HomeUncategorized

ეზეკიელი 3

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

31 და მან მითხრა მე: „ძეო კაცისავ, რასაც იპოვი, ჭამე, ჭამე ეს გრაგნილი და წადი, ელაპარაკე ისრაელის სახლს.” 2 და გავაღე მე პირი და მან შემაჭამა ეს გრაგნილი. 3 და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! გამოკვებე შენი მუცელი და გაავსე შენი შიგნეული ამ გრაგნილით, რომელსაც მე გაძლევ შენ.” და მე შევჭამე ის და მეტკბო პირში, როგორც თაფლი. 4 და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! წადი, მიდი ისრაელის სახლში და ელაპარაკე მათ ჩემი სიტყვებით, 5 რადგან არა გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხთან ხარ გაგზავნილი, არამედ ისრაელის სახლთან. 6 არა მრავალ გაურკვეველი მეტყველებისა და მძიმე ენის ხალხებთან, რომელთა ლაპარაკსაც ვერ გაიგებ. იმათთან რომ გამეგზავნე, ისინიც კი მოგისმენდნენ შენ, 7 მაგრამ ისრაელის სახლი არ ისურვებს მოგისმინოს, რადგან მათ არ სურთ ჩემი მოსმენა, რადგან მთელი ისრაელის სახლი შუბლსასტიკი და გულჯიუტია. 8 აჰა, მე გავხადე შენი სახე მაგარი მათი სახეების პირისპირ, შენი შუბლი – მაგარი მათი შუბლების პირისპირ. 9 ალმასივით, რომელიც ქვაზე მაგარია, გავხადე შენი შუბლი. ნუ შეგეშინდება მათი და ნუ შეკრთები მათ სახეთაგან, რადგან მეამბოხე სახლია ისინი.” 10 და მითხრა მე: „ძეო კაცისავ! ყოველი ჩემი სიტყვა, რომელსაც მე გეტყვი, შენს გულში მიიღე და შენი ყურით მოისმინე. 11 და წადი, მიდი გადასახლებულებთან, შენი ხალხის შვილებთან, და ელაპარაკე მათ და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა – მოისმენენ თუ არ მოისმენენ.’” 12 და წამიყვანა მე სულმა და მომესმა ჩემს უკან ხმა, ძლიერი ხმაური: „კურთხეულია უფლის დიდება მისი ადგილიდან,” 13 და ხმა ცხოველთა ფრთებისა, რომლებიც ერთმანეთს ეხლებოდნენ, და ხმა ბორბლებისა მათ გვერდით და ხმა ძლიერი ხმაურისა. 14 და სულმა ამიტაცა მე და წამიყვანა, და წავედი მე გამწარებული და გაჯავრებული სულით, და უფლის ხელი მტკიცედ იყო ჩემზე. 15 და მოვედი გადასახლებულებთან თელ-აბიბში, მსხდომებთან მდინარე ქებართან, და სადაც ისინი ისხდნენ, იქ დავჯექი შვიდ დღეს მათ შორის გაოგნებული. 16 და შვიდი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: 17 „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლის გუშაგად დაგაყენე და ჩემი პირიდან მოისმენ სიტყვას და გააფრთხილებ მათ ჩემგან. 18 როდესაც მე ვეტყვი ბოროტმოქმედს: ‘მოკვდები!’ და შენ არ გააფრთხილებ მას მისი ბოროტი გზების გამო, რათა გადარჩეს, ის ბოროტმოქმედი თავის ურჯულოებაში მოკვდება, მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. 19 მაგრამ თუ გააფრთხილე ბოროტმოქმედი და ის არ მოიქცა თავისი ბოროტმოქმედებიდან და თავისი ბოროტი გზიდან, ის თავის ურჯულოებაში მოკვდება, შენ კი შენს სულს იხსნი. 20 და თუ მართალი განდგება თავისი სიმართლიდან და იქმს უსამართლობას, მაშინ მე დავდებ მის წინაშე დაბრკოლებას და მოკვდება იგი, რადგან არ გააფრთხილე. ის თავის ცოდვაში მოკვდება და არ მოიხსენება მისი მართალი საქმენი, რომელნიც გაუკეთებია. მის სისხლს კი შენი ხელიდან მოვიკითხავ. 21 შენ კი, თუ გააფრთხილებ მართალს, რომ არ შესცოდოს, და არ შესცოდავს, გადარჩება, რადგან გაფრთხილდა. შენ კი იხსნი შენს სულს.” 22 და იყო ჩემზე იქ ხელი უფლისა და მითხრა: „ადექი, გადი ხეობისაკენ და იქ დაგელაპარაკები.” 23 ავდექი და გავედი ხეობისაკენ და აჰა, უფლის დიდება იდგა იქ, მსგავსი დიდებისა, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. და პირქვე დავემხე. 24 და შემოვიდა ჩემში სული და დამაყენა ფეხზე, და მელაპარაკა და მითხრა: „წადი, ჩაიკეტე შენს სახლში. 25 და შენ, ძეო კაცისავ! აჰა, დაგადებენ ბორკილებს და შეგკრავენ ამით, და ვერ დააღწევ მათ თავს. 26 და შენს ენას მივაკრავ შენს სასას და დამუნჯდები, და აღარ ეყოლები მათ მამხილებელ კაცად, რადგან მეამბოხე სახლია ისინი. 27 და როცა დაგელაპარაკები, გავხსნი შენს პირს და ეტყვი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მსმენელმა ისმინოს! ვისაც არ სურს, ნუ მოისმენს, რადგან მეამბოხე სახლია ისინი!’”

თავი მეორე                                                                                                                                           თავი მეოთხე

COMMENTS