HomeUncategorized

ეზეკიელი 48

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

48„და ესენია ტომთა სახელები: ჩრდილოეთის კიდედან ხეთლონის გზასთან ხამათის მიმართულებით ხაცარ-ყენონი – დამასკოს საზღვარი ჩრდილოეთით, ხამათის გვერდით. და ექნება მას აღმოსავლეთის კიდე დასავლეთით – დანს ერთი წილი. 2 დანის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – აშერს ერთი წილი. 3 აშერის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ნაფთალს ერთი წილი. 4 ნაფთალის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – მენაშეს ერთი წილი. 5 და მენაშეს საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – ეფრემს ერთი წილი. 6 და ეფრემის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – რეუბენს ერთი წილი. 7 და რეუბენის საზღვართან აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე – იუდას ერთი წილი. 8 და იუდას საზღვართან აღმოსავლეთი კიდიდან დასავლეთის კიდემდე იქნება შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ: ოცდახუთი ათასი სიგანით და სიგრძით, როგორც ერთი ნაწილი აღმოსავლეთის კიდიდან დასავლეთის კიდემდე, და იქნება საწმიდარი მის შიგნით. 9 და შესაწირავი, რომელსაც შესწირავთ თქვენს უფალს, იქნება სიგრძით ოცდახუთი ათასი და სიგანით ათი ათასი. 10 და მათთვის, მღვდელთათვის, იქნება წმიდა შესაწირავი: ჩრდილოეთით – ოცდახუთი ათასი და დასავლეთით – სიგანე ათი ათასი და აღმოსავლეთით – სიგანე ათი ათასი და სამხრეთით – სიგრძე ოცდახუთი ათასი. და იქნება უფლის საწმიდარი მის შიგნით. 11 ეს არის განწმედილ მღვდელთათვის, ცადოკის ძეთაგან, რომელთაც აღმისრულეს მოვალეობა, რომელნიც არ განმიდგნენ ისრაელის ძეთა განდგომისას, როგორც განმიდგნენ ლევიანები, 12 იქნება მათთვის შესაწირავი ქვეყნის შესაწირავიდან წმიდათა წმიდა – ლევიანთა საზღვართან. 13 და ლევიანთა მღვდელთა საზღვრის პირისპირ – ოცდახუთი ათასი სიგრძე და ათი ათასი სიგანე, მთელი სიგრძე ოცდახუთი ათასი და სიგრძე ათი ათასი. 14 და ვერ გაყიდიან მისგან და ვერ გაცვლიან და ვერ გადასცემენ ქვეყნის ნათავარს, რადგან წმიდაა უფლისათვის. 15 და დარჩენილი ხუთი ათასი სიგანით ოცდახუთი ათასი სიგრძით არის სადაგი ადგილი ქალაქისათვის, დასახლებისათვის და სანახებისთვის, და იქნება მის შიგნით ქალაქი. 16 და ესაა მისი ზომები: ჩრდილოეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და აღმოსავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი, და დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი. 17 და იქნება სანახები ქალაქისა ჩრდილოეთით ორას ორმოცდაათი და სამხრეთით ორას ორმოცდაათი, აღმოსავლეთით ორას ორმოცდაათი და დასავლეთით ორას ორმოცდაათი. 18 და დარჩენილი სიგრძე წმიდა შეწირულების პირისპირ – ათი ათასი აღმოსავლეთით და ათი ათასი დასავლეთით. და იქნება ეს წმიდა შეწირულების პირისპირ, და იქნება მისი მოსავალი ქალაქში მშრომელთა გამოსაკვებად. 19 იმუშავებენ ქალაქში მშრომელნი ისრაელის ყოველი ტომიდან. 20 მთელი შეწირულება – ოცდახუთი ათასი ოცდახუთ ათასზე, ოთხკუთხედად შესწირეთ წმიდის შესაწირავი ქალაქის საკუთრებასთან ერთად. 21 დანარჩენი კი მთავრისათვის იქნება წმიდის შესაწირავის და ქალაქის საკუთრების ორივე მხრიდან, მოპირდაპირედ – ოცდახუთი ათასი შესაწირავის პირისპირ საზღვრამდე აღმოსავლეთით და დასავლეთით, ოცდახუთი ათასი დასავლეთის საზღვარზე იუდასა და ბენიამინის ნაწილების პირდაპირ – მთავრისათვის. და ექნება წმიდის შესაწირავი და სახლის საწმიდარი მის შიგნით. 22 და ლევიანთა საკუთრებიდან და ქალაქის საკუთრებიდან იმ ნაწილის შიგნით, რომელიც მთავრისაა, იუდას საზღვარსა და ბენიამინის საზღვარს შორის, მთავრისათვის იქნება. 23 დანარჩენ ტომებს აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ბენიამინს ერთი. 24 ბენიამინის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – სიმონს ერთი. 25 სიმონის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ისაქარს ერთი. 26 ისაქარის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – ზებულუნს ერთი. 27 ზებულუნის საზღვართან აღმოსავლეთის საზღვრიდან დასავლეთის საზღვრამდე – გადს ერთი. 28 გადის საზღვართან სამხრეთის საზღვრისაკენ სამხრეთით იქნება საზღვარი თამარიდან მერიბათ-კადეშის წყლამდე, დიდ ზღვამდე. 29 ეს არის ქვეყანა, რომელსაც გაანაწილებთ წილისყრით ისრაელის ტომთა სამკვიდრებლიდან და ესენია ქალაქის კარიბჭენი.” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 30 და ესენია ქალაქის გასასვლელები: ჩრდილოეთის მხრიდან – ოთხი ათას ხუთასი ზომა. 31 ქალაქის კარიბჭეები ისრაელის ტომთა სახელებით იწოდება: სამი კარიბჭე იქნება ჩრდილოეთით – რეუბენის კარიბჭე, იუდას კარიბჭე და ლევის კარიბჭე. 32 და აღმოსავლეთის საზღვართან, ოთხი ათას ხუთასი ზომა – სამი კარიბჭე იქნება: იოსების კარიბჭე, ბენიამინის კარიბჭე და დანის კარიბჭე. 33 და სამხრეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი ზომა და სამი კარიბჭე იქნება: სიმონის კარიბჭე, ისაქარის კარიბჭე და ზებულუნის კარიბჭე. 34 დასავლეთის საზღვარი – ოთხი ათას ხუთასი – და მათი კარიბჭეები სამი: გადის კარიბჭე, აშერის კარიბჭე და ნაფთალის კარიბჭე. 35 ირგვლივ თვრამეტი ათასი. და ქალაქის სახელი იმ დღიდან ქნება – ‘უფალია იქ!’

თავი ორმოცდამეშვიდე                                                                                                                                   დანიელი

COMMENTS