ეზეკიელი 18

By
აგვისტო 19, 2015

ძველი აღთქმა
ეზეკიელი
181 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „რა გაქვთ, როდესაც ყვებით ამ იგავს ისრაელის მიწაზე: ‘მამებმა მკვახე ხილი ჭამეს და შვილებს კბილები მოჰკვეთაო?’ 3 ცოცხალი ვარ მე,” – სიტყვა უფლისა, – „თუღა გქონდეთ თქვენ სათქმელად ეს იგავი ისრაელში! 4 ყველა სული ჩემია, როგორც სული მამისა, ისევე სული ძისა. შემცოდავი სული კი მოკვდება. 5 და თუ კაცი მართალი იქნება და იქმს სამართალსა და სიმართლეს, 6 მთებზე შეწირულისაგან არა ჭამს და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არა აქვს მიპყრობილი, და მოყვასის ცოლს არ ბილწავს და წიდოვან ქალთან არ წვება, 7 არავის არ ჩაგრავს და თავის მევალეს ვალს უბრუნებს, ძარცვით არ ძარცვავს, თავის პურს მშიერს აძლევს და შიშველს სამოსით მოსავს. 8 ვახშით არ აძლევს და სარგებელს არ იღებს, უსამართლობისგან ხელს იკავებს და კაცსა და კაცს შორის სწორ სამართალს აჩენს, 9 ჩემი წესებით დადის და ჩემს სამართალს იცავს, რომ ქმნას ჭეშმარიტება – ის არის მართალი, სიცოცხლით იცოცხლებს,” – სიტყვა უფალი – 10 „მაგრამ თუ შობს ავაზაკ ძეს, სისხლისმღვრელს, რომელიც ძმას გაუკეთებს ერთს ამათგან, 11 და არც ერთი ამ კარგთაგანი არ გაუკეთებია, რადგან მთებზეც ჭამდა და მოყვასის ცოლსაც ბილწავდა, 12 ღარიბსა და ღატავს ჩაგრავდა, ძარცვით ძარცვავდა, ვალს არ უბრუნებდა და კერპებისაკენ ჰქონდა მიპყრობილი თვალი, სისაძაგლეს სჩადიოდა, 13 ვახშით აძლევდა და სარგებელს იღებდა – იცოცხლებს კი? არ იცოცხლებს, რაკი ყოველივე ამ სისაძაგლეს სჩადიოდა –სიკვდილით მოკვდება და მისი სისხლი მასზე იქნება. 14 და აჰა, შვა ძე, რომელიც ხედავდა მამამისის ყოველ ცოდვას, რაც გაუკეთებია, ხედავდა და არ აკეთებდა მათ მსგავსს, 15 მთებზე არ ჭამდა და თვალი ისრაელის სახლის კერპებისაკენ არ ჰქონდა მიპყრობილი, მოყვასის ცოლს არ ბილწავდა, 16 არავინ დაუჩაგრავს, გირაოს არ იღებდა და ძარცვით არ ძარცვავდა, თავის პურს მშიერს აძლევდა და შიშველს სამოსით მოსავდა, 17 ღარიბის ჩაგვრისაგან ხელს იკავებდა, ვახშსა და სარგებელს არ იღებდა, ჩემს სამართალს აკეთებდა და ჩემი წესებით დადიოდა – ის არ მოკვდება მამამისის ურჯულოების გამო, ის სიცოცხლით იცოცხლებს. 18 მამამისი კი, რადგან ჩაგვრით ჩაგრავდა, ძარცვით ძარცვავდა ძმას და ბოროტებას სჩადიოდა თავის ხალხში, მოკვდება თავის ურჯულოებაში. 19 თქვენ ამბობთ: რატომ არ ატარებს ძე მამამისის ურჯულოებას? ძე კი სამართალსა და სიმართლეს იქმოდა, ჩემს ყველა წესს იცავდა და ასრულებდა მათ –ის სიცოცხლით იცოცხლებს. 20 ცოდვილი სული კი, მოკვდება. ძემ არ უნდა ატაროს თავისი მამის დანაშაული და მამამ – ძის ურჯულოება. მართლის სიმართლე მასზევე იქნება და ბოროტმოქმედის ბოროტმოქმედება – მასზე. 21 ბოროტმოქმედი კი, თუ მოიქცევა ყველა თავისი ცოდვისგან, რომელიც ჩაიდინა, და დაიცავს ყველა ჩემს წესს და იქმს სამართალსა და სიმართლეს, სიცოცხლით იცოცხლებს, არ მოკვდება. 22 ყველა მის დანაშაულს, რაც კი ჩაუდენია, არ გაუხსენებენ მას. თავისი სიმართლით, რომელსაც აკეთებდა, იცოცხლებს ის. 23 განა მე ვისურვებ ბოროტმოქმედის სიკვდილს?” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „განა არ მინდა, რომ მოიქცეს თავისი გზიდან და იცოცხლოს? 24 მართალი კი, თუ მიიქცა თავისი სიმართლიდან და სჩადის უსამართლობას, მსგავსს ყველა იმ სისაძაგლისა, რომელსაც ბოროტმოქმედი სჩადის – იცოცხლებს კი? ყოველ მის სიმართლეს, რომელიც გააკეთა, არ გაუხსენებენ. თავისი მუხთლობით, რომლითაც მუხთლობდა, და თავისი ცოდვით რომლითაც სცოდავდა, მოკვდება. 25 და თქვენ ამბობთ: არ არის სწორი უფლის გზაო. მომისმინეთ, სახლო ისრაელისა, ჩემი გზა არ არის სწორი? ეს თქვენი გზებია, სწორი რომ არ არის! 26 თუ მართალი თავისი სიმართლიდან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას და მოკვდება მათ გამო, თავის უსამართლობის გამო, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება იგი. 27 და თუ ბოროტი თავისი ბოროტმოქმედებიდან, რომელიც ჩაიდინა, მოიქცა, და იქმს სამართალსა და სიმართლეს, ის თავის სულს აცოცხლებს. 28 დაინახა და მოიქცა თავისი დანაშაულებებიდან, რომელნიც ჩაიდინა, ის სიცოცხლით იცოცხლებს, არ მოკვდება. 29 ამბობს სახლი ისრაელისა: არ არის სწორი უფლის გზაო. ჩემი გზა არ არის სწორი, სახლო ისრაელისა? განა თქვენი გზები არის სწორი? 30 ამიტომ თითოეულს თავისი გზის მიხედვით განგსჯით, ისრაელის სახლო.” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „მოინანიეთ და მოიქეცით თქვენი ყველა დანაშაულიდან და არ გექნებათ ურჯულოება დაბრკოლებად. 31 განაგდეთ თქვენგან ყველა თქვენი დანაშაულება, რომლითაც თქვენ სჩადიოდით დანაშაულს, და შეიქმენით ახალი გული და ახალი სული, და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო? 32 რადგან მე არ მსურს მოკვდავის სიკვდილი,” – სიტყვა უფალი ღმერთისა,– „აბა, მოიქეცით და იცოცხლებთ!”

თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                                 თავი მეცხრამეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close