HomeUncategorized

ეზეკიელი 37

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

371 იყო ჩემზე უფლის ხელი და გამომიყვანა მე უფლის სულით და დამსვა მე შუაგულ ველზე, და სავსე იყო იგი ძვლებით. 2 და მომატარა მათ შორის ირგვლივ და ძალზე ბევრი იყო ისინი ველის პირზე და აჰა, ძალზე გამხმრები იყო. 3 და მკითხა მან: „ძეო კაცისავ! გაცოცხლდებიან ეს ძვლები თუ არა?” და ვუთხარი მე: ‘უფალო ღმერთო, მხოლოდ შენ უწყი!” 4 და მითხრა მან: ‘იწინასწარმეტყველე ამ ძვლებზე და უთხარი მათ: ‘გამხმარო ძვლებო, ისმინეთ სიტყვა უფლისა.’ 5 ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ამ ძვლებს: ‘შემოვიყვან თქვენში სულს და გაცოცხლდებით თქვენ. 6 მოგცემთ თქვენ ძარღვებს და ამოვიყვან თქვენზე ხორცს, დაგფარავთ კანით და მოგცემთ სულს, და გაცოცხლდებით და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი.’” 7 და ვიწინასწარმეტყველე მე, როგორც მქონდა ნაბრძანები. და მესმა ხმა, როდესაც ვწინასწარმეტყველებდი, და ხმაური, და მიუახლოვდნენ ძვლები ერთმანეთს, ძვალი თავის ძვალს. 8 და დავინახე, აჰა, ამოვიდა მათზე ძარღვები და ხორცი და ტყავი გადაეფარა ზედ. სული კი არ იყო მათში. 9 და მითხრა მე: ‘უწინასწარმეტყველე სულს, იწინასწარმეტყველე, ძეო კაცისავ, და უთხარი სულს: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ოთხი ქარიდან მოდი, სულო, და შთაბერე ამ მკვდრებს და გაცოცხლდებიან.’” 10 და მე ვიწინასწარმეტყველე, როგორც მქონდა ნაბრძანები, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ და დადგნენ ფეხზე – ძალზე, ძალზე დიდი ლაშქარი. 11 და მითხრა მან: „ძეო კაცისავ! ეს ძვლები მთელი ისრაელის სახლია. აჰა, ამბობენ: ‘გაშრა ჩვენი ძვლები და დაიკარგა ჩვენი იმედი!’ 12 ამიტომ იწინასწარმეტყველე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე გავხსნი თქვენს საფლავებს და ამოგიყვანთ იქიდან, ჩემო ხალხო, და მიგიყვანთ ისრაელის მიწაზე. 13 და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, როდესაც გავხსნი თქვენს საფლავებს და როდესაც ამოგიყვანთ თქვენი საფლავებიდან, ჩემო ხალხო! 14 და ჩავდებ ჩემს სულს თქვენში და გაცოცხლდებით და დაგსვამთ თქვენს მიწაზე და მიხვდებით, რომ მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთე’, – სიტყვა უფლისა. ხილვა ორი ჯოხისა 15 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 16 ‘და შენ, ძეო კაცისავ! აიღე შენთვის ერთი ჯოხი და დაწერე მასზე: ‘იუდას და ისრაელის ძეთ, გაერთიანებულთ მასთან,’ და აიღე მეორე ჯოხი და დაწერე მასზე: ‘ეფრემის ჯოხი, იოსებს და მთელ ისრაელის სახლს, გაერთიანებულს მასთან.’ 17 და მიუსადაგე ისინი ერთიმეორეს ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი შენს ხელში. 18 და როდესაც გკითხავენ შენ ძენი შენი ერისა: ‘არ გაგვაგებინებ, რა გაქვს ეს?’ 19 უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვიღებ იოსების ჯოხს, რომელიც ეფრემისა და მასთან გაერთიანებულ ისრაელის ტომთა ხელშია, და შევუერთებ მას იუდას ჯოხს და ვაქცევ მათ ერთ ჯოხად და გახდებიან ერთნი ჩემს ხელში.’ 20 და ჯოხები, რომლებზეც შენ დაწერე, შენს ხელში იქნებიან მათ თვალწინ, 21 და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: მე ავიყვან ისრაელის ძეთ ხალხებს შორის, რომლებთანაც წავიდნენ, და შევაგროვებ მათ ყოველი მხრიდან და მოვიყვან მათ თავიანთ მიწაზე. 22 და ვაქცევ მათ ერთ ხალხად ქვეყანაში, ისრაელის მთებში, და ერთი მეფე იქნება ყველასთვის მეფედ და აღარ იქნებიან ორ ხალხად და აღარ გაიყოფიან ორ სამეფოდ აღარასოდეს. 23 და აღარ შეიბილწებიან კერპებით, თავიანთი სისაძაგლით და დანაშაულით და ვიხსნი მათ მათი ყველა საცხოვრებლიდან, სადაც შესცოდეს მათ, და განვწმედ მათ და იქნებიან ჩემს ერად და მე ვიქნები მათ ღმერთად. 24 და ჩემი მსახური დავითი იქნება მათზე მეფედ და ერთი მწყემსი ეყოლება ყველას, და ჩემი სამართლით ივლიან და ჩემს წესებს დაიცავენ და შეასრულებენ. 25 და იცხოვრებენ მიწაზე, რომელიც მე მივეცი ჩემს მსახურს, იაკობს, სადაც ცხოვრობდნენ თქვენი მამები, და დასახლდებიან მასზე ისინი და მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე. და დავითი, ჩემი მსახური იქნება მათი მთავარი საუკუნოდ. 26 და დავდებ მათთან მშვიდობის აღთქმას, საუკუნო აღთქმა იქნება მათთან, და დავამკვიდრებ მათ და გავამრავლებ, და დავდებ ჩემს საწმიდარს მათ შორის საუკუნოდ. 27 და იქნება ჩემი სავანე მათზე, და ვიქნები მათთვის ღმერთად და ისინი ერად იქნებიან ჩემთვის. 28 და მიხვდებიან ხალხები, რომ მე, უფალი, ვარ განმწმედელი ისრაელისა, როდესაც იქნება ჩემი საწმიდარი მათ შორის საუკუნოდ.’”

თავი ოცდამეთექვსმეტე                                                                                                        თავი ოცდამეთვრამეტე

COMMENTS