HomeUncategorized

ეზეკიელი 4

ძველი აღთქმა
ეზეკიელი

41 „და შენ, ძეო კაცისავ, აიღე შენთვის აგური და დაიდე წინ და დახაზე მასზე ქალაქი იერუსალიმი. 2 და გამოხატე მისი ალყა, ააშენე მის წინააღმდეგ სიმაგრე და აღმართე მის წინააღმდეგ მიწაყრილი, და განალაგე მის წინააღმდეგ ბანაკები, და შემოაწყვე მის წინააღმდეგ ირგვლივ კედლის სანგრევი მანქანები. 3 შენ კი, აიღე შენთვის რკინის ტაფა და დადგი იგი რკინის კედლად შენსა და ქალაქს შორის, და მიმართე შენი პირი მისკენ და ალყაში იქნება, და შემოარტყი ალყა. ეს იქნება ნიშანი ისრაელის სახლისათვის. 4 და დაწექი მარცხენა გვერდზე და დადე ისრაელის სახლის ურჯულოება მასზე. და რამდენ დღესაც იწვები მასზე, იმდენ ხანს ატარებ მათ ურჯულოებას. 5 და მე დაგიწესე მათი ურჯულოების წლები დღეების რიცხვის მიხედვით: სამას ოთხმოცდაათი დღე. და ატარებ ურჯულოებას ისრაელის სახლისა. 6 და შეასრულე ეს და დაწექი მეორედ შენს მარჯვენა გვერდზე და ატარე ურჯულოება იუდას სახლისა ორმოც დღეს. ერთი დღე ერთი წლისთვის მოგეცი მე. 7 იერუსალიმის ალყისაკენ მიმართე შენი პირი და შიშველი მკლავი და იწინასწარმეტყველე მასზე. 8 და მე დაგადებ შენ ბორკილებს და ვერ გადატრიალდები ერთი გვერდიდან მეორე გვერდზე შენი ალყის დღეების დასრულებამდე. 9 შენ კი, აიღე შენთვის ხორბალი და ქერი, ცერცვი და ოსპი, ფეტვი და ასლი და ჩაყარე ერთ ჭურჭულში და გაიკეთე ისინი შენ პურად. იმ დღეთა რიცხვის მიხედვით, რამდენსაც შენ იწვები შენს გვერდზე, სამას ოთხმოცდაათ დღეს, ჭამე იგი. 10 საჭმელი, რომელსაც შენ შეჭამ, წონით ოც შეკელს დღეში, ჟამიდან ჟამზე ჭამე. 11 და წყალი წყვით სვი, მეექვსედი ჰინი, ჟამიდან ჟამზე სვი. 12 და ქერის კვერად ჭამე იგი და ადამიანის განავალში გამოაცხვე მათ თვალწინ.” 13 და თქვა უფალმა: „ასე შეჭამენ ისრაელის ძენი თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხებში, რომლებთანაც განვდევნი მათ.” 14 და ვთქვი: „ოჰ, უფალო, ღმერთო! აჰა, ჩემი სული არ შებილწულა და მძორი და ნამხეცავი არ მიჭამია ჩემი სიჭაბუკიდან დღემდე და ჩემს პირში არ ჩასულა ბინძური ხორცი.” 15 და მან მითხრა: „ნახე! მე მოგეცი შენ ძროხის სკორე ადამიანის განავალის ნაცვლად და მათზე მოამზადე შენი პური.” 16 და კიდევ მითხრა: „ძეო კაცისავ! აჰა, მე დავლეწავ პურის არგანს იერუსალიმში და ისინი შეჭამენ პურს წონით და დარდით, და წყალს წყვითა და სასოწარკვეთილებით შესვამენ. 17 რათა მოაკლდეთ მათ პური და წყალი, და შეძრწუნდნენ კაცი და მისი მახლობელი და დალპნენ თავიანთ ურჯულოებაში.”

თავი მესამე                                                                                                                                              თავი მეხუთე

COMMENTS