ეზეკიელი 16

By
აგვისტო 18, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

161 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! აუწყე იერუსალიმს მისი სისაძაგლენი. 3 და თქვი: ‘ასე უთხრა უფალმა ღმერთმა იერუსალიმს: წარმოშობა შენი და სამშობლო შენი ქანაანის ქვეყნიდანაა. მამაშენი ამორეველია და დედაშენი – ხეთელი. 4 აჰა, შენი დაბადება: შენი დაბადების დღეს ჭიპი არ მოუჭრიათ შენთვის და წყლით არ განბანილხარ გასასუფთავებლად, და მარილით არ გაუხეხიხართ და სახვევებში არ გახვეულხარ. 5 არავის თვალს არ შებრალებიხარ, რათა გაეკეთებინათ შენთვის ერთი ამათგანი სამოწყალოდ, და ეგდე მინდორში შენი სულის ზიზღში შენი დაბადების დღეს. 6 და მე ჩაგიარე შენ და დაგინახე, ჩაფლული იყავი შენს სისხლში, და მე გითხარი შენს სისხლში მყოფს: ‘იცოცხლე!’ 7 სიმრავლე, როგორც მინდვრის მცენარეს, მოგეც შენ, და გახდი ძვირფასი სამკაულივით! და დაგაჩნდა ძუძუები და სრულყოფას მიაღწიეს, თმა მოგეზარდა, შენ კი შიშველ-ტიტველი იყავი. 8 და მე ჩაგიარე შენ და დაგინახე, და აჰა, შენი ასაკი სიყვარულის ასაკი იყო. და გადაგაფარე ჩემი კალთა და დავფარე შენი სიშიშვლე. შემოგფიცე და აღთქმაში შემოვედი შენთან,” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „და გახდი ჩემი. 9 და დაგბანე წყლით, და ჩამოგრეცხე სისხლი და გცხე ზეთი. 10 შეგმოსე ნაქარგი ქსოვილით და ჩაგაცვი ფეხზე ტარსიკონის ფეხსამოსი. და შემოგარტყი ბისონი და დაგფარე აბრეშუმით. 11 შეგამკე სამკაულებით და გაგიკეთე სამაჯურები ხელებზე და ყელსაბამი ყელზე. 12 გაგიკეთე რგოლი ცხვირზე და საყურეები ყურებზე და მშვენიერი გვირგვინი დაგადგი თავზე. 13 და იმკობოდი ოქროთი და ვერცხლით. შენი სამოსელი ბისონი, აბრეშუმი და ნაქარგი ქსოვილი იყო. გამტკიცულ ფქვილს, თაფლსა და ზეთს ჭამდი. და დიდად, დიდად გალამაზდი და მიაღწიე მეფობას. 14 და სახელი გაგივარდა ხალხებში შენი მშვენების გამო, რადგან სრულყოფილია იგი ჩემი დიდებულებით, რომელიც მე დავდე შენზე.” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 15 „და შენ მიენდე შენს სილამაზეს და მეძაობდი შენი სახელით, და გადააღვარე შენი სიძვა ყველა გამვლელს, ვინც იქნებოდა. 16 აიღე შენი სამოსელიდან და ააჭრელე შენთვის გორაკები და მეძაობდი მასზე, რის მსგავსიც არ ყოფილა და არც იქნება. 17 აიღე შენი მშვენიერი ნივთები ჩემი ოქროდან და ჩემი ვერცხლიდან, რომელიც მე მოგეცი შენ, და გაიკეთე მამაკაცთა გამოსახულებანი და მეძაობდი მათთან. 18 აიღე სამოსელი შენი ნაქარგი ქსოვილისა და ჩააცვი მათ და ჩემი ზეთი და საკმეველი მოგქონდა მათ წინაშე. 19 და ჩემი პური, რომელიც მე მოგეცი შენ, ფქვილი და ზეთი და თაფლი, რომელსაც მე გაჭმევდი, მიგქონდა მათ წინაშე კეთილსურნელოვან საყნოსავად!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 20 „და აიყვანე შენი ძენი და შენი ასულნი, რომელიც მიშობე მე, და მსხვერპლად შესწირე კერპებს საჭმელად, თითქოს მცირე ყოფილიყო შენი მეძაობა. 21 და კლავდი ჩემს ძეთ და გადასცემდი მათ ცეცხლში გასატარებლად. 22 და მთელ შენს სისაძაგლესა და სიძვობაში არ გაგხსენებია შენი სიყმაწვილის დღეები, როდესაც შიშველ-ტატველი შენს სისხლში გორაობდი. 23 და ყველა შენი ბოროტმოქმედების შემდეგ იყო – ვაი, ვაი შენ!” