HomeUncategorized

ეზეკიელი 14

ძველი აღთქმა
ეზეკიელი
141 მოვიდნენ ჩემთან კაცები ისრაელის უხუცესთაგან და დასხდნენ ჩემს წინაშე. 2 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 3 „ძეო კაცისავ! ამ კაცებმა აღმართეს თავიანთი კერპები თავიანთ გულებში და თავიანთი ურჯულოების დაბრკოლებად დადეს თავიანთ წინაშე. განა შევძლებ მე შევიწყნარო ისინი? 4 ამიტომ ილაპარაკე მათთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან, რომელიც აღმართავს თავის გულში თავის კერპებს და დაბრკოლებას თავისი ურჯულოებისას დადებს თავის წინაშე და მივა წინასწარმეტყველთან, მე, უფალი შევიწყნარებ მას? როცა მოდის თავისი მრავალი კერპით, 5 რათა მიხვდეს ისრაელის სახლი თავის გულში, რომ უცხონი გახდნენ ჩემთვის ყველანი თავიანთი კერპების გამო.’ 6 ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: დაბრუნდით და მოიქეცით თქვენი კერპებისაგან და ყველა თქვენი სისაძაგლისაგან მოაბრუნეთ თქვენი პირი, 7 რადგან ყოველი კაცი ისრაელის სახლიდან და მწირთაგან, რომელიც იცხოვრებს ისრაელში, და რომელიც უცხო გახდება ჩემთვის, და თავის კერპებს აღმართავს თავის გულში და თავისი ურჯულოების დაბრკოლებას დაიდებს თავის წინ, და მივა წინასწარმეტყველთან და შეეკითხება მას ჩემზე, მე, თავად უფალი, შევიწყნარებ? 8 და მივაქცევ ჩემს პირს იმ კაცისაკენ და დავდებ მას ნიშნად და იგავად და მოვსპობ მას ჩემი ხალხიდან. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 9 და ეს წინასწარმეტყველი თუ ცდუნდება და იტყვის სიტყვას, განა მე, უფალმა ვაცდუნე ის წინასწარმეტყველი? და გავიწვდენ ხელს მასზე და მოვსპობ მას ჩემი ერიდან, ისრაელიდან. 10 და იტვირთავენ ისინი თავიანთ ურჯულოებას და როგორიცაა ურჯულოება შემკითხველისა, ისეთი იქნება ურჯულოება წინასწარმეტყველისა. 11 რათა აღარ განდგეს ჩემგან მეტად სახლი ისრაელისა და აღარ შეიბილწონ მეტად ყოველი თავიანთი დანაშაულით, და გახდნენ ჩემს ერად და მე ვიქნები მათთვის ღმერთად!’” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 12 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 13 „ძეო კაცისავ! რომელიმე ქვეყანამ რომ შესცოდოს ჩემს წინაშე და მიღალატოს, და მე გავიწვდინო ხელი მასზე და დავულეწო მას პურის არგანი, და მივუვლინო მას შიმშილი და მოვკვეთო მისგან ადამიანი და საქონელი, 14 და რომ იყოს იქ ეს სამი კაცი: ნოე, დანიელი და იობი, ისინი თავიანთი სიმართლით მხოლოდ თავიანთ სულებს იხსნიან!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 15 „ანდა ბოროტი მხეცი რომ მივუშვა იმ ქვეყანაში და უშვილო გახადოს, და უდაბნოდ გადაიქცეს, და არ იყოს გამვლელი იმ მხეცის გამო, 16 ეს სამი კაცი იქ იყოს, ცოცხალი ვარ მე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერც ძეთ და ვერც ასულთ ვერ გადაარჩენენ, მარტო ისინი გადარჩებიან, ის ქვეყანა კი უდაბნოდ იქცევა. 17 ან მახვილს მოვიტან იმ ქვეყანაზე და ვიტყვი: მახვილმა დაიაროს ამ ქვეყანაში და მოკვეთოს მისგან ადამიანი და საქონელი, 18 ის სამი კაცი მასში, ცოცხალი ვარ მე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერ გადაარჩენენ ძეთ და ასულთ, რადგან მარტო ისინი გადარჩებიან. 19 ან შავ ჭირს მოვუვლენ იმ ქვეყანას და დავანთხევ მასზე ჩემს რისხვას სისხლში მისგან ადამიანისა და საქონლის აღმოსაკვეთად. 20 ნოე, დანიელი და იობი მასში, ცოცხალი ვარ მე”, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – „ვერც ძეს და ვერც ასულს ვერ გადაარჩენენ. ისინი თავიანთი სიმართლით გადაარჩენენ მხოლოდ თავიანთ სულებს.” 21 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „თუმცა ჩემი ოთხი მძიმე სასჯელი: მახვილი და შიმშილი, ბოროტი მხეცი და შავი ჭირი მოვუვლინე იერუსალიმს მისგან ადამიანისა და საქონლის აღმოსაკვეთად, 22 და აჰა, დარჩნენ მასში გადარჩენილნი, რომელნიც გამოყვანილი იქნებიან – ძენი და ასულნი. აჰა, გამოდიან თქვენკენ და დაინახავთ მათ გზასა და მათ მოქმედებას და ნუგეშცემული იქნებით უბედურების გამო, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმზე, ყველაფრის გამო, რაც მე მოვაწიე მასზე. 23 და განუგეშებენ თქვენ, რადგან დაინახავთ მათ გზასა და მათ მოქმედებას და მიხვდებით, რომ ამაოდ არ გამიკეთებია ყოველივე, რაც მასში გავაკეთე.” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი მეცამეტე                                                                                                                                 თავი მეთხუთმეტე

COMMENTS