ეზეკიელი
321 მეთორმეტე წელს, მეთორმეტე თვის პირველ დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! წამოიწყე მოთქმა ფარაონზე, ეგვიპტის მეფეზე, და უთხარი მას: ‘ხალხთა ლომის ბოკვერს ჰგავდი, მაგრამ შენ ურჩხულივითა ხარ ზღვებში; და შენ მიაწყდი შენს მდინარეებს და აამღვრიე წყალი შენი ფეხებით, და აატალახე მათი მდინარენი.’ 3 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავშლი შენზე ჩემს ბადეს მრავალი ხალხის კრებულში და ამოგიყვანენ ისინი ჩემი სათხევლით 4 და მიგაგდებ ქვეყანაზე. მინდვრის პირას მიგატოვებ და დავაბინავებ შენზე ცის ყველა ფრინველს, და გავაძღობ შენით ქვეყნის ყველა ცხოველს. 5 და დავყრი შენს ხორცს მთებზე და გავავსებ ხეობებს შენი გვამებით. 6 მოვრწყავ ქვეყანას შენი სისხლით მთებამდე და კალაპოტები გაივსება შენით. 7 და როდესაც ჩაქრები, მე დავფარავ ზეცას და დავაბნელებ მის ვარსკვლავებს. მზეს ღრუბლით დავფარავ და მთვარე არ გაანათებს თავისი ნათელით. 8 სინათლის ყველა მანათებელს დაგიბნელებ ცაში და სიბნელეს დავამკვიდრებ შენს ქვეყანაზე!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 9 შევაშფოთებ ბევრი ხალხის გულს, როდესაც მივიტან შენს განადგურებას ხალხებში, ქვეყნებში, რომლებიც შენ არ იცი. 10 და გავაოგნებ შენზე ბევრ ხალხს და მათი მეფენი შეძრწუნდებიან შენს გამო, როდესაც მოვიქნევ ჩემს მახვილს მათ წინაშე, და იკანკალებს ყოველ წამს თითოეული თავისი სიცოცხლისთვის დაცემის დღეს.’ 11 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘ბაბილონის მეფის მახვილი მოვა შენზე. 12 მამაცთა მახვილით დავცემ შენს ურდოებს. ყველანი ისინი უსასტიკესნი არიან ხალხთა შორის, და გაძარცვავენ ეგვიპტის სიამაყეს და განადგურდება მთელი სიმრავლე მისი. 13 მოვსპობ მთელს მის საქონელს ბევრ წყლებთან, და ადამიანის ფეხი აღარ აამღვრევს მათ მეტად და არც საქონლის ჩლიქები აამღვრევს მათ. 14 მაშინ დავაფონებ მათ წყლებს და მათ მდინარეებს ზეთივით ვადინებ!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 15 ‘როდესაც უდაბურად ვაქცევ ეგვიპტის ქვეყანას და დაცარიელდება ქვეყანა მისი სისავსისაგან, როდესაც განვგმირავ მასში ყველა მცხოვრებს, მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი. 16 გოდებაა ეს და გოდებენ მას ხალხთა ასულნი, გოდებენ, ეგვიპტესა და მის სიმრავლეზე გოდებენ მას,’” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 17 მეთორმეტე წელს, იმ თვის მეთხუთმეტე დღეს იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 18 „ძეო კაცისავ! იგლოვე ეგვიპტის სიმრავლე, ჩაიყვანე იგი და ასულნი ძლიერი ხალხებისა ქვემო ქვეყანაში საფლავად ჩასულებთან. 19 ვის სჯობიხარ? ჩადი და დაწექი წინადაუცვეთელებთან. 20 მახვილით დახოცილთა შორის დაეცემიან ისინი. მიცემულია მახვილს. წამოათრიეს ის და მთელი მისი სიმრავლე. 21 ილაპარაკებენ უძლიერესნი ძლიერთა შორის შავეთიდან მასზე და მის შემწეებზე: ჩავიდნენ, დაწვნენ, წინადაუცვეთელნი, მახვილით დახოცილნი! 22 იქაა აშური და მთელი მისი კრებული, მის ირგვლივ მისი საფლავებია, ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი. 23 რომელთაც მისცეს საფლავები ორმოთა კიდეებში და იყო მისი კრებული მისი საფლავების ირგვლივ. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი, რომელნიც შიშის ზარს ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას. 24 იქაა ყელამი და მთელი მისი სიმრავლე – მისი საფლავების ირგვლივაა. ყველანი დახოცილნი არიან, მახვილით დაცემულნი, წინადაუცვეთელებთან რომ ჩავიდნენ ქვემო ქვეყანაში, შიშის ზარს რომ ჰგვრიდნენ ცოცხალთა ქვეყანას და ატარეს თავიანთი შერცხვენა ჩასულებთან ერთად. 25 დახოცილთა შორის მისცეს მას საწოლი, მთელ მის სიმრავლეს, მის ირგვლივ იყო მისი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი იყვნენ, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშისზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში და ატარეს თავიანთი შერცხვენა საფლავში ჩასულებთან ერთად. დახოცილთა შორის მიეცა იგი. 26 იქ არიან მეშექი, თუბალი და მთელი მისი სიმრავლე. მის ირგვლივაა მისი საფლავები, ყველანი წინადაუცვეთელნი არიან, მახვილით დახოცილნი, რადგან შიშისზარი იყო მოგვრილი მათგან ცოცხალთა ქვეყანაში. 27 და არ დაწვებიან ისინი ძლიერებთან, წინადაუცვეთელთაგან დაცემულებთან, რომელნიც ჩავიდნენ შავეთში თავიანთი საომარი იარაღით და თავქვეშ ამოიდეს თავიანთი მახვილები და მათ ძვლებზე იყო მათი ურჯულოება, რადგან ძლიერთა შიშისზარი იყო ცოცხალთა ქვეყანაში. 28 და შენ წინადაუცვეთელთა შორის დაილეწები და მახვილით დახოცილებთან დაწვები. 29 იქაა ედომი, მისი მეფენი და ყველა მისი მთავარნი, რომელნიც თავიანთი ძლიერებით მიცემულნი არიან მახვილით დახოცილებთან. ისინი წინადაუცვეთელებთან და საფლავში ჩასულებთან დაწვებიან. 30 იქ არიან უფლისწულნი ჩრდილოეთისა, ყველანი, და ყველა ციდონელი, რომელნიც ჩავიდნენ დახოცილებთან ერთად, შერცხვენილნი თავიანთი ზარდამცემი ძლიერების გამო. დაწვნენ ისინი, წინადაუცვეთელნი, მახვილით დახოცილებთან და ატარეს თავიანთი სირცხვილი საფლავში ჩასულებთან. 31 მათ იხილავს ფარაონი და ნუგეშცემული იქნება მთელი მისი სიმრავლის გამო – მახვილით დახოცილნი, ფარაონი და მთელი მისი ლაშქარი!’ – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 32 ‘რადგან მე მოვგვარე შიშისზარი ცოცხალთა ქვეყანას, დაწვება ის წინადაუცვეთელთა შორის მახვილით დახოცილებთან, ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე!’ სიტყვა უფალი ღმერთისა.”
COMMENTS