ეზეკიელი 23

By
აგვისტო 20, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

231 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „ძეო კაცისავ! იყო ორი ქალი, ასული ერთი დედისა. 3 და მეძაობდნენ ისინი ეგვიპტეში, თავიანთ სიყმაწვილეშივე ისიძვეს. იქ დაუსრისეს მათ ძუძუები და დაუჭყლიტეს დვრილნი მათი ქალწულობისა. 4 და სახელები მათი: დიდისა – ოჰოლა და მისი დისა – ოჰოლიბა. და ჩემები იყვნენ ისინი და მიშვეს ძენი და ასულნი. და სახელები კი მათი: სამარია არის ოჰოლა და იერუსალიმი – ოჰოლიბა. 5 და მეძაობდა ოჰოლა, ჩემს ქვეშ მყოფი, და ეტრფოდა თავის საყვარლებს, აშურის მეომრებს, 6 ცისფრით შემოსილ სპასპეტსა და ერისმთავრებს. ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ – მხედრები ცხენებზე ამხედრებულნი. 7 და ისიძვა მათთან, აშურის ყველა რჩეულ ძესთან, ვისაც ეტრფოდა, და ყველა მათი კერპით შეიბილწა. 8 და თავისი სიძვა ეგვიპტეში არ მიატოვა, რადგან იწვნენ მასთან მის სიყმაწვილეში და მათ სრისეს მისი სიქალწულის დვრილები და დაღვარეს თავიანთი სიძვა მასზე. 9 ამიტომ მივეცი მე იგი მისი საყვარლების ხელთ, აშურის ძეთა ხელთ, რომლებსაც ეტრფოდა. 10 მათ გამოაჩინეს მისი სიშიშვლე, მისი ძენი და ასულნი წაიყვანეს, ის კი მახვილით მოკლეს, და გახდა მისი სახელი სირცხვილად ქალთა შორის და მსჯავრი დასდეს მას. 11 და დაინახა ეს მისმა დამ, ოჰოლიბამ და უფრო გახრწნა თავისი ტრფიალება, ვიდრე მისმა დამ, და თავისი სიძვით დის სიძვას გადააჭარბა. 12 ისიც აშურის ძეთ ეტრფოდა, სპასპეტთა და ერისმთავართ, თავის ახლობლებს ბრწყინვალედ შემოსილთ, მხედრებს, ცხენზე ამხედრებულთ – ყველანი ლამაზი ჭაბუკები იყვნენ. 13 და მე ვნახე, რომ შეიბილწა – ერთი გზა ჰქონდა ორივეს. 14 მოუმატა თავის სიძვას: ნახა კაცები გამოხატულნი კედელზე, გამოსახულებანი ქალდეველთა, სინგურით დახატული, 15 წელზე სარტყელშემორტყმულნი, თავზე დოლბანდჩამოშვებულნი, მსგავსნი მხედართმთავართა, შესადარნი ბაბილონის ძეთა, რომელთა მშობლიური ქვეყანა ქალდეაა. 16 და მიეტრფო მათ თვალის ერთი შეხედვით და გაგზავნა მათთან მსტოვარნი ქალდეაში. 17 და მივიდნენ მასთან ძენი ბაბილონისა სასიყვარულო სარეცელზე და შებილწეს იგი თავიანთი სიძვით. და შეიბილწა მათგან და განშორდა მათ მისი სული. 18 და გამოაჩინა მან თავისი სიძვა და გამოაჩინა თავისი სიშიშვლე. და განშორდა ჩემი სული მას, როგორც განშორდა ჩემი სული მის დას. 19 და ამრავლა მან თავისი სიძვა, იხსენებდა რა თავის სიყმაწვილის დღეებს, როდესაც მეძაობდა ეგვიპტის ქვეყანაში, 20 და ეტრფოდა თავის სიყვარლებს, რომელთა ხორციც ვირების ხორცია და ცხენების ქუქუნია იმათი ქუქუნი. 21 შენ მოგენატრა გარყვნილება შენი სიყმაწვილისა, როდესაც ეგვიპტელნი სრესდნენ შენი სიყმაწვილის ძუძუთა დვრილებს. 22 ამიტომ, ოჰოლიბა, ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘აჰა, მე აღვძრავ შენს საყვარლებს შენზე, რომელთაც მოშორდა შენი სული და მოგისევ მათ ყოველი მხრიდან, 23 ბაბილონის ძეთ და ყველა ქალდეველს, ფეკოდელს, შოაყელს და კოაელს, აშურის ყველა ძეს მათთან ერთად, ლამაზ ჭაბუკთ, სპასპეტთ და ერისმთავართ, მხედართმთავართ და სახელოვანთ, ყველას ცხენებზე მოჯირითეთ. 24 და მოვლენ შენზე იარაღით, ეტლებით და ბორბლებით და ხალხთა კრებულით, დარაკით და ფარით, მუზარადს დაგახურავენ შენ, და მე მიგცემ მათ წინაშე სამსჯავროდ და დაგდებენ მსჯავრს თავიანთი სამართლით. 25 და მოვაწევ ჩემს შურს შენზე და მოგექცევიან შენ რისხვით, ცხვირს და ყურებს მოგაცლიან და შენი შემდგომი მახვილით დაეცემა. შენს ძეთ და შენს ასულთ წაიყვანენ და შენს შემდგომს ცეცხლი შეჭამს. 