ეზეკიელი 12

By
აგვისტო 17, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

121 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მეამბოხეთა სახლში ცხოვრობ შენ, რომელთაც თვალები აქვთ დასანახავად და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ მოსასმენად და არ ესმით, რადგან მეამბოხენი არიან ისინი. 3 და შენ, ძეო კაცისავ, გაიკეთე შენთვის გადასახლების ბარგი და გადასახლდი დილით მათ თვალწინ. და გადასახლდი შენი ადგილიდან სხვა ადგილისაკენ მათ თვალწინ, იქნებ დაინახონ, რომ მეამბოხეთა სახლი არიან. 4 და ამოიღე შენი ბარგი, როგორც ბარგი გადასახლებულისა, დღისით მათ თვალწინ, და გამოხვალ საღამოს მათ თვალწინ, როგორც გამოდიან გადასახლებაში წამსვლელნი. 5 მათ თვალწინ გათხარე შენთვის კედელი და გაიტანე ბარგი იქიდან. 6 მათ თვალწინ საკუთარი მხრებით ზიდე, სიბნელეში გაიტანე, სახე დაიფარე და არ დაინახავ ქვეყანას, რადგან სასწაულად მიგეცი შენ ისრაელის სახლს.” 7 და გავაკეთე ისე, როგორც ნაბრძანები მქონდა: ჩემი ბარგი, როგორც ბარგი გადასახლებულისა, გავიტანე დღისით და საღამოს გავთხარე ჩემთვის კედელი ხელით, სიბნელეში გავიტანე, მხრებით ვზიდე მათ თვალწინ. 8 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი დილას: 9 „ძეო კაცისავ! განა არ გითხრა შენ ისრაელის სახლმა, მეამბოხეთა სახლმა, რას აკეთებ შენ? 10 უთხარი მათ: ‘ასე ამბობს უფალი ღმერთი: ეს წინასწარმეტყველება ეხება იერუსალიმის მთავარს და მთელ ისრაელის სახლს, ყველას, ვინც იქ ცხოვრობს.’ 11 თქვი: ‘მე სასწაული ვარ თქვენთვის.’ როგორც მე გავაკეთე, ისე გაუკეთებენ მათ: გადასახლებაში, ტყვეობაში წავლენ ისინი. 12 და მთავარი, რომელიც მათ შორისაა, მხრებით ზიდავს სიბნელეში და გავა კედელში, რომელსაც გამოთხრიან, რათა გაიყვანონ იქიდან. სახეს დაიფარავს, რათა არ დაინახოს თვალით ეს ქვეყანა. 13 და გავშლი მასზე ჩემს ბადეს და დაჭერილ იქნება ჩემს სათხეველში. და მოვიყვან მას ბაბილონში, ქალდეველთა ქვეყანაში, მაგრამ ვერ იხილავს მას და იქ მოკვდება. 14 და ყველას, ვინც მის ირგვლივ არის, შემწეთ და მთელ მის მხედრობას, გავანიავებ ყველა ქარის მიმართულებით, და მახვილს გავაშიშვლებ მათ უკან. 15 და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავფანტავ მათ ხალხებში და გავანიავებ მათ ქვეყნებში. 16 და დავტოვებ მათგან რამოდენიმე კაცს, დავიფარავ მახვილის, შიმშილისა და შავი ჭირისაგან, რათა მოუთხრონ მთელი თავიანთი სისაძაგლე ხალხებს, რომლებთანაც წავლენ და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.” 17 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: : 18 „ძეო კაცისავ! შენი პური კანკალით ჭამე და შენი წყალი ცახცახით და დარდით სვი. 19 და უთხარი ამ ქვეყნის ხალხს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა იერუსალიმისა და ისრაელის ქვეყნის მცხოვრებზე: თავის პურს დარდით შეჭამენ და თავის წყალს შიშით შესვამენ, რადგან დაცარიელდება მისი ქვეყანა მისი სისავსისაგან ყველა მასში მცხოვრების ძალადობის გამო. 20 დასახლებული ქალაქები დაინგრევა და ქვეყანა უდაბნოდ იქცევა და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.” 21 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 22 „ძეო კაცისავ! ეს რა იგავი გაქვთ თქვენ ისრაელის მიწაზე ნათქვამი: ‘გაივლის დღე და გაქრება ყველა წინასწარმეტყველება?’ 23 ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: გავაუქმე მე ეს იგავი და აღარ ილაპარაკებენ იგავებით ისრაელში. მაგრამ უთხარი მათ: მოახლოებულია ეს დღეები და სიტყვა ყოველი წინასწარხილვისა. 24 რადგან აღარ იქნება არავითარი ცრუ წინასწარხილვა და პირმოთნე მკითხაობა ისრაელის სახლის შიგნით. 25 რადგან მე, უფალი, ვიტყვი და სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება და აღარ გადაიდება, რადგან თქვენს დღეებში, მეამბოხეთა სახლო, ვიტყვი სიტყვას და შევასრულებ მას!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 26 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 27 „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ამბობს: ‘ის ხილვა, რომელიც მან იხილა, მრავალი დღეებისაა და შორეულ დღეებზე წინასწარმეტყველებს.’ 28 ამიტომ უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: აღარ გადაიდება არც ერთი ჩემი სიტყვა, რადგან სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი, შესრულდება!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი მეთერთმეტე                                                                                                                                 თავი მეცამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close