ეზეკიელი
201 და იყო მეშვიდე წელს, მეხუთე თვის მეათე დღეს, რომ მოვიდნენ კაცები ისრაელის უხუცესთაგან უფლის საკითხავად და დასხდნენ ჩემს წინ. 2 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 3 „ძეო კაცისავ! ილაპარაკე ისრაელის უხუცესებთან და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა, ღმერთმა: ჩემს საკითხავად მოხვედით თქვენ. ცოცხალი ვარ მე, თუ გაკითხვინეთ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 4 „განსჯი მათ? განსჯი, ძეო კაცისავ? მათი მამების სისაძაგლენი აუწყე მათ. 5 და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იმ დღეს, როდესაც მე ამოვარჩიე ისრაელი და ავუწიე ჩემი ხელი იაკობის სახლის თესლს და გამოვეცხადე მათ ეგვიპტის ქვეყანაში და ავუწიე მათ ჩემი ხელი, ვუთხარი: მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 6 იმ დღეს ავუწიე მათ ჩემი ხელი ფიცით, რომ გავიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელიც გამოვძებნე მათთვის – ქვეყანა მადინებელი რძისა და თაფლისა. ის ყველა ქვეყანაზე მშვენიერია. 7 და ვუთხარი მათ: ყოველმა თქვენგანმა განაგდოს თავის თვალის სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპებით ნუ შეიბილწებით. მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 8 მაგრამ ისინი აღმიდგნენ მე და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა. არც ერთმა არ განაგდო თავის თვალის სისაძაგლეები და ეგვიპტის კერპები არ მიატოვა, და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა ჩემი რისხვა და დამესრულებინა ჩემი წყრომა მათზე შიგ ეგვიპტის ქვეყანაში. 9 მაგრამ მე ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა შორისაც ისინი იმყოფებოდნენ, რომელთა თვალწინაც გამოვუცხადე მათ, რომ გამოვიყვანდი მათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 10 და მე გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან და მივიყვანე უდაბნოში. 11 და მივეცი მათ ჩემი წესები და ჩემი სამართალი გამოვუცხადე მათ, რათა შეესრულებინა ისინი ადამიანს და ეცოცხლა მათით. 12 და ჩემი შაბათებიც მივეცი მათ, რათა ყოფილიყვნენ ნიშნად ჩემსა და მათ შორის, რათა ცოდნოდათ, რომ მე ვარ უფალი, მათი განმწმედელი. 13 მაგრამ ისრაელის სახლი აღმიდგა მე უდაბნოში, ჩემი წესებისამებრ არ იარეს და ჩემი სამართალი შეიზიზღეს, რომელიც უნდა შეესრულებინა ადამიანს და ეცოცხლა მით. და ჩემი შაბათები შებღალეს მეტისმეტად. და მე ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე უდაბნოში ჩემი რისხვა, რათა ამომეწყვიტა ისინი. 14 მაგრამ ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. 15 ავუწიე კიდეც ჩემი ხელი უდაბნოში, რომ არ მივიყვანდი მათ იმ ქვეყანაში, რომელიც მივეცი, მადინებელში რძისა და თაფლისა. ის ყველა ქვეყანაზე მშვენიერია. 16 რადგან შეიზიზღეს ჩემი სამართალი და ჩემი წესებით არ იარეს და შებღალეს ჩემი შაბათები, რადგან კერპებს მისდევდა უკან მათი გულები. 17 მაგრამ შეიბრალა ისინი ჩემმა თვალმა დასაღუპად და არ მოვსპე ისინი უდაბნოში. 18 და მე ვუთხარი მათ ძეთ: თქვენი მამების წესებით არ იაროთ, მათი სამართალი არ დაიცვათ და მათი კერპებით არ შეიბილწოთ. 19 მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ჩემი წესებით იარეთ და ჩემი სამართალი დაიცავით და შეასრულეთ ის. 20 ჩემი შაბათები წმიდა ჰყავით და იქნება ისინი ნიშნად ჩემსა და თქვენს შორის, რათა იცოდეთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი. 21 მაგრამ აღმიდგნენ მე ძენი, ჩემი წესებით არ იარეს და ჩემი სამართალი არ დაიცვეს, არ შეასრულეს ისინი, რომელთა შესრულებით ადამიანს უნდა ეცოცხლა. ჩემი შაბათები შებღალეს და ჩავითქვი, გადმომეღვარა მათზე ჩემი რისხვა, დამესრულებინა მათზე ჩემი წყრომა უდაბნოში. 22 მაგრამ მე დავიფიცე და ვმოქმედებდი ჩემი სახელის გულისათვის, რათა არ შებღალულიყო იგი იმ ხალხების თვალში, რომელთა თვალწინაც გამოვიყვანე ისინი. 23 თავად მეც ავუწიე მათ ხელი უდაბნოში, რომ გავფანტავდი მათ ხალხებში და გავაბნევდი ქვეყნებში. 24 რადგან ჩემი სამართალი არ შეასრულეს და ჩემი წესები შეიზიზღეს, ჩემი შაბათები შებღალეს და თავიანთი მამების კერპების უკან იყო მათი თვალი. 25 და თავად მეც მივეცი მათ ცუდი წესები და სამართალნი, რითაც ვერ იცოცხლებენ, 26 და უწმიდურად გამოვაცხადე ისინი თავიანთი შესაწირავებით, საშოს ყოველი გამღების ცეცხლში გატარებით, რათა გაუკაცრიელებულიყვნენ, რათა გაეგოთ, რომ მე ვარ უფალი. 