HomeUncategorized

ეზეკიელი 25

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

251 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! მიმართე შენი პირი, ყამონის ძეთაკენ, და იწინასწარმეტყველე მათზე. 3 და უთხარი ყამონის ძეთ: ‘ისმინეთ სიტყვა უფალი ღმერთისა: ასე თქვა უფალმა ღმერთმა: რადგანაც თქვი „ახი” ჩემს საკურთხეველზე, რადგან შეიბღალა იგი, და ისრაელის მიწაზე, რადგან აოხრდა, და იუდას სახლზე, რადგან წავიდნენ გადასახლებაში, 4 ამიტომ აჰა, მე მიგცემ შენ აღმოსავლეთის ძეთ მემკვიდრეობად, და გამართავენ შენში თავიანთ პალატებს და დადგამენ შენში თავიანთ საცხოვრებლებს, შეჭამენ შენს ნაყოფს და შენს რძეს. 5 რაბას აქლემების საძოვრად მივცემ, და ყამონის ძეთ – ფარა რომ დაყაროს; და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი,’ 6 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ტაშს უკრავდი და ფეხს აბაკუნებდი და ხარობდი მთელი შენი სულის ზიზღით ისრაელის მიწაზე, 7 ამიტომ მე გავიწვდენ ხელს შენზე და მიგცემ ხალხებს გასაძარცვავად, და მოგკვეთავ ხალხებიდან, და მოგსპობ ქვეყნებიდან, გაგანადგურებ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი.’ მოაბი 8 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან ამბობენ მოაბი და სეყირი: აჰა, როგორც ყველა ხალხი, ისე სახლი იუდასი, 9 ამიტომ აჰა, მე გავაშიშვლებ მოაბის ფერდებს ქალაქთაგან, მის სასაზღვრო ქალაქთაგან, ქვეყნის მშვენებათაგან – ბეთ-იეშიმოთისგან, ბაყალ-მეყონისგან და კირიათაიმისგან, 10 აღმოსავლეთის ძეთათვის და მივცემ მას მემკვიდრეობად ყამონის ძეთ, რათა არ მოიხსენიონ ყამონის ძენი ხალხებში, 11 და მოაბს დავდებ მსჯავრს და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი.” 12 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ედომმა შური იძია იუდას სახლზე და შესცოდა, შური იქნება ნაძიები მასზე!” 13 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „გავიწვდენ ჩემს ხელს ედომზე და მოვსპობ ადამიანსა და საქონელს, და მივცემ მას დასანგრევად; თემანიდან დედანამდე მახვილით დაეცემიან. 14 და აღვასრულებ შურისგებას ედომზე ჩემი ერის ხელით და მოექცევიან ედომს ჩემი რისხვასამებრ და ჩემი გულისწყრომისამებრ, და გაიგებენ ჩემს შურისგებას!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. 15 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: „იმის გამო, რომ ფილისტიმელნი შურისძიებით იქცეოდნენ და სულის ზიზღით იძიებდნენ შურს მოსასპობად მარადიული მტრობით,’ 16 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე გავიწვდენ ჩემს ხელს ფილისტიმელებზე და მოვსპობ კრეტელებს და გავანადგურებ ზღვის პირის ნატამალს, 17 და აღვასრულებ მათზე დიდ შურისგებას რისხვის სასჯელებით და მიხვდებიან, რომ მე ვარ უფალი, როდესაც ვიძიებ მათგან ჩემს შურს!’”

თავი ოცდამეოთხე                                                                                                                            თავი ოცდამეექვსე

COMMENTS