HomeUncategorized

ეზეკიელი 35

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

351 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი სეყირის მთას და იწინასწარმეტყველე მასზე. 3 და უთხარი მას: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, სეყირის მთავ, და გამოვიწვდენ ჩემს ხელს შენს წინააღმდეგ და გაქცევ ოხრად და ტიალად 4 შენს ქალაქებს ნანგრევებად ვაქცევ და გატიალდები და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 5 იმის გამო, რომ შენ საუკუნო მტრობა გქონდა და მახვილს გადასცემდი ისრაელის ძეთ მათი უბედურების ჟამს, უკანასკნელი ურჯულოების ჟამს, 6 ამიტომ, ცოცხალი ვარ მე,’ – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘სისხლად გაგცევ და სისხლი დაგედევნება. სისხლი არ გძულდა და სისხლი დაგედევნება შენ. 7 და ვაქცევ სეყირის მთას ოხრად და ტიალად, და მოვკვეთ მისგან გამვლელსა და გამომვლელს. 8 და გავავსებ მის მთებს დახოცილებით. შენს ბორცვებზე და შენს ხეობებში, და შენს ყველა კალაპოტში, მახვილით დახოცილები დაეცემიან. 9 საუკუნო ოხრებას მიგცემ შენ და შენი ქალაქები არ დასახლდებიან, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი. 10 იმის გამო, რომ ამბობდი შენ: ‘ეს ორი ხალხი და ეს ორი ქვეყანა ჩემი იქნება და ჩვენ დავიმკვიდრებთ მათ!’ უფალი კი იქ იყო. 11 ამიტომ, ცოცხალი ვარ მე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა, – ‘და მოგექცევი შენი რისხვისამებრ და შენი შურისამებრ, როგორც მოექეცი მათ შენი სიძულვილისამებრ და გამოვეცხადები მათ, როდესაც განგსჯი შენ. 12 და მიხვდები, რომ მე, უფალმა, მოვისმინე ყველა შენი ლანძღვა, რომელიც წარმოთქვი ისრაელის მთების მიმართ: აოხრდნენ ისინი, ჩვენ მოგვეცა შესაჭმელად! 13 და მედიდურობდით ჩემს წინააღმდეგ თქვენი პირით და ამრავლებდით სიტყვებს ჩემს წინააღმდეგ, მე მოვისმინე. 14 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: როდესაც გაიხარებს მთელი ქვეყანა, უდაბურად გაქცევ შენ. 15 როგორც ხარობდი შენ ისრაელის სახლის სამკვიდროს გაუდაბურებაზე, ისე მოგექცევი შენ: გაუდაბურდები, სეყირის მთავ და მთელო ედომო მთლიანად, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.”

თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                      თავი ოცდამეთექვსმეტე

COMMENTS