HomeUncategorized

ეზეკიელი 26

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

261 და იყო ეს მეთერთმეტე წელს, პირველ დღეს პირველი თვისა, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! იმის გამო, რომ ცორი ასე ამბობს იერუსალიმზე: ‘აჰა, დაილეწა კარნი ხალხთა, ჩემკენ მობრუნდა. მე გავივსები მისი აოხრებით;’ 3 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე ვარ შენს წინააღმდეგ, ცორო, და აღვძრავ შენზე მრავალ ხალხებს, როგორც ზღვა აღძრავს თავის ტალღებს, 4 და დაანგრევენ ცორის გალავნებს და დააქცევენ მის კოშკებს, და გამოვგვი მის მტვერს მისგან და გადავაქცევ მას შიშველ კლდეებად. 5 ბადეების გასაფენი ადგილი იქნება ის ზღვის შუაგულში, რადგან მე ვთქვი ეს!’ – სიტყვა უფალი – ‘და იქნება იგი საძარცვავად ხალხებისათვის. 6 და მისი ასულნი, რომელნიც მინდორში არიან, მახვილით დაიხოცებიან და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’” 7 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე მოვიყვან ცორზე ჩრდილოეთიდან ნაბუქოდონოსორს, ბაბილონის მეფეს, მეფეთა მეფეს, ცხენებით, ეტლებითა და მხედრებით, კრებულითა და მრავალი ხალხით. 8 შენს ასულებს მინდორში დახოცავს და დადგამს შენს წინააღმდეგ სათვალთვალო კოშკს, და დაყრის შენს წინააღმდეგ მიწაყრილს და აღმართავს შენს წინააღმდეგ ფარს. 9 კედლის სანგრევ მანქანას დადგამს შენს კედლებთან და შენს გოდლებს თავისი მახვილით დალეწავს, 10 მისი მრავალრიცხოვანი ცხენების მტვერი დაგფარავს შენ, მხედრის, ბორბლისა და ეტლის ხმა შეარყევს შენს კედლებს, როდესაც შემოვლენ შენს კარიბჭეში, როგორც შემომსვლელნი ზღუდეგარღვეულ ქალაქში. 11 ფლიქვები მისი ცხენისა დაქელავენ შენს ყველა ქუჩას, შენი ხალხი მახვილით იქნება დახოცილი და შენი სიძლიერის ძეგლები მიწაზე დაემხობა. 12 და გაძარცვავენ შენს დოვლათს, და გაქურდავენ შენს საქონელს, დაანგრევენ შენს კედლებს, შენს მშვენიერ სახლებს გააცამტვერებენ, და შენს ქვებს და შენი ხეების მტვერს წყალში ჩაყრიან. 13 და შეწყვეტ შენი სიმღერების გუგუნს და ხმას შენი ქნარებისას ვეღარ მოისმენენ. 14 გაქცევ შენ შიშველ კლდედ, ბადეების გასაფენი იქნები, აღარ აშენდები მეტად, რადგან მე, უფალმა, ვთქვი!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 15 ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ცორს: „ნუთუ შენი დაცემის ხმისაგან, შენს შიგნით ხოცვა-ჟლეტისას დაღუპულთა კვნესისაგან არ შეძრწუნდებიან კუნძულები? 16 ჩამოვლენ თავიანთი ტახტებიდან ზღვის ყველა მთავარნი და მოიხსნიან თავიანთ მოსასხამებს, და თავიანთ ნაქარგ სამოსელს გაიხდიან, შიშით შეიმოსებიან, მიწაზე დასხდებიან და შეძრწუნდებიან შენზე. 17 და დაიწყებენ შენზე მოთქმას და გეტყვიან: ‘როგორ დაიღუპე, ზღვებით დასახლებულო, განთქმულო ქალაქო, რომელიც ძლიერი იყო ზღვაზე – ის და მისი მცხოვრებნი, რომელნიც შიშსა ჰგვრიდნენ ყველა მის მცხოვრებთ.’ 18 ახლა, შეძრწუნდებიან ზღის კუნძულები, შენი დაცემის დღეს, და შეკრთებიან ზღის კუნძულები, რომელნიც ზღვაში არიან შენი დევნილობაში წასვლის გამო. 19 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: როდესაც გაქცევ აოხრებულ ქალაქად, მსგავსად ქალაქებისა, რომელნიც უკაცრიელია, როდესაც წამოიმართება შენზე უფსკრული და დაგფარავს ბევრი წყლები, 20 და ჩაგიყვან საფლავში ჩასულებთან, უწინდელ ხალხთან, საფლავში ჩასულებთან, რათა არ დასახლდე, და მშვენებას მივცემ ცოცხალთა ქვეყანას. 21 თავზარს დაგცემ შენ და აღარ იქნები, ძებნას დაგიწყებენ და ვეღარ გიპოვიან საუკუნოდ!” – სიტყვა უფალი ღმერთისა.

თავი ოცდამეხუთე
                                                                                                                        თავი ოცდამეშვიდე

COMMENTS