27 ამიტომ ელაპარაკე ისრაელის სახლს, ძეო კაცისავ! და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: კიდევ ამით მლანძღავდნენ მე თქვენი მამები, მუხთლობით მუხთლობდნენ ჩემს მიმართ. 28 და მოვიყვანე ქვეყანაში, რომელზეც ავწიე ხელი, რომ მივცემდი მათ, და მათ დაინახეს ყოველი მაღალი ბორცვი და ყოველი ხშირტოტიანი ხე და სწირავდნენ იქ თავიანთ მსხვერპლს, და მაჯავრებდნენ იქ თავიანთი მსხვერპლით და დებდნენ იქ თავიანთ საყნოსავ კეთილსურნელებას და უღვრიდნენ იქ თავიანთ საღვრელს. 29 და მე ვუთხარი მათ: რა არის ის გორაკი, სადაც თქვენ დადიხართ?’ გორაკი სახელად ეწოდება მას ამ დღემდე. 30 და ამიტომ უთხარი ისრაელის სახლს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: განა თქვენი მამების გზით არ ბილწობთ და მათი სისაძაგლის კვალდაკვალ არ სიძვობთ? 31 და თქვენი შესაწირავების მოტანით, თქვენს ძეთა ცეცხლში გატარებით არ იბილწებით მთელი თქვენი კერპებითურთ დღემდე? და მე გაკითხვინებთ თავს, ისრაელის სახლო? ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘არ გაკითხვინებთ თავს. 32 და რაც თქვენ გუნებაში მოგივიდათ, არ იქნება, რომ ამბობთ: ‘ვიქნებით სხვა ხალხებივით, სხვა ქვეყნების ტომებივით ვემსახურებით ხესა და ქვას!” 33 ‘ცოცხალი ვარ მე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘ძლიერი ხელითა და გაწვდილი მკლავით და გადმოღვრილი რისხვით არ ვიმეფებ თქვენზე, 34 გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, სადაც განიფანტეთ ძლიერი ხელით და გაწვდილი მკლავით და გადმოღვრილი რისხვით, 35 და მიგიყვანთ ხალხების უდაბნოში და განგსჯით იქ პირისპირ. 36 როგორც განვსაჯე თქვენი მამები ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ასევე განგსჯით თქვენ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 37 ‘და გაგატარებთ კვერთხის ქვეშ და მოგიყვანთ აღთქმის ბორკილებით. 38 და გამოვყოფ თქვენგან მეამბოხეებს და დამნაშავეთ ჩემს წინაშე. მათი საცხოვრებელი ქვეყნიდან გამოვიყვან მათ, მაგრამ ისრაელის მიწაზე ვერ მივლენ. და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი!’ 39 და თქვენ, სახლო ისრაელისა, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘თითოეული თავის კერპთან წავიდეს და ემსახუროს მას, და მერე, თუ არ მომისმენთ, ჩემს წმიდა სახელს მეტად ვეღარ შებღალავთ თქვენი საჩუქრებითა და თქვენი კერპებით. 40 რადგან, ჩემს წმიდა მთაზე, ისრაელის მაღალ მთაზე’, – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘იქ მემსახურებით მთელი სახლი ისრაელისა – ყველანი ქვეყანაზე. იქ მოვისურვებ მათ და იქ მოვითხოვ თქვენს შეწირულობებს და პირველნაყოფს თქვენი მოსავლისა ყველა თქვენი სიწმიდითურთ. 41 საყნოსავ კეთილსურნელებად შეგიწყნარებთ თქვენ, როდესაც გამოგიყვანთ ხალხებიდან და შეგკრებთ ქვეყნებიდან, რომლებშიც გაიფანტეთ, და წმიდად გამოვცხადდები თქვენში ხალხების თვალწინ. 42 და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მიგიყვანთ თქვენ ისრაელის მიწაზე, ქვეყანაში, რომელზეც ავწიე ჩემი ხელი, რომ მივცემდი მას თქვენს მამებს! 43 და გაიხსენებთ იქ თქვენს გზებს და ყველა თქვენს ნამოქმედარს, რომლითაც შეიბილწეთ, და შეგძაგდებათ თქვენი თავი ყველა იმ სიბოროტის გამო, რაც ჩაიდინეთ. 44 და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც მოგექცევით ჩემი სახელის გულისათვის, არა თქვენი ბოროტი გზებისა და თქვენი შერყვნილი ნამოქმედარისამებრ, ისრაელის სახლო!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. 45 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 46 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი თემანის გზისაკენ და უქადაგე სამხრეთს და უწინასწარმეტყველე სამხრეთის ველის ტყეს. 47 და უთხარი სამხრეთის ტყეს: ‘ისმინე სიტყვა უფლისა. ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ცეცხლს შეგინთებ და შეჭამს შენში ყველა ნედლსა და ყველა გამხმარ ხეს. არ ჩაქრება აალებული ალი და დაიხრუკება მასში მთელი ზედაპირი სამხრეთიდან ჩრდილოეთამდე. 48 და იხილავს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალმა გავაღვივე ის და არ ჩაქრება!’” 49 და ვთქვი მე: „ოჰ, უფალო, ღმერთო, ისინი კითხულობენ ჩემზე: იგავებს ხომ არ ამბობსო?”