ეზეკიელი 29

By
აგვისტო 20, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

291 მეათე წელს, მეათე თვის მეთორმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე პირი ეგვიპტის მეფის, ფარაონის, მიმართ, და იწინასწარმეტყველე მასზე და მთელ ეგვიპტეზე, 3 ელაპარაკე და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, შენ წინააღმდეგ ვარ, ფარაონო, ეგვიპტის მეფევ, დიდო ნიანგო, გაწოლილო მის მდინარეთა შორის, რომელიც ამბობ: ჩემია ჩემი მდინარე და მე წარმოვშვი იგი. 4 და მე გაგიყრი ჩანგლებს ყბებში და მოგაკრავ შენი მდინარეების თევზებს შენს ქერცლებზე, და ამოგიყვან შენი მდინარეებიდან ყველა შენი მდინარის თევზითურთ, რომელნიც შენს ქერცლებს მიეკრობიან, 5 და დაგაგდებ უდაბნოში, შენ და ყველა თევზს შენი მდინარეებისა. გაშლილ ველზე დაეცემი შენ, არ შეიკრიბები და არ შეგროვდები, მიწის მხეცებს და ცის ფრინველთ მიგცემ შესაჭმელად. 6 და გაიგებს ეგვიპტის ყველა მცხოვრები, რომ მე ვარ უფალი, რადგან ისინი ლერწმის საყრდენი იყვნენ ისრაელის სახლისთვის. 7 როდესაც ისინი გიჭერდნენ შენ ხელით, ტყდებოდი და უპობდი მათ მთელ ფერდს. და როდესაც გეყრდნობოდნენ შენ, იმტვრეოდი და არყევდი მათ წელს.’ 8 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს შენზე მახვილი და მოვკვეთ შენგან ადამიანსა და საქონელს. 9 და იქნება ეგვიპტის ქვეყანა აოხრებული და დანგრეული, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, თქვი: ‘ჩემია მდინარე და მე წარმოვშვი იგი! 10 ამიტომ აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ და შენი მდინარეების წინააღმდეგ, და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უდაბურად, უკაცრიელად, მიგდოლიდან სევენემდე და ქუშის საზღვრამდე. 11 არ გაივლის მასში ადამიანის ფეხი და საქონლის ფეხი არ გაივლის მასში, და არ დასახლდება ორმოც წელიწადს. 12 და გავხდი ეგვიპტის ქვეყანას უკაცრიელად უკაცრიელ ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები უდაბურ ქალაქებს შორის უკაცრიელი იქნება ორმოც წელიწადს. და გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში.’ 13 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ორმოცი წლის ბოლოს შევკრებ ეგვიპტეს ხალხებიდან, რომლებშიც გაიფანტნენ ისინი. 14 და დავაბრუნებ ეგვიპტის ტყვეებს. და დავაბრუნებ მათ ფათროსის ქვეყანაში, მათი წარმოშობის ქვეყანაში, და იქნებიან იქ დამდაბლებულ სამეფოდ. 15 სამეფოებს შორის იქნება დამდაბლებული და აღარ აღზევდება ხალხებზე, და მე შევამცირებ მათ, რათა არ იბატონონ ხალხებზე. 16 და აღარ იქნება ისრაელის სახლისათვის იმედად, გამხსენებლად ურჯულოებისა, როდესაც მიმართავდნენ მას. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი ღმერთი.’” 17 ოცდამეშვიდე წელს, თვის პირველ დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 18 „ძეო კაცისავ! ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, აშრომებდა თავის ლაშქარს დიდი შრომით ცორის წინააღმდეგ. ყველა ქაჩლდებოდა და ყველა ბეჭი ტყავდებოდა, მაგრამ გასამრჯელო არ ჰქონდა მას და მის ლაშქარს ცორიდან იმ შრომისათვის, რასაც შრომობდა მის წინააღმდეგ. 19 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე ვაძლევ ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, ეგვიპტის ქვეყანას, და წაიღებს ის მის ქონებას, მიიტაცებს მის ნადავლს, და გაძარცვავს მას და ექნება გასამრჯელო მის ლაშქარს. 20 მისი შრომის გამო, რომელიც გასწია მან იქ, მივეცი მას ეგვიპტის ქვეყანა, რადგან მოქმედებდნენ ჩემთვის!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 21 „იმ დღეს აღმოვუცენებ რქას ისრაელის სახლს და მოგცემ შენ ბაგეხსნილობას მათ შორის. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!”

თავი ოცდამერვე                                                                                                                              თავი ოცდამეათე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close