ეზეკიელი
11 როცა ოცდამეათე წელს, მეოთხე თვის მეხუთე დღეს მე დევნილთა შორის ვიყავი ქებარის მდინარის ნაპირზე, გაიხსნა ცა და ვიხილე ღვთიური ჩვენებანი. 2 თვის მეხუთე დღეს, მეხუთე წელს მეფე იეჰოაქინის განდევნიდან 3 იყო სიტყვა უფლისა მღვდელ ეზეკიელისადმი, ბუზის ძისა ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის ნაპირზე. და იყო იქ მასზე უფლის ხელი. 4 და მე ვიხილე, აჰა, გრიგალი მოვიდა ჩრდილოეთიდან, დიდი ღრუბელი და აელვარებული ცეცხლი, და იყო კაშკაში მის ირგვლივ და მის შიგნიდან, როგორც ფოლადის ელვარება ცეცხლში. 5 და მის შიგნიდან გადმოვიდნენ მსგავსნი ოთხი ცხოველისა. და მათი შესახედაობა ადამიანის მსგავსი იყო. 6 და თითოეულ მათგანს ოთხი სახე და ოთხი ფრთა ჰქონდა. 7 მათი ფეხები სწორი იყო და მათ ფეხთა ტერფი იყო მსგავსი ხბოს ფეხის ტერფისა. და ბრწყინავდნენ, როგორც ლაპლაპა სპილენძი. 8 და ადამიანის ხელები იყო მათი ფრთების ქვეშ, ოთხივე მხარეზე. და სახე და ფრთები ოთხივეს ჰქონდათ. 9 ერთმანეთს ეხებოდა მათი ფრთები, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას, თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა. 10 შესახედაობა მათი სახისა: სახე ადამიანისა და სახე ლომისა ოთხივეს ჰქონდათ მარჯვნივ და სახე ხარისა – ოთხივეს მარცხნივ, და სახე არწივისა ჰქონდა ოთხივეს. 11 მათი ფრთები გაყოფილი იყო ზევიდან, თითოეულს ორი ფრთა აერთებდა ერთმანეთთან და ორი ფარავდა მათ ტანს. 12 თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა იქ, საითაც სურვილი ჰქონდათ წასვლისა. მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სიარულისას. 13 შესახედაობა ამ ცხოველთა: მათი შესახედაობა – როგორც ცეცხლმოკიდებული ნაკვერცხლისა, მსგავსი ჩირაღდნებისა. ცეცხლი მიმოდიოდა ცხოველებს შორის და ბრწყინვა ჰქონდა ცეცხლს და ცეცხლიდან ელვა გამოდიოდა. 14 ცხოველები გარბოდნენ იქით-აქეთ, მსგავსად ელვისა. 15 და მე შევხედე ცხოველებს და აჰა, თითო ბორბალი იყო მიწაზე ცხოველებთან, ოთხივე სახისთვის. 16 შესახედაობა ამ ბორბლებისა და მათი ნაკეთობა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. და ერთი სახე ჰქონდა ოთხივეს. მათი შესახედაობა და მათი ნაკეთობა ისეთი იყო, როგორც ბორბალში ჩადებული ბორბლისა. 17 თავიანთი ოთხი მხრის მიმართულებით თავიანთი სვლით მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას. 18 და მათი ბორბლის ფერსოები მაღალი იყო და საშინელი. და მათი ბორბლის ფერსოები სავსე იყო თვალებით ოთხივეს გარშემო. 19 და როდესაც ცხოველები მიდიოდნენ, ბორბლებიც მიდიოდნენ მათთან და ცხოველთა მიწიდან აწევისას, ბორბლებიც იწეოდნენ. 20 საითაც გაიწევდა სული წასასვლელად, იქით მიდიოდნენ, სადაც არ უნდა გაეწია წასასვლელად, ბორბლებიც იწეოდნენ მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული იყო ბორბლებში. 21 მათი სვლისას მიდიოდნენ ისინიც და გაჩერებისას ისინიც ჩერდებოდნენ. მათი აწევით იწეოდნენ ბორბლები მიწიდან მათ კვალობაზე, რადგან ცოცხალი სული იყო ბორბლებში, 22 ცხოველთა თავზე იყო ცის თაღის მსგავსი, როგორც საშინელი ყინული, გადმოხრილი მათ თავებზე მაღლიდან. 23 თაღის ქვეშ მათი ფრთები გასწორებული იყო ერთიმეორესთან. ერთს ორი ფრთა უფარავდა სხეულს ერთი მხრიდან და ერთს ორი ფრთა – მეორე მხრიდან. 24 და მესმოდა მათი ფრთების ხმა, როგორც ხმა მრავალი წყლისა, როგორც ხმა ყოვლადძლიერისა მათი სვლისას, ხმა ღრიანცელისა, როგორც ხმა ბანაკისა. გაჩერებისას კეცავდნენ თავიანთ ფრთებს. 25 და ისმოდა ხმა თაღის ზემოდან, რომელიც მათ თავს ზემოთ იყო. გაჩერებისას კეცავდნენ თავიანთ ფრთებს. 26 და თაღის ზემოთ, რომელიც თავსზეით ჰქონდათ, იყო მსგავსი საფირონის ქვისა, მსგავსი ტახტისა, და ამ ტახტის მსგავსზე იყო ადამიანის მსგავსი სახება, მის მაღლა. 27 და მე ვიხილე თითქოსდა სინათლე, ცეცხლის სახებასავით მის შიგნით და ირგვლივ, მისი წელის სახებიდან და მაღლა. და მისი წელის სახებიდან და დაბლა ვიხილე ცეცხლის სახებასავით და ნათება იყო მის ირგვლივ. 28 როგორც სახება ცისარტყელასი, რომელიც ღრუბელშია წვიმიან დღეს, ასეთი სახება ჰქონდა ამ ნათებას ირგვლივ. ეს იყო სახება მსგავსი უფლის დიდებისა. და როცა ვიხილე ეს, პირქვე დავემხე და მომესმა მოლაპარაკის ხმა.
COMMENTS