ძველი აღთქმა
ესაია
611 უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართ – ბორკილების ახსნა; 2 გამოვაცხადო უფლის სასურველი წელი და ჩვენი ღმერთის შურისგების დღე, რათა ვანუგეშო ყველა მგლოვიარე. 3 დავადგენ, რათა სიონის მგლოვიარეთ მიეცეს გვირგვინი ნაცრის ნაცვლად, მხიარულება – გლოვის ნაცვლად, ქება-დიდების სამოსელი – სასოწარკვეთის ნაცვლად. და უწოდებენ მათ მუხებს, უფლის დარგულთ, მის სადიდებლად. 4 და ააშენებენ ისინი ძველთაძველ ნანგრევებს, წინანდელ ნაოხარს აღადგენენ. და განაახლებენ დანგრეულ ქალაქებს, ძველ თაობათა უკაცრიელ ადგილებს. 5 დადგებიან უცხონი და დამწყემსავენ თქვენს ცხვარს. და იქნებიან თქვენი მიწათმოქმედნი და თქვენი მევენახენი. 6 და უფლის მღვდლებად იწოდებით, ჩვენი ღვთის მსახურნი არიანო, ითქმება თქვენზე. ხალხების დოვლათს შეჭამთ და მათი დიდებით დაიტრაბახებთ. 7 თქვენი სირცხვილის წილ ორმაგად მოგეზღვებათ, და ნაცვლად კდემისა ილხენენ წილზე, თავიანთ მიწაზე დაიმკვიდრებენ ორმაგ წილს, და საუკუნო სიხარული ექნებათ. 8 რადგან მე, უფალს, მიყვარს სამართალი, მძაგს ყაჩაღობა სრულადდასაწველის მორთმევისას, მე მივცემ მათ საზღაურს ჭეშმარიტებით და საუკუნო აღთქმას დავუდებ. 9 და ცნობილი იქნება ხალხებში მათი თესლი და მათი შვილთაშვილნი – ერთა შორის, ყველა მათი მნახველი გამოიცნობს მათ, რადგან უფლის ნაკურთხი თესლია ისინი. 10 სიხარულით ვიხარებ უფალში, მოილხენს ჩემი სული ჩემს ღმერთში, რადგან მან ჩამაცვა მე ხსნის ტანსაცმელი, სიმართლის სამოსლით შემმოსა მე, როგორც ნეფე იდგამს ჯიღას და როგორც სასძლო ირთვება თავისი სამკაულებით. 11 რადგან როგორც მიწა აღმოაცენებს მცენარეს და როგორც ბაღი ზრდის თავის ნათესს, ისე უფალი ღმერთი ამოზრდის სამართალს და ქება-დიდებას ყოველი ხალხის წინაშე.