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – 24 „რომ აიშენე საკერპო და გორაკი გაიკეთე ყველა ქუჩაზე. 25 ყოველი გზის დასაწყისში ააშენე შენი გორაკი და არცხვენდი შენს სილამაზეს, გაუშლიდი შენს ფეხებს ყველა გამვლელს და ამრავლებდი შენს სიძვას. 26 და მეძაობდი ეგვიპტის ძეებთან, შენს დიდხორციან მეზობლებთან, და ამრავლებდი შენს სიძვას ჩემს გასაწყრომად. 27 და აჰა, მოვიღერე ხელი შენზე და შეგიმცირე წილი. გადაგეცი შენს მოძულეთა ნებას, ფილისტიმელ ასულთ, რომელთაც რცხვენოდათ შენი გარყვნილი გზისა. 28 და მეძაობდი აშურის ძეებთან გაუმაძღრობის გამო, მეძაობდი მათთან და ვერ გაძეხი. 29 და გაამრავლე შენი სიძვანი ქანაანის ქვეყნიდან ქალდეველთა ქვეყნამდე და ვერ გაძეხი. 30 როგორ გიდნებოდა გული,” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „როდესაც სჩადიოდი ყოველივე ამას, ურცხვი მეძავი ქალის საქმეს. 31 როდესაც აშენებდი შენს საკერპოს ყველა ქუჩის დასაწყისში და აკეთებდი შენს გორაკს ყველა ქუჩაში, მაშინ შენ არ იყავი მეძავივით, დასცინოდი სიძვის გასამრჯელოს. 32 მრუშო ცოლო, თავისი ქმრის ნაცვლად უცხოებს რომ იღებ! 33 ყველა მეძავს აძლევენ საჩუქარს, შენ კი შენს საჩუქრებს აძლევდი ყველა შენს საყვარელს და ქრთამავდი, რომ მოსულიყვნენ შენთან ყოველი მხრიდან და ესიძვათ შენთან. 34 და შენს სიძვაში ქალთა საპირისპიროდ იქცევი: შენ კი არ გედევნებიან სამეძაოდ, შენ აძლევ საჩუქრებს, შენ არ გეძლევა საჩუქრები. პირუკუ იქცევი. 35 ამიტომ, მეძავო, ისმინე სიტყვა უფლისა. 36 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგან გადმოღვარე შენი უწმიდურება და ახდილ იქნა შენი სიშიშვლე შენს სიძვაში შენს საყვარლებთან და შენი სისაძაგლის ყველა კერპთან, და შენს ძეთა სისხლის გამო, რომელიც მიეცი მათ, 37 ამიტომ მე შევკრებ შენს ყველა საყვარელს, რომლებთანაც შენ ტკბებოდი და ყველას, ვინც შენ გიყვარდა, ყველას, ვინც შენ გძულდა, მე შევკრებ მათ შენს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან და ავხდი შენს სიშიშვლეს მათ წინაშე და დაინახავენ მთელ შენს სიშიშვლეს. 38 და მე განგსჯი შენ მრუშთა და სისხლისმღვრელთა სამართლით და მიგცემ შენ სისხლიან რისხვასა და შურს. 39 და მე მიგცემ შენ მათ ხელთ და დაანგრევენ შენს საკერპოს და დალეწავენ შენს მაღლობებს, და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს ჭურჭელს, შენს სამკაულებს და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს. 40 და შეაგროვებენ შენს წინააღმდეგ ბრბოს და ჩაგქოლავენ ქვით და დაგჩეხავენ თავიანთი მახვილებით. 41 და გადასწვავენ შენს სახლებს ცეცხლით, და დაგდებენ მსჯავრს მრავალი ქალის თვალწინ, და მე შევწყვეტ შენს მეძაობას და საჩუქრებსაც აღარ გაიღებ. 42 დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე და მოგშორდება ჩემი შური, და დავწყნარდები და აღარ განვრისხდები მეტად. 43 იმის გამო, რომ არ გაიხსენე შენი სიყმაწვილის დღეები და მაჯავრებდი ყოველივე ამით, მეც შენს საქციელს შენ თავზე მოვაწევ,” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „რათა აღარ ჩაიდინო ეს გარყვნილება ყოველივე შენი სისაძაგლის შემდეგ. 44 და ყოველი მეიგავე იტყვის შენზე იგავს: ‘რაც დედაა, ის შვილია.’ 