსავით არ არის სამარია? 10 როგორც მოძებნა ჩემმა ხელმა კერპთა სამეფონი, რომელთაც უფრო მეტი ძეგლები აქვთ, ვიდრე იერუსალიმსა და სამარიაშია, 11 განა, როგორც სამარიასა და მის კერპებს მოვექეცი, ისე არ მოვექცევი იერუსალიმს და მის ძეგლებს? 12 და როდესაც დაასრულებს უფალი მთელ თავის საქმეს სიონის მთაზე და იერუსალიმში, იტყვის: „მე დავსჯი აშურის მეფეს მისი დიდგულების ნაყოფის გამო.” 13 რადგან თქვა მან: „ჩემი ხელის ძალით და ჩემი სიბრძნით გავაკეთე ეს, რადგან გონიერი ვარ მე, წავშლი ხალხთა საზღვრებს, მათ მარაგებს დავიტაცებ და მცხოვრებთ დავამხობ ძლიერივით. 14 იპოვა ჩემმა ხელმა სიმდიდრე ხალხთა, როგორც ჩიტის ბუდე, როგორც მიტოვებულ კვერცხებს აგროვებენ, ისე შევაგროვე მე მთელი ქვეყანა; და არავინ იყო ფრთის შემრხევი, პირის გამღები და მოჟღურტულე.” 15 იტრაბახებს ცული მისით მჩეხელზე? ან ხერხი განდიდდება მის ამწევზე? თითქოს კვერთხი შეირხევა მის აღმმართველზე? არგანი თავად აღიმართება, თითქოს ხე არ იყოს? 16 ამიტომ მოავლენს უფალი ცაბაოთი მის მსუქნებზე სიმჭლევეს და ალი მოედება მის დიდებას, როგორც ცეცხლის ალი. 17 და იქნება ისრაელის სინათლე ცეცხლად და მისი წმიდა – ალად და იგიზგიზებს და შეჭამს მის მჩხვლეტავ ბუჩქნარსა და მის ნარ-ეკალს ერთ დღეში. 18 და მოსპობს მისი ტყის დიდებას და მის ნაყოფიერ მინდორს სულიდან ხორცამდე, და დადნება, როგორც ავადმყოფი. 19 მისი ტყეების ნარჩენი იმდენად ცოტა იქნება, რომ ყმაწვილიც კი აღნუსხავს მათ. 20 და იქნება იმ დღეს: ისრაელის ნარჩენი და ნატამალი იაკობის სახლისა აღარ დაეყრდნობა მეტად მის მცემელს და ჭეშმარიტად დაეყრდნობა თავის უფალს, ისრაელის წმიდას. 21 შებრუნდა ნარჩენი, ნარჩენი იაკობის სახლისა ძლიერი ღმერთისაკენ. 22 რადგან შენი ხალხი, ისრაელ, ზღვის ქვიშასავითაც რომ იყოს, ნარჩენი დაბრუნდება მისგან, გადაწყვეტილია განადგურება – წამლეკავი სიმართლე. 23 რადგან უფალმა ცაბაოთმა გადაწყვიტა განადგურება, შეასრულებს მთელი ქვეყნის წიაღში. 24 ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი: „ჩემო ხალხო, სიონის მცხოვრებო! ნუ გეშინია აშურისა, რომელიც კვერთხით გცემს და თავის არგანს აღმართავს შენზე ეგვიპტესავით. 25 მაგრამ კიდევ სულ ცოტა ხანიც და გადაივლის წყრომა და ჩემი რისხვა შებრუნდება მათ დასაღუპავად. 26 და აღმართავს მასზე უფალი ცაბაოთი შოლტს, როგორც ყორების კლდესთან მიდიანის დამარცხებისას, და მისი კვერთხი ზღვაზე იქნება და ასწევს მას ეგვიპტესავით. 27 და იქნება იმ დღეს: ჩამოიხსნება მისი ტვირთი შენი მხრებიდან და მისი უღელი შენი ქედიდან და დაილეწება უღელი სიმსუქნის გამო. 28 ის ყაიათზე მიდის, მიგრონს გაივლის, მიქმაშში აყენებს თავის აღალს. 29 გაიარეს მათ გასასვლელი, „გებაყში გავათენებთ ღამეს.” შეიძრა რამა, გაიქცა საულის გიბყა. 30 ხმამაღლა იყვირე, გალიმის ასულო, მოისმინე, ლაიშავ, და საბრალო ყანათოთო! 31 მადმენა გაიქც-გამოიქცა, გებიმის მცხოვრებნიც შეგროვდნენ დასამალავად. 32 ერთ დღესაც დადგება ნობში, ხელს დაუქნევს სიონის ასულის მთას და იერუსალიმის ბორცვს. 33 აი მეუფე, უფალი ცაბაოთი საშინელი ძალით მოწყვეტს ტოტებს, და ტანმაღალნი მოიჭრებიან, და აღზევებულნი დამცირდებიან. 34 და რკინით გაჩეხავს ტყის უღრანებს და ლიბანი ძლიერისგან დაეცემა.
თავი მეცხრე                                                                                                                                     თავი მეთერთმეტე

COMMENTS