HomeUncategorized

ეზეკიელი 9

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

91 და შემოღაღადა ჩემს ყურებს დიდმა ხმამ: „მოიახლოვეთ ქალაქის დამსჯელნი და თითოეული თავისი გამანადგურებელი იარაღით ხელში!” 2 და აჰა, ექვსი კაცი მოდის ზემო კარიბჭის გზით, რომელიც ჩრდილოეთისკენაა მიმართული, და თითოეულს თავისი გამანადგურებელი იარაღი აქვს ხელში, და მათ შორის ერთი კაცი, სელით შემოსილი და მწერლის სამელნით წელზე, და მოვიდნენ და დადგნენ სპილენძის სამსხვერპლოსთან. 3 და დიდება ისრაელის ღმერთისა ამოვიდა ქერუბიმიდან, რომელზეც იყო იგი, სახლის ზღურბლისაკენ და დაუძახა კაცს, შემოსილს სელით, რომელსაც მწერლის სამელნე ჰქონდა წელზე. 4 და უთხრა მას უფალმა: „გაიარე ქალაქის შიგნით, იერუსალიმის შიგნით, და ნიშნით დანიშნე ადამიანთა შუბლები, რომელნიც კვნესიან და ოხრავენ ყოველი სისაძაგლის გამო, რომელიც მის შიგნით ხდება.” 5 და ამათ უთხრა ჩემს გასაგონად: „გაიარეთ ქალაქში ამის უკან და ყველა დახოცეთ, ნუ შეიცოდებს თქვენი თვალი და ნუ შეიბრალებთ! 6 მოხუცი, ჭაბუკი და ქალწული, ბავშვი და ქალი მოკალით. და ყოველ კაცს, რომელზეც ნიშანია, არ შეეხოთ. ჩემი ტაძრიდან დაიწყეთ.” და დაიწყეს მოხუცი ადამიანებიდან, რომელნიც სახლის წინ იყვნენ. 7 და უთხრა მათ: „შებილწეთ ეს სახლი და გაავსეთ ეზოები დახოცილებით. გამოდით!” და გამოვიდნენ და დახოცეს ისინი ქალაქში. 8 და როდესაც დახოცეს და მე დავრჩი, მაშინ პირქვე დავემხე და შევკივლე და ვთქვი: „ოჰ, უფალო ღმერთო! ნუთუ გაანადგურებ ისრაელის მთელ ნატამალს, რომ გადმოღვრი შენს რისხვას იერუსალიმზე?” 9 მითხრა: „ურჯულოება ისრაელის სახლისა და იუდასი მეტისმეტია. გაივსო ეს ქვეყანა სისხლით და ქალაქი სავსეა სიცრუით, რადგან თქვეს: დატოვა უფალმა ეს ქვეყანა და უფალი ვერ ხედავს. 10 არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, მათსავე საქციელს დავატეხ თავს.” 11 და აჰა, ის კაცი, სელით შემოსილი და სამელნით წელზე, ასე უბრუნებს სიტყვას: „მე აღვასრულე, რაც შენ მიბრძანე.”

თავი მერვე                                                                                                                                              თავი მეათე

COMMENTS