45 დედაშენის შვილი ხარ შენ, რომელსაც ეზიზღებოდა თავისი ქმარი და მისი ძენი, შენ და ხარ შენი დებისა, რომელთაც ეზიზღებოდათ თავიანთი ქმრები და მათი ძენი. თქვენი დედა ხეთელია და თქვენი მამა ამორეველი. 46 შენი უფროსი და სამარიაა, ის და მისი ასულნი შენს მარცხნივ ცხოვრობენ და შენზე უმცროსი, შენს მარჯვნივ რომ ცხოვრობს, სოდომია თავის ასულებთან ერთად. 47 იმათი გზებით არ დადიოდი შენ და არც მათი სისაძაგლის მსგავსი ჩაგიდენია, რადგან მცირე იყო შენთვის, არამედ მათზე უზნეოდ იქცეოდი შენს ყველა გზაზე. 48 ცოცხალი ვარ მე,” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „განა აკეთებდნენ სოდომი, შენი და, ის და მისი ასულნი იმას, რასაც შენ და შენი ასულნი აკეთებდით? 49 აჰა, ეს იყო ურჯულოება სოდომისა, შენი დისა – სიამაყე, პურით სიმაძღრე და სრული სიმშვიდე ჰქონდა მას და მის ასულთ, ღარიბსა და მათხოვარს კი ხელს არ აშველებდნენ. 50 და გადიდგულდნენ და სჩადიოდნენ სისაძაგლეს ჩემს წინაშე, და მე უარვყავი ისინი, როცა ეს დავინახე. 51 სამარიას შენი ცოდვების ნახევარიც არ შეუცოდავს. გაამრავლე შენი სისაძაგლენი მათზე მეტად და ამართლებდი შენს დებს შენი ყველა სისაძაგლით, რომელსაც შენ სჩადიოდი. 52 შენც ატარე შენი სირცხვილი, რომ კიცხავდი შენს დებს შენი ცოდვების გამო, რომლითაც შეიბილწე შენ მათზე მეტად. ისინი შენზე მართლები არიან; მაშ შერცხვი და ატარე შენი სირცხვილი, რომ ამართლებდი შენს დებს. 53 და დავაბრუნებ მე მათ ტყვეებს, სოდომისა და მის ასულთა ტყვეებს, სამარიისა და მის ასულთა ტყვეებს, და შენს ტყვეებსაც მათ შორის, 54 რათა ატარო შენი სირცხვილი და გრცხვენოდეს ყველაფრის, რაც გააკეთე მათ სანუგეშებლად. 55 და შენი დები, სოდომი და მისი ასულნი, დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელს, სამარია და მისი ასულნი დაუბრუნდებიან თავიანთ პირვანდელს, შენც და შენი ასულნიც დაუბრუნდებით თქვენს პირვანდელს. 56 განა არ იყო სოდომი, შენი და, სალაპარაკო შენს პირში შენი სიამაყის დღეებში? 57 სანამ ჯერ კიდევ არ იყო გამომჟღავნებული შენი ბოროტმოქმედებანი, როგორც შენი შერცხვენის დღეებში, არამის ასულთა და მის ირგვლივ მყოფ, ფილისტიმელ ასულთა წინაშე, რომელთაც ყოველმხრივ მოგიძულეს შენ. 58 შენი გარყვნილება და შენი სისაძაგლე ატარე – სიტყვა უფლისა. 59 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „და მეც ისე მოგექცევი, როგორც შენ მოიქეცი, როდესაც აბუჩად აიგდე ფიცი აღთქმის დარღვევით. 60 გავიხსენებ მე ჩემს აღთქმას შენთან, შენი სიყმაწვილის დროინდელს, და აღვადგენ შენთან მარადიულ აღთქმას. 61 და გაიხსენებ შენს გზებს და შეგრცხვება, როცა შენს უფროს დებს და შენს უმცროსებს მიიღებ და მე მოგცემ შენ ასულებად მათ, მაგრამ არა შენი აღთქმით. 62 და მე აღვადგენ ჩემს აღთქმას შენთან და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი, 63 რათა გაიხსენო და შეგრცხვეს და აღარ გქონდეს შენ მეტად გასახსნელი პირი შენი სირცხვილის გამო, როდესაც მოგიტევებ ყოველივეს, რაც გააკეთე.” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი მეთხუთმეტე                                                                                                                           თავი მეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

Close
Close