ეზეკიელი 24

By
აგვისტო 20, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

241 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეცხრე წელს, მეათე თვის მეათე დღეს: 2 „ძეო კაცისავ! ჩაიწერე შენთვის ამ დღის სახელი, სწორედ ამ დღისა; ამ დღეს მოადგა ბაბილონის მეფე იერუსალიმს, 3 და თქვი იგავი მეამბოხე სახლზე და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: შემოდგი ქვაბი ცეცხლზე, შემოდგი და ჩაასხი მასში წყალი. 4 ნაჭრებად ჩაყარე მასში, ყველა კარგი ნაჭერი, ბარკალი და ბეჭი, რჩეული ძვლებით გაავსე. 5 რჩეული ცხვარი აიღე და ეს ძვლები შეუკეთე მის ქვეშ, აადუღე, რომ ძვლებიც მოიხარშოს მასში.’ 6 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! ქვაბი, რომლის ჭუჭყიც არის მასში და მისი ჭუჭყი არ გადის მისგან, ნაჭერ-ნაჭერ ამოიღეთ, აურჩევლად, არ ყრილა მასზე წილი. 7 რადგან მისი სისხლი მის შიგნით იყო. ურწყულ კლდეზე დადო ის, არ დაღვარა მიწაზე, რათა მტვრით დაეფარა იგი, 8 რათა გამოეღვიძებინა რისხვა შურის საძიებლად. მე დავდე მისი სისხლი ურწყულ კლდეზე, რათა არ დაფარულიყო.’ 9 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ვაი სისხლიან ქალაქს! მეც გავადიდებ კოცონს, 10 გაამრავლე ხეები, დაანთე ცეცხლი, ჩახარშე ხორცი, აურიე ნახარში და ძვლებიც ჩაიწვება. 11 და დადგი იგი მის ნაკვერცხალზე ცარიელი, რათა გაცხელდეს და მისი სპილენძიც გავარვარდეს, რომ გადნეს მის შიგნით მისი სიბილწე, მოთავდეს მისი ჭუჭყი. 12 ძალა გამოილია და არ გამოვიდა მისგან მისი ბევრი ჭუჭყი, ცეცხლში იყოს მისი ჭუჭყი. 13 შენს სიბილწეშია გარყვნილება, რადგან მე გწმედდი შენ და არ განიწმიდე შენი სიბილწისაგან, აღარ განიწმიდები მეტად, სანამ არ დავაცხრობ ჩემს რისხვას შენზე. 14 მე, უფალმა, ვთქვი, მოვა და გავაკეთებ, არ შევცვლი და არ შევიბრალებ და არ ვინანებ. შენი გზებისა და შენი ნამოქმედარისამებრ განგსჯი შენ!” – სიტყვა ღმერთისა. 15 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 16 „ძეო კაცისავ! ერთი დარტყმით წავიყვან შენგან შენი თვალის სასურველს. მაგრამ არ დაიჩივლო და არ იტირო, და ცრემლი არ წამოგივიდეს. 17 ამოიხვნეშე მდუმარედ, მკვდრებს გლოვას ნუ გაუმართავ, შენი თავსაბურავი შემოიხვიე და ფეხსაცმელი ჩაიცვი ფეხზე, და ულვაშს ნუ დაიფარავ და კაცთა პურს ნუ შეჭამ.” 18 ველაპარაკე ხალხს დილით და მოკვდა ჩემი ცოლი ღამით. და გავაკეთე დილით, როგორც მქონდა ნაბრძანები. 19 და მითხრა მე ხალხმა: ‘ნუთუ არ გვეტყვი, რა არის ეს ჩვენთვის, რასაც შენ აკეთებ?’” 20 და მე ვუთხარი მათ: „სიტყვა უფლისა იყო ჩემდამი: 21 ‘უთხარი ისრაელის სახლს, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: აჰა, მე ვბღალავ ჩემს საწმიდარს, თქვენი ძალის სიამაყეს, თქვენი თვალების სასურველს და თქვენი სულის სალხენელს. თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, რომელნიც მიატოვეთ თქვენ, მახვილით დაეცემიან. 22 და მოიქცევით ისე, როგორც მე მოვიქეცი. ულვაშს არ დაიფარავთ და კაცთა პურს არ შეჭამთ, 23 და საბურველი უნდა გქონდეთ თავზე და ფეხსაცმელი – ფეხზე. ნუ დაიჩივლებთ და ნუ იტირებთ. და დალპებით თქვენს ურჯულოებაში და შეუღრენთ ერთმანეთს. 24 და იქნება ეზეკიელი თქვენთვის მაგალითად ყველაფერში: რაც გააკეთა, თქვენც ასე გააკეთებთ. და მიხვდებით მისი მოსვლისას, რომ მე ვარ უფალი!’ 25 და შენ, ძეო კაცისავ! განა იმ დღეს არ წავართმევ მათ ძალას, მათი სამკაულის სიხარულს, სასურველს მათი თვალებისა და უძვირფასესს მათი სულისა, მათ ძეს და მათ ასულს? 26 და იმ დღეს არ მოვა შენთან გადარჩენილი, რათა ყურში ჩაგასმინოს ამბავი? 27 იმ დღეს გაგეხსნება პირი გადარჩენილის დანახვისას და ილაპარაკებ, და აღარ დამუნჯდები მეტად, და იქნება მათთვის სასწაულად და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’”

თავი ოცდამესამე                                                                                                                            თავი ოცდამეხუთე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close