ეზეკიელი
131 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 “ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე ისრაელის წინასწარმეტყველთა მიმართ და უთხარი თავიანთი გულიდან მოწინასწარმეტყველთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა. 3 ასე ამბობს უფალი ღმერთი: ვაი, არამზადა წინასწარმეტყველთ, რომელნიც თავიანთ სულს მიჰყვებიან და არაფერი უხილავთ. 4 როგორც მელიები უდაბნოში, ისე იყვნენ შენი წინასწარმეტყველნი, ისრაელ. 5 თქვენ არ გადიხართ დანგრეულ კედლებთან და ღობით არ ღობავთ ისრაელის სახლს, რათა დაუდგეს ბრძოლაში უფლის დღეს. 6 ხედავენ ამაოს და სიცრუეა მკითხაობა, რომ ამბობენ: “უფალმა ბრძანა!” მაგრამ უფალს არ გამოუგზავნია ისინი, და იმედი აქვთ, რომ ასრულდება სიტყვა. 7 განა ამაო ხილვა არ იხილეთ და სიცრუეს არ მკითხაობდით, ამბობდით: უფლის სიტყვააო, მე კი არ მითქვამს. 8 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან სიტყვა თქვენი ამაოა და სიცრუე, იცოდეთ, ამიტომ თქვენს წინააღმდეგ ვარ!’ – ამბობს უფალი ღმერთი. 9 და იქნება ჩემი ხელი წინასწარმეტყველებზე, რომლებიც ამაოს იხილავენ და სიცრუეს მკითხაობენ, ჩემი ხალხის საბჭოში არ იქნებიან ისინი და ისრაელის სახლის წიგნში არ ჩაიწერებიან და ისრაელის მიწაზე არ მოვლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი. 10 იმის გამო, რომ შეცდომაში შეიყვანეს ჩემი ხალხი, რომ უთხრეს: ‘მშვიდობა’, მაგრამ არ არის მშვიდობა. ერთი აშენებს ტიხარს, სხვანი კი აბათქაშებენ მას უვარგისი ბათქაშით. 11 უთხარი უვარგისი ბათქაშით მობათქაშეთ: ‘ჩამოწვება!’ იქნება კოკისპირული წვიმა და თქვენ, ქვებო სეტყვისა, ჩამოცვივდებით და ქარიშხალი გააპობს მას. 12 და აჰა, ჩამოწვა კედელი. განა არ გეტყვიან თქვენ: სად არის ის ბათქაში, რომლითაც მოაბათქაშეთ? 13 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავაპობ ქარიშხლით კედელს ჩემს რისხვაში და კოკისპირული წვიმა ჩემს გულისწყრომაში იქნება და ქვები სეტყვისა – რისხვაში შესამუსრავად. 14 და მე დავანგრევ იმ კედელს, რომელიც თქვენ მოაბათქაშეთ უვარგისი ბათქაშით, და დავამხობ მიწაზე და გამოჩნდება მისი საძირკველი. ჩამოწვება და დაიღუპებით მის ქვეშ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 15 და დავასრულებ ჩემს რისხვას კედელზე და უვარგისი ბათქაშით მის მობათქაშეებზე და გეტყვით თქვენ: აღარ არის კედელი და აღარ არიან მისი მომბათქაშებელნი. 16 ასეთებია ისრაელის წინასწარმეტყველნი, რომელნიც წინასწარმეტყველებდნენ იერუსალიმზე და მხილველნი მისი მშვიდობის ხილვისა, როცა არ არის მშვიდობა!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 17 “და შენ, ძეო კაცისავ! მიაპყარ პირი შენი ხალხის ასულთ, რომელნიც წინასწარმეტყველებენ თავიანთი გულიდან, და იწინასწარმეტყველე მათზე 18 და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ვაი, მკერავთ მისნური ღვედებისა ყოველი მაჯისთვის და მკეთებელთ გრძელი თავსაბურავებისა ყოველი თავისათვის, სულების მოსანადირებლად. ნუთუ ჩემი ხალხის სულებს მოინადირებთ და თქვენი სულები იცოცხლებენ? 19 და შემაგინეთ მე ჩემი ხალხის წინაშე მუჭა ქერისა და პურის ნამცეცებისათვის, სულების მოკვლით, რომლებიც არ უნდა დაიხოცნენ და სულების გადარჩენით, რომლებმაც არ უნდა იცოცხლონ, თქვენი ტყუილებით ტყუილის ყურის მგდებელი ჩემი ერისადმი. 20 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘აჰა, თქვენი მისნური ღვედების წინააღმდეგ ვარ, რომლითაც თქვენ ინადირებთ იქ იმ სულებს თქვენთან მოსაფრენად. და მე დავგლეჯ მათ თქვენი მკლავებიდან. და იმ სულებს, რომლებსაც თქვენ ინადირებთ, გავათავისუფლებ, რათა გაფრინდნენ. 21 და დავგლეჯ თქვენს თავსაბურავებს და ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან, და აღარ იქნებიან მეტად თქვენს ხელში სანადიროდ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 22 რადგან მართლის გულს სიცრუით აწუხებთ მე კი არ დამიმწუხრებია იგი, და უმაგრებთ ბიწიერს ხელებს, რათა არ მობრუნდეს თავისი ბოროტი გზიდან თავისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. 23 ამიტომ ამაოს აღარ იხილავთ და მკითხაობით აღარ იმკითხავებთ. და მე ვიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’”