ეზეკიელი
331 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! ელაპარაკე შენი ერის ძეთ და უთხარი მათ: ‘თუ აღვმართავ მახვილს რომელიმე ქვეყანაზე და აიყვანს იმ ქვეყნის ხალხი ერთ კაცს თავისგან და დაიყენებენ მას გუშაგად, 3 და დაინახავს ის მახვილს, აღმართულს ამ ქვეყანაზე, ჩაჰბერავს საყვირს და გააფრთხილებს იმ ერს, 4 და მომსმენი მოისმენს საყვირის ხმას, მაგრამ არ გაფრთხილდება, მოვა მახვილი და წაიყვანს მას, მისი სისხლი მის თავზე იქნება. 5 საყვირის ხმა მოისმინა მან და არ გაფრთხილდა – მისი სისხლი მასზე იქნება. ვინც გაფრთხილდება, გადაირჩენს თავს. 6 გუშაგი კი, თუ დაინახავს მომავალ მახვილს და არ ჩაჰბერავს საყვირს და ხალხი არ გაფრთხილდება, მაშინ მოვა მახვილი და წაართმევს მათ სულს. ის მისი ურჯულოების გამო იქნება წაყვანილი, მის სისხლს კი გუშაგის ხელიდან მოვიკითხავ.’ 7 შენ კი, ძეო კაცისავ, ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან. 8 როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: ‘ბოროტმომქმედო, მოკვდები!’ და შენ არ დაელაპარაკები მას გასაფრთხილებლად მისი გზის გამო, ის, ბოროტმომქმედი, თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. 9 მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტმომქმედი მისი გზის გამო, რომ მოქცეულიყო მისგან, მაგრამ არ მოიქცა თავისი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. 10 და შენ, ძეო კაცისავ, უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე ამბობდით თქვენ: რაკი ჩვენი დანაშაულნი და ჩვენი ცოდვანი ჩვენზეა და მასში ვლპებით, როგორღა ვიცოცხლებთ?’ 11 უთხარი მათ: ‘ცოცხალი ვარ მე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ მსურს მე ბოროტმომქმედის სიკვდილი, არამედ ბოროტმომქმედის მოქცევა მისი გზიდან, რომ იცოცხლოს მან. მოიქეცით, მოიქეცით თქვენი ბოროტი გზებიდან და რატომღა მოკვდებით, ისრაელის სახლო? 12 შენ კი, ძეო კაცისავ! უთხარი შენი ერის შვილებს: ‘მართალს მისი სიმართლე ვერ იხსნის დანაშაულის დღეს და ბოროტმომქმედს ბოროტმოქმედება ვერ დააბრკოლებს მისი ბოროტმოქმედებისგან მოქცევისას, და მართალი ვერ იცოცხლებს სიმართლით მისი ცოდვის დღეს.’ 13 როდესაც ვეუბნები მართალს: ‘იცოცხლებ!’ და მას იმედი აქვს თავისი სიმართლისა და იქმს უსამართლობას, მისი სამართალი სულ არ გაიხსენება და მის უსამართლობაში, რომელიც ჩაიდინა, მოკვდება. 14 და როდესაც ვეუბნები ბოროტმომქმედს: ‘მოკვდები!’ და ის მოიქცევა თავისი ცოდვისგან და იქმს სამართალსა და სიმართლეს, 15 ვალს დააბრუნებს ბოროტმომქმედი, წაგლეჯილს ზღავს, სიცოცხლის წესებით ივლის, უსამართლობას აღარ ჩაიდენს, იცოცხლებს და აღარ მოკვდება. 16 ყველა მისი ცოდვა, რომელიც შესცოდა, აღარ გაეხსენება მას. სამართალსა და სიმართლეს იქმს, სიცოცხლით იცოცხლებს. 17 მაგრამ ამბობენ ძენი შენი ერისა: ‘არ არის სწორი უფლის გზა!’ ეს მათი გზა არ არის სწორი. 18 თუ მართალი თავისი სიმართლისგან მიიქცევა და ჩაიდენს უსამართლობას, მაშინ მოკვდება მასში. 19 და როდესაც ბოროტმოქმედი თავისი ბოროტმოქმედებისგან მოიქცევა და იქმს სამართალსა და სიმართლეს, მათ გამო იცოცხლებს იგი. 20 თქვენ კი ამბობთ: ‘არ არის სწორი უფლის გზა!’ მაგრამ თითოეულს თავისი გზისამებრ განგსჯით, ისრაელის სახლო.” 21 ჩვენი განდევნის მეთორმეტე წელს, მეათე თვის მეხუთე დღეს, მოვიდა ჩემთან გადარჩენილი იერუსალიმიდან, სათქმელად: ‘დაიქცა ქალაქი’. 22 უფლის ხელი იყო ჩემზე იმ საღამოს გადარჩენილის მოსვლამდე და მან გამიხსნა ბაგე დილით მის მოსვლამდე ჩემთან, გამიხსნა ბაგე და აღარ ვიყავი მუნჯად. სიტყვას ისმენენ, 23 იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 24 „ძეო კაცისავ! ამ ნაოხრებში მცხოვრებნი ისრაელის მიწაზე ასე ამბობენ: ‘ერთი იყო აბრაამი და დაიმკვირდა ეს ქვეყანა, ჩვენ კი ბევრნი ვართ. ჩვენ მოგვეცა ეს ქვეყანა სამემკვიდრეოდ!’ 25 ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: სისხლიანად ჭამთ და თქვენი თვალი თქვენი კერპებისაკენაა მიპყრობილი. სისხლს ღვრით და ამ ქვეყანას დაიმკვიდრებთ? 26 თქვენს მახვილებს ეყრდნობით, სისაძაგლეს სჩადიხართ, ერთმანეთის ცოლებს ბილწავთ და ამ ქვეყანას დაიმკვიდრებთ?’ 27 ასე უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცოცხალი ვარ მე, თუ ისინი, რომელნიც ნაოხრებში არიან, მახვილით არ დაეცნენ! და მათ, ვინც გაშლილ ველზე არიან, მხეცებს მივცემ შესაჭმელად და ვინც ციხე-სიმაგრეებში და გამოქვებულებში არიან, შავი ჭირით დაიხოცებიან. 28 და უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას, და შეწყდება მისი ძლიერების სიამაყე და გაუდაბურდება მთები ისრაელისა, რადგან არ იქნება გამვლელი. 29 და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც უდაბნოდ და უდაბურად ვაქცევ ამ ქვეყანას მათი ყველა სისაძაგლის გამო, რაც ჩაიდინეს.’ 30 და შენ, ძეო კაცისავ! ძენი შენი ერისა შენზე ლაპარაკობენ კედლებთან და სახლის შესასვლელებთან და ეუბნებიან ერთიმეორეს, თითოეული თავის ძმას: ‘მოდით და მოისმინეთ სიტყვა, რომელიც გამოვიდა უფლისაგან!’ 31 და მოდიან შენთან, როგორც მოდის ერი, და სხდება შენს წინ ჩემი ერი და ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას, რადგან სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთი ბაგეებით. ანგარებას უკან მიჰყვება მათი გული. 32 და აჰა, სალაღობო სიმღერა ხარ მათთვის – ლამაზი ხმაა და კარგად უკრავს. ისმენენ შენს ნათქვამს, მაგრამ არ ასრულებენ მას. 33 და როდესაც მოვა ეს, აჰა, მოდის, მაშინ მიხვდებიან, რომ წინასწარმეტყველი იყო მათ შორის.”