ესაია 45

ივლისი 3, 2015
ძველი აღთქმა
ესაია
451 „ასე ეუბნება უფალი თავის ცხებულს, კიროსს: რომლის მარჯვენაც მე მიჭირავს, რომ დამორჩილდნენ ხალხები შენს წინაშე; და მე სარტყელს შევხსნი მეფეებს წელზე, რათა გავაღო შენს წინაშე კარები და ჭიშკრები აღარ დაიკეტოს. 2 მე შენს წინ წავალ და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ. 3 და მოგცემ შენ სიბნელის საუნჯეთ და დაფარულ საგანძურებს, რათა იცოდე, რომ მე ვარ უფალი, შენთვის სახელის მწოდებელი, ისრაელის ღმერთი. 4 ჩემი მსახურის, იაკობის და ისრაელის, ჩემი რჩეულის გულისათვის მოგიხმე შენ შენი სახელით, პატივი დაგდე, თუმცა არ მიცნობდი. 5 მე ვარ უფალი და სხვა არავინ, ჩემს გარდა არ არის სხვა ღმერთი; მე შემოგარტყამ შენ სარტყელს, თუმცა არ მიცნობდი მე, 6 რათა იცოდნენ მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, რომ არავინ არის ჩემს გარდა; მე ვარ უფალი და სხვა არავინ. 7 მე, სინათლის გამომსახველი და სიბნელის შემქმნელი, მშვიდობის მყოფელი და უბედურების გამჩენი, მე, უფალი, ვიქმ ყოველივე ამას. 8 ჩამოაპკურეთ, ცანო, მაღლიდან და ღრუბლებმა სიმართლე ჩამოასხურონ, გაიღოს დედამიწა და გამოიღოს ხსნის ნაყოფი, სამართლიანობა ერთბაშად აღმოცენდება. მე, უფალმა, შევქმენი ეს. 9 ვაი, თავის გამომსახველთან მოშუღლარს, ნატეხს მიწის ნატეხთაგან. განა ეტყვის თიხა თავის გამომსახველს: ‘რას აკეთებ შენ?’ ან შენი ნაკეთები იტყვის: ‘არა აქვსო მას ხელები?’ 10 ვაი მთქმელს თავის მამისადმი: ‘რას შობ შენ?’ და ქალისადმი: ‘რისთვის ეწამები მშობიარობით?’” 11 ასე თქვა უფალმა, ისრაელის წმიდამ და მისმა გამომსახველმა: „მომავალზე მეკითხებით? ჩემს ძეებზე და ჩემი ხელის ნაკეთებზე მიბრძანებთ მე? 12 მე შევქმენი დედამიწა და გავაჩინე ადამიანი მასზე; მე, ჩემმა ხელებმა, გადაფინეს ზეცანი და მთელ მათ მხედრობას მივეცი წესი. 13 მე გამოვაღვიძე სამართლიანობაში და მის ყველა გზას მე მოვასწორებ. ის ააშენებს ჩემს ქალაქს და ჩემს დევნილებს ის გაუშვებს, მაგრამ არც ფასით და არც ქრთამით!” – თქვა უფალმა ცაბაოთმა. 14 ასე თქვა უფალმა: „ეგვიპტის ჭირნახული, ქუშის ვაჭრობა და შებელნი, ტანადი ხალხი, შენთან გადმოვლენ და შენი იქნებიან, შენს უკან ივლიან, ბორკილებით გაივლიან და შენ გცემენ თაყვანს, შენ შეგევედრებიან: ‘მხოლოდ შენშია ღმერთი და სხვა ღმერთი არ არის.’” 15 შენა ხარ დაფარული ღმერთი, ისრაელის ღმერთი, მხსნელი. 16 შერცხვენილნი და გაწბილებულნიც არიან ყველანი. ერთად ჩაცვივიან სირცხვილში კერპთა მკეთებელნი. 17 ისრაელი უფლის მიერ არის ხსნილი საუკუნო ხსნით, არ შერცხვებით და არც გაწბილდებით უკუნითი უკუნისამდე.” 18 რადგან ასე თქვა უფალმა, ზეცის გამჩენმა, ის არის ღმერთი, დედამიწის გამომსახველი და მისი შემქმნელი: მან დაამყარა იგი, სიცარიელედ არ შეუქმნია, დასასახლებლად გამოსახა: „მე ვარ უფალი და სხვა არ არის. 19 ფარულად არ მილაპარაკია დედამიწის ბნელ ადგილზე, არ მითქვამს მე იაკობის თესლისთვის: ‘სიცარიელეში მეძებეთ მე!’ მე ვარ უფალი, სიმართლის მთქმელი, სისწორის გამომცხადებელი. 20 შეიკრიბეთ და მოდით, ერთად შეგროვდით, ხალხებიდან გადარჩენილნო! არაფერი იციან მათ, თავიანთ ხის კერპს რომ ატარებენ და ევედრებიან ღმერთს, რომელიც ვერ იხსნის. 21 გამოაცხადეთ და წარმოადგინეთ, ერთად ითათბირეთ. ვინ ასმინა ეს ძველთაგან, წინდაწინ ვინ გამოაცხადა ეს? განა მე არა, უფალმა? და არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა, მართალი და მხსნელი ღმერთი არაა ჩემს მეტი. 22 მოიქეცით ჩემკენ და ხსნილნი იქნებით, დედამიწის ყველა კიდევ, რადგან მე ვარ ღმერთი და არ არის სხვა. 23 ჩემი თავი დავიფიცე მე! ჩემი პირიდან სიმართლე გამოვიდა, შეუცვლელი სიტყვა, რომ ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და დამიფიცებს ყოველი ენა. 24 იტყვიან ჩემზე: ‘მხოლოდ უფალშია სიმართლე და ძალა.’ მასთან მოვლენ და შერცხვებიან ყველანი, მასზე გაგულისებულნი. 25 უფალში გამართლდება და განდიდდება ისრაელის მთელი მოდგმა.”
თავი ორმოცდამეოთხე                                                                                                             თავი ორმოცდამეექვსე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close