HomeUncategorized

ეზეკიელი 7

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

71 და იყო სიტყვა უფლისა ჩემს მიმართ: 2 1შენ კი, ძეო კაცისავ, თქვი: ასე უთხრა უფალმა ღმერთმა ისრაელის მიწას: ‘დასასრული! დასასრული მოვიდა ქვეყნის ოთხ კიდეზე. 3 ახლა დასასრულია შენზეც. და გამოგიგზავნი ჩემს რისხვას შენ და განგსჯი შენი გზებისამებრ და აგკიდებ შენ ყველა შენს სისაძაგლეს. 4 და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიბრალებ, რადგან შენი გზებისამებრ მოგიზღავ! და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი!’” 5 და თქვა უფალმა ღმერთმა: 1უბედურება, გაუგონარი უბედურება მოდის. 6 დასასრული მოვიდა. მოვიდა დასასრული. გაფრთხილდი, გამოიღვიძა და შენზე მოდის! 7 მოვიდა რიგი შენზე, ამ ქვეყნის მცხოვრებო, მოვიდა ჟამი, მოახლოებულია ეს დღე, შფოთისა და არა მთების მხიარული ყიჟინისა. 8 ახლა მალე გადმოვანთხევ ჩემს გულისწყრომას შენზე და დავასრულებ ჩემს რისხვას შენს მიმართ, და განგსჯი შენი გზებისაებრ და აგკიდებ შენ ყველა შენს სისაძაგლეს. 9 და არ შეგიცოდებს ჩემი თვალი და არ შეგიბრალებ, შენი გზებისამებრ მოგიზღავ. და შენი სისაძაგლენი შენში იქნება და გაიგებთ, რომ მე, უფალი გცემთ.” 10 გაფრთხილდით, ეს დღე მოდის, გამოვიდა ცისკარი, გამოჩნდა კვერთხი, აყვავდა მედიდურობა. 11 ძალადობა აღდგა ბოროტმოქმედების კვერთხად. არ დარჩება არაფერი არც მათგან და არც მათი ქონებიდან და არც მათი ხმაურიდან, და არავინ იტირებს მათზე. 12 მოვიდა ჟამი, დადგა ის დღე. მყიდველო, ნუ გიხარია და გამყიდველო, ნუ გლოვობ, რადგან რისხვაა მთელ მათ სიმრავლეზე. 13 რადგან გამყიდველი გაყიდულს ვერ დაუბრუნდება, თუნდაც ცოცხლები დარჩნენ ისინი, რადგან წინასწარმეტყველური ხილვა მთელ მათ სიმრავლეზე არ შეიცვლება და თავისი ურჯულოებით თავის სიცოცხლეს ვერავინ ვერ გაამაგრებს. 14 ჩაჰბერავენ საყვირს და მოამზადებენ ყველაფერს და არავინ იქნება ომში წამსვლელი, რადგან ჩემი წყრომაა მთელ მათ სიმრავლეზე. 15 მახვილი გარეთაა, შავი ჭირი და შიმშილი კი სახლში. ვინც მინდორშია, მახვილით მოკვდება, და ვინც ქალაქშია, შიმშილი და შავი ჭირი შეჭამს მას. 16 და მათ შორის გადარჩენილნი მთებისკენ წავლენ, როგორც ხეობის მტრედები – ყველა მკვნესარი, თითოეული თავისი ურჯულოების გამო. 17 ყველა ხელი დასუსტდება და ყველა მუხლი გაწყალდება. 18 ჩაიცვამენ ძაძას და აიტანს მათ კანკალი, და იქნება ყველას სახეზე სირცხვილი და მათ ყველას თავზე – სიქაჩლე, 19 თავიანთ ვერცხლს ქუჩებში გადაყრიან და მათი ოქრო სიბილწედ იქცევა, მათი ვერცხლი და მათი ოქრო ვერ იხსნის მათ უფლის წყრომის დღეს. სულს ვერ გაიძღობენ და ნაწლევებს ვერ ამოივსებენ, რადგან მათი ურჯულოების დაბრკოლება იყო. 20 და მისი სამკაულის მშვენიერება სიამაყედ აქციეს და თავიანთი საძაგელი კერპები, თავიანთი საზიზღრობანი მისგან გააკეთეს, ამიტომ ვაქციე ის მათთვის სიბინძურედ. 21 1ჩავაგდებ მათ უცხოთა ხელში საძარცვავად და ქვეყნის ბოროტმოქმედთ – ნადავლად და შესაბღალად. 22 და მივატრიალებ ჩემს პირს მათგან, და შებღალავენ ჩემს საუნჯეს, და შემოვლენ მასში მოძალადენი და შებღალავენ მას. 23 გააკეთე ჯაჭვი, რადგან ქვეყანა სავსეა სისხლიანი განაჩენით და ქალაქი სავსეა ძალადობით. 24 მოვიყვან უბოროტესთ ხალხებიდან და დაიმკვიდრებენ მათ სახლებს. და გავაუქმებ მამაცთა სიამაყეს და შეიბღალებიან მათი სიწმიდენი. 25 განადგურება მოდის და მოითხოვენ მშვიდობას, და არ იქნება. 26 უბედურება უბედურებაზე მოვა და ამბავი ამბავზე იქნება, და მოითხოვენ ხილვას წინასწარმეტყველისაგან, და რჯული დაეკარგება მღვდელს და რჩევა – უხუცესს. 27 მეფე იგლოვებს და მთავარი შიშით შეიმოსება, და ქვეყნის ხალხის ხელი აკანკალდება. მათი გზებისამებრ მოვექცევი მათ და მათი სიმართლისამებრ განვსჯი მათ. და გაიგებენ, რომ მე ვარ უფალი!’”

თავი მეექვსე                                                                                                                                              თავი მერვე

COMMENTS