HomeUncategorized

ეზეკიელი 30

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

301 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! იწინასწარმეტყველე და თქვი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: იქვითინეთ: ვაი იმ დღეს! 3 რადგან ახლოს არის ის დღე და ახლოს არის დღე უფლისა, დღე ღრუბლიანი. დგება ხალხების ჟამი! 4 და მოვა მახვილი ეგვიპტეზე და იქნება კრუნჩხვა ქუშში, როცა დაეცემიან ეგვიპტეში, წაიღებენ მის ავლა-დიდებას და დაანგრევენ მის საძირკვლებს. 5 ქუში, ფუტი, ლუდი და მთელი არაბეთი, ლიბია და აღთქმის ქვეყნის ძენი მათთან ერთად, მახვილით დაეცემიან.‘ 6 ასე თქვა უფალმა: ‘დაეცემიან ეგვიპტის მხარდამჭერნი და დამდაბლდება სიამაყე მისი ძლიერებისა, მიგდოლიდან სევენემდე მახვილით დაეცემიან!’ – სიტყვა უფალი – 7 ‘და გაუდაბურდება ქვეყნებს შორის და მისი ქალაქები უკაცრიელ ქალაქთა შორის იქნებიან. 8 და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ცეცხლს მივცემ ეგვიპტეს და დაილეწება ყველა მისი შემწე. 9 იმ დღეს გამოვლენ ჩემგან წარგზავნილნი ხომალდებით, რათა შეაშინონ უსაფრთხო ქუში. და იქნება მათში შიში ეგვიპტის დღეს, რადგან, აჰა, მოდის იგი.’ 10 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘და მე ბოლოსმოვუღებ ეგვიპტის ხალხს ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის ხელით. 11 ის და მისი ხალხი მასთან ერთად, უსასტიკესნი ხალხთაგან, მოყვანილნი იქნებიან ამ ქვეყნის მოსასპობად, და გააშიშვლებენ მახვილებს ეგვიპტეზე, და გაავსებენ ქვეყანას დახოცილებით. 12 და ამოვაშრობ მდინარეებს, და მივყიდი ამ ქვეყანას ბოროტთა ხელთ, და გავაუდაბურებ ქვეყანას და მის სისავსეს უცხოთა ხელით! მე, უფალმა, ვთქვი.’ 13 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘გავანადგურებ კერპებს და გავწყვეტ ცრუღმერთებს ნოფში, და მთავარი აღარ იქნება ეგვიპტის ქვეყნიდან, და შიშის ზარს დავცემ ეგვიპტის ქვეყანას. 14 და გავაუდაბურებ ფათროსს, და ცეცხლს წავუკიდებ ცოყანს, და სამართალს აღვასრულებ თებეში. 15 და გადმოვღვრი ჩემს რისხვას სინზე, ეგვიპტის სიმაგრეზე, აღმოვფხვრი ხალხმრავლობას თებეში. 16 და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტეს, ძრწოლით აწრიალდება ისინი და გაინგრევა თებე. ნოფს კი მტერი მოადგება დღისით. 17 ჭაბუკნი ონისა და ფი-ბესეთისა მახვილით დაეცემიან და ტყვეობაში წავლენ. 18 თახფანხესში დღე დაბნელდება, როცა დავლეწავ იქ ეგვიპტის უღელს. და შეწყდება მასში სიამაყე მისი ძლიერებისა, ღრუბელი დაფარავს მას და ტყვეობაში წავლენ მისი ასულნი. 19 სამართალს აღვასრულებ ეგვიპტეზე და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.” 20 მეთერთმეტე წელს, პირველი თვის მეშვიდე დღეს, იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 21 „ძეო კაცისავ! მე გადავტეხე მკლავი ფარაონისა, ეგვიპტის მეფისა, და აჰა, არაა შეხვეული იგი, რათა მიეცეს განკურნება; არ შეკრულა, რომ გამაგრდეს მახვილის დასაჭერად. 22 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, ფარაონის, ეგვიპტის მეფის, წინააღმდეგ ვარ და გადავტეხ მის მკლავებს, მრთელსაც და გატეხილსაც, და გავაგდებინებ მახვილს ხელიდან. 23 და გავფანტავ ეგვიპტეს ხალხებში და გავაბნევ ქვეყნებში, 24 და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და მივცემ ჩემს მახვილს ხელში, ფარაონს კი გადავუტეხ მკლავებს და იკვნესებს სასიკვდილოდ დაჭრილის კვნესით მის წინაშე. 25 და გავამაგრებ ბაბილონის მეფის მკლავებს და ფარაონის მკლავნი დაეშვებიან. და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როცა მივცემ ჩემს მახვილს ბაბილონის მეფეს ხელში და მოიღერებს მას ეგვიპტის ქვეყანაზე. 26 და გავფანტავ ეგვიპტელებს ხალხებში და გავაბნევ მათ ქვეყნებში, და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი!’”

თავი ოცდამეცხრე                                                                                                                   თავი ოცდამეთერთმეტე

COMMENTS