26 და გაგხდიან სამოსელს და წაიღებენ შენს მშვენიერ მორთულობას. 27 და აღვკვეთავ შენს გარყვნილებას შენგან და შენს სიძვას ეგვიპტის ქვეყნიდან, და აღარ მოაპყრობ თვალებს მათ და ეგვიპტეს აღარ გაიხსენებ.’ 28 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მე გადაგცემ შენ იმათ ხელთ, რომელნიც შეიძულე, იმათ ხელთ, ვინც მოიშორა შენმა სულმა, 29 მოგექცევიან შენ სიძულვილით და წაიღებენ მთელ შენს ქონებას, და დაგტოვებენ შიშველ-ტიტველს, და გამოჩნდება სიშიშვლე შენი სიძვისა და შენი გარყვნილება და სიძვა. 30 ეს დაგემართება შენ იმის გამო, რომ ხალხების კვალდაკვალ სიძვობდი, რომელთა კერპებით შეიბილწე. 31 შენი დის გზაზე დადიოდი და მე მოგცემ შენ ხელთ მის ფიალას.’ 32 ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘შენი დის ფიალას შესვამ, ღრმასა და განიერს! იქნები სასაცილო და მასხარად აგდებული. ბევრის დამტევია იგი. 33 სიმთვრალითა და ნაღველით გაივსები, ფიალა სასოწარკვეთილებისა და გატიალებისა, ფიალა შენი დის, სამარიისა. 34 და შესვამ მას და ამოაშრობ, მის ნატეხებს გალოკავ და მკერდს დაიგლეჯ, რადგან მე ვთქვი ეს!’ სიტყვა უფალი ღმერთისა. 35 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან შენ დამივიწყე და ზურგსუკან მომისროლე, ამიტომ შენც ატარებ შენს გარყვნილებას და შენს სიძვას.’” 36 და მითხრა უფალმა მე: „ძეო კაცისავ! მსჯავრს დასდებ ოჰოლასა და ოჰოლიბას და ეტყვი მათ თავიანთ სისაძაგლეებს? 37 რადგან ისინი მრუშობდნენ და სისხლია მათ ხელებზე. თავიანთ კერპებთან მრუშობდნენ და თავიანთ ძეთ, რომელიც მიშვეს მე, ცეცხლში ატარებდნენ მათთვის შესაჭმელად. 38 კიდევ ეს გამიკეთეს მე: შებღალეს ჩემი საწმიდარი იმ დღეს და ჩემი შაბათები შებღალეს. 39 და როდესაც სწირავდნენ თავიანთ ძეთ თავიანთ კერპებს, იმავე დღეს მოდიოდნენ ჩემს საწმიდარში და ბღალავდნენ მას. აჰა, ასე იქცეოდნენ ისინი ჩემს სახლში. 40 და კიდევ: გზავნიდნენ მოციქულებს კაცებთან, შორიდან მომსვლელებთან, მაცნეც იყო გაგზავნილი. და მოდიოდნენ ისინი, ვისთვისაც შენ იბანებოდი, ილურჯებდი შენს თვალებს და იმკობოდი შესამკობელით. 41 და ჯდებოდი ბრწყინვალე საწოლზე და გაწყობილი სუფრა იყო მის წინ და ჩემს საკმეველსა და ჩემს ზეთს დებდი მასზე. 42 და ხმა უზრუნველი ბრბოსი გაისმოდა იქ. და კაცების უამრავ კრებულთან მოყვანილნი იყვნენ ლოთები უდაბნოდან. და იკეთებდნენ სამაჯურებს ხელებზე და მშვენიერ გვირგვინებს თავზე. 43 და მე ვთქვი მრუშობით გაცვეთილზე: ‘ახლაც ისიძვებს ვინმე მასთან სიძვით?’ და თავადაც? 44 და მოდიოდნენ მასთან, როგორც მიდიან მეძავ ქალთან. ისე მოდიოდნენ ოჰოლასთან და ოჰოლიბასთან, გარყვნილ ქალებთან. 45 და მართალი კაცები – ისინი განსჯიან მათ მრუშობისა და სისხლისმღვრელობის სამართლით, რადგან მრუშნი არიან ისინი და სისხლია მათ ხელებზე. 46 რადგან ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘მიუშვი მათ წინააღმდეგ კრებული და მიეცი ისინი ძრწოლას და ძარცვა-გლეჯას! 47 და ჩაქოლავს მათ კრებული ქვით და დაჩეხავენ მათ თავისი მახვილებით, მათ ძეთა და ასულთ დახოცავენ და მათ სახლებს ცეცხლში დაწვავენ. 48 და შევწყვეტ გარყვნილებას ამ ქვეყანაზე და ყველა ქალი ისწავლის ჭკუას და არ მოიქცევიან თქვენი გარყვნილებისამებრ. 49 და თქვენზევე მოაქცევენ თქვენს გარყვნილებას და იტვირთავთ თქვენს კერპთა ცოდვებს, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი ღმერთი!’”

თავი ოცდამეორე                                                                                                                             თავი ოცდამეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close