ესაია 3

ივლისი 1, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
31 რადგან აჰა, უფალი ცაბაოთი აცლის იერუსალიმსა და იუდას საყრდენს და დასაყრდენს, ყოველგვარ პურის საყრდენსა და ყოველგვარ წყლის საყრდენს, 2 მამაცსა და მებრძოლს, მსაჯულსა და წინასწარმეტყველს, ჯადოსანსა და უხუცესს, 3 ერგასისთავსა და წარჩინებულს, მრჩეველსა და დახელოვნებულ ხუროთმოძღვარს, და გამოცდილ ჯადოქარს. 4 და დავაყენებ ყმაწვილთ მათ მთავრებად და ჩვილნი იმთავრებენ მათზე. 5 და შეავიწროებს ხალხი ერთმანეთს, და თითოეული თავის მოყვასს. გაუთავხედდება ყმაწვილი მოხუცს და მდაბალი – პატივცემულს. 6 როცა ჩაეჭიდება კაცი თავის ძმას თავისი მამის სახლში და ეტყვის: „სამოსელი გაქვს, გახდი ჩვენი უფროსი და იყოს ეს ნგრევა შენს ხელქვეშ!” 7 უპასუხებს ის იმ დღეს ასე: „არ ვიქნები მე უფროსი, როცა ჩემს სახლში არც პურია და არც სამოსელი, ნუ დამაყენებთ მე ხალხის უფროსად!” 8 რადგან წაბორძიკდა იერუსალიმი და დაეცა იუდა, რადგან მათი ენა და მათი მოქმედება უფლის წინააღმდეგაა, რომ განარისხონ თვალნი მისი დიდებისა. 9 მათი სახის გამომეტყველება მოწმობს მათ წინააღმდეგ და თავიანთ ცოდვებს ამჟღავნებენ სოდომივით; არც ფარავენ; ვაი მათ სულებს! რადგან თავიანთ თავთ უზღავენ ბოროტს. 10 აქებდეთ მართალს, რადგან კარგია, რადგან ნაყოფს თავიანთი მოქმედებისას შეჭამენ ისინი. 11 ვაი ბიწიერ ბოროტმოქმედს, რადგან მიეზღვება მას მისი ხელების ნამოქმედარის მიხედვით. 12 ჩემი ხალხია მისი შემავიწროვებელი, ჩვილნი და ქალნი მთავრობენ მასზე; ჩემო ხალხო, შენი წინამძღვარნი გაცთუნებენ შენ და ამრუდებენ ბილიკებს შენი გზისა. 13 დგება უფალი შესაბრძოლებლად და დადგება ხალხთა განსასჯელად. 14 უფალი სამსჯავროზე მოვა მისი ხალხის უხუცესებთან და მთავრებთან ერთად: „თქვენ ააოხრეთ ვენახი და ღარიბების ნაძარცვი თქვენს სახლებშია. 15 რატომ ავიწროებთ ჩემს ხალხსა და აჭირვებთ ღარიბ-ღატაკთ?” სიტყვა უფლისა, უფალ ცაბაოთისა. 16 და თქვა უფალმა: „რადგან გაამაყდნენ სიონის ასულნი და დადიან ყელმოღერებულნი და თვალთა თამაშით, გამოდიან ცუნცულით და თავიანთ ფეხთა მოსართავთა ჟღარუნით, 17 გაუქაჩლებს თხემს უფალი სიონის ასულთ; და გამოაჩენს უფალი მათ სიშიშვლეს.” 18 იმ დღეს შემოაცლის უფალი ფეხის მოსართავთა ბრწყინვალებას და თმის ბადეებს და ნახევარმთვარეებს, 19 საყურეებს, სამაჯურებსა და საბურველებს, 20 თავსაბურავებს და კოჭის ძეწკვებს, დასტანგებს და ბაფთებს, სურნელის კოლოფებს და თილისმებს, 21 ბეჭდებსა და ცხვირის რგოლებს, 22 მოხდენილ ტანსაცმელსა და ფარდაგებს, ხელმანდილებსა და ქისებს, 23 გამჭვირვალეებს და ძვირფას ქსოვილებს, დოლბანდებსა და თხელ მოსასხამებს; 24 და იქნება სუნამოს ნაცვლად ხრწნა, სარტყლის ნაცვლად – წყლული, ვარცხნის ნაცვლად – თავის სიქაჩლე, კოხტა სარტყლის ნაცვლად – ძაძის სარტყელი, სილამაზის ნაცვლად – დაღი. 25 შენი ვაჟკაცნი მახვილით დაეცემიან და შენი მამაცები – ბრძოლაში. 26 და იქვითინებენ და იგლოვებენ მისი ბჭენი; და გამოცარიელებული დაჯდება მიწაზე.
თავი მეორე                                                                                                                                               თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close