HomeUncategorized

ეზეკიელი 11

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

111 და ამიყვანა მე სულმა და მიმიყვანა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭესთან, რომელიც აღმოსავლეთითაა მიმართული. და კარიბჭის შესასვლელში იდგა ოცდახუთი კაცი, და მე დავინახე მათ შორის იააზანია, ძე ყაზურისა და ფელატია ძე ბენაიასი, ერის მთავარნი. 2 და მითხრა: „ძეო კაცისავ! ესენი არიან ადამიანები, მზაკვრობის განმზრახველნი და ბოროტი რჩევის მრჩეველნი ამ ქალაქში, 3 ამბობენ: ‘არ არის ახლოს დრო სახლების შენებისა, ეს ქალაქი ქვაბია, ჩვენ კი ხორცი.’ 4 ამიტომ იწინასწარმეტყველე მათზე, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ!” 5 და გადმოვიდა ჩემზე სული უფლისა და მითხრა: „თქვი, ასე ამბობს უფალი: ‘სწორს ამბობ, სახლო ისრაელისა, და ვიცი თქვენი სულის ფიქრები. 6 გაამრავლეთ თქვენი დახოცილები ამ ქალაქში და გაავსეთ მისი ქუჩები გვამებით.’ 7 ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: ‘თქვენი დახოცილები, რომლებიც თქვენ დააწყვეთ მასში, ხორცია, ეს კი ქვაბია, და თქვენ გამოგიყვანთ მისგან. 8 მახვილის გეშინიათ თქვენ და მახვილს მოვაწევ თქვენზე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 9 „და გამოგიყვანთ მისგან და გადაგცემთ უცხოთა ხელთ და აღასრულებენ თქვენზე სამართალს. 10 მახვილით დაეცემით ისრაელის საზღვარზე, განგსჯით თქვენ და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 11 არ იქნება ის თქვენთვის ქვაბი და თქვენ არ იქნებით მასში ხორცად, ისრაელის საზღვართან განგსჯით თქვენ, 12 და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, რადგან ჩემი წესებით არ იარეთ და ჩემი სამართალი არ აკეთეთ და არც იმ ხალხების სამართალი აკეთეთ, რომელნიც თქვენს ირგვლივ არიან.” 13 და როდესაც მე ვწინასწარმეტყველებდი, ფელატია ბენაიას ძე მოკვდა. პირქვე დავემხე და შევღაღადე დიდი ხმით და ვთქვი: „ოჰ, უფალო ღმერთო, ნუთუ საბოლოოდ მოსპობ ისრაელის ნატამალს?” 14 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 15 „ძეო კაცისავ! შენს ძმებს, ჰო, შენს ძმებს, შენს ნათესავებს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, რომელთაც უთხრეს იერუსალიმის მცხოვრებლებმა: ‘მოშორდით უფალს, ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამკვიდროდ.’ 16 ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: თუმცა მე მოვიშორე ისინი ხალხებში და გავფანტე ისინი ქვეყნებში, მე ვიქნები მათთვის მცირე საკურთხევლად ქვეყნებში, სადაც მივიდნენ ისინი.’ 17 ამიტომ თქვი: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: შეგკრებთ თქვენ ხალხებიდან და შეგაგროვებთ თქვენ ქვეყნებიდან, სადაც განიფანტეთ თქვენ, და მოგცემთ ისრაელის მიწას. 18 და მივლენ იქ და მოაცილებენ მას ყველა მის სისაძაგლეს. 19 და მე მივცემ მათ ერთ გულს და ახალ სულს ჩაგიდებთ თქვენ, და ამოვაცლი ქვის გულს მათი ხორციდან და მივცემ მათ ხორცის გულს. 20 რათა ჩემი წესებით იარონ და ჩემი სამართალნი დაიცვან და შეასრულონ ისინი. და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. 21 ხოლო ვისი გულიც მათი სიბილწისა და სისაძაგლისკენ მიილტვის, მათ საქციელს მათ თავებზევე მოვაწევ.” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 22 და ასწიეს ქერუბიმებმა თავიანთი ფრთები ბორბლებითურთ და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათზე მაღლიდან. 23 და ავიდა უფლის დიდება ქალაქის შუაგულიდან და დადგა მთაზე, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთითაა. 24 და სულმა ამიტაცა და მიმიყვანა გადასახლებულებთან ქალდეაში, ხილვაში ღმერთის სულით, და დამცილდა ხილვა, რომელიც ვიხილე. 25 და მე ველაპარაკე გადასახლებულებს უფლის ყველა საქმეზე, რომელიც მახილვინა მე.

თავი მეათე                                                                                                                                         თავი მეთორმეტე

COMMENTS