ეზეკიელი
221 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 2 „და შენ, ძეო კაცისავ! განსჯი სისხლიან ქალაქს? და გამოუცხადე მას მთელი მისი სისაძაგლე 3 და უთხარი: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ქალაქო, თავის შიგნით სისხლის დამღვრელო, რათა მოვიდეს მისი ჟამი! და თავისთვის კერპების გამკეთებელო, რათა შეიბილწოს იგი! 4 შენი სისხლით, რომელიც დაღვარე, დადანაშაულდი და შენი კერპებით, რომლებიც გააკეთე, შეიბილწე. და მოიახლოვე შენი დღეები და მიხვედი შენს წლებამდე. ამის გამო გადაგცემ შესარცხვენად ხალხებს და დასაცინად ყველა ქვეყანას. 5 ახლობელნი და შორეულნი დაგცინებენ შენ, სახელშებილწულო, მრავალაურზაურიანო. 6 აჰა, ისრაელის მთავარნი, თითოეული თავისი ძალით იყო შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. 7 მამას და დედას არად აგდებენ შენში, მდგმურს ჩაგრავენ, ობოლს და ქვრივს ატყუებენ შენში. 8 ჩემი სიწმიდენი აბუჩად აიგდე და ჩემი შაბათები შებღალე, 9 ცილისმწამებელნი იყვნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი, და მთებზე ჭამდნენ შენში, გარყვნილებას ჩადიოდნენ შენში. 10 მამის სიშიშვლეს აჩენდნენ შენში, არაწმიდა წიდოვანს ნამუსს ხდიდნენ, 11 ერთი თავისი მოყვასის ცოლთან სჩადიოდა სისაძაგლეს, მეორე თავის რძალს ბილწავდა გარყვნილებით და სხვა – თავის დას, თავისი მამის შვილს ხდიდა ნამუსს. 12 ქრთამს იღებდნენ შენში, რათა დაეღვარათ სისხლი. ვახშსა და სარგებელს იღებდი და ძალით ართმევდი შენს მოყვასს, მე კი დამივიწყე!” – სიტყვა უფალი ღმერთისა. – 13 „და აჰა, მე ხელი ხელს შემოვკარი შენი ანგარების გამო, რომელიც ჩაიდინე, და შენი სისხლის გამო, რომელიც დაიღვარა შენში. 14 გაუძლებს შენი გული, ან მტკიცე იქნება ხელები იმ დღეებისათვის, როცა გაგისწორდები? მე, უფალმა ვთქვი და გავაკეთებ. 15 და მე გაგფანტავ შენ ხალხებში და გაგაბნევ ქვეყნებში და მოვსპობ შენს სიბილწეს. 16 და შეიბღალები ხალხების თვალწინ და მიხვდები, რომ მე ვარ უფალი!” 17 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 18 „ძეო კაცისავ! ისრაელის სახლი ჩემთვის წიდად იქცა. ყველანი – სპილენძი, კალა რკინა და ტყვიაა ბრძმედში, ვერცხლის წიდად იქცნენ. 19 ამიტომ ასე თქვა უფალმა ღმერთმა: ‘რადგან თქვენ ყველანი იქეცით წიდად, ამიტომ მე შეგაგროვებთ იერუსალიმში, 20 როგორც აგროვებენ ვერცხლს და სპილენძს, რკინას, ტყვიასა და კალას ბრძმედის შიგნით, რათა გააღვივონ ცეცხლი მათ გამოსადნობად, ასე შეგაგროვებთ ჩემს რისხვასა და ჩემს წყრომაში და დაგდებთ და გამოგადნობთ. 21 შეგკრებთ და გავაღვივებ თქვენზე ცეცხლს ჩემი წყრომისა და გადნებით მასში. 22 როგორც ვერცხლი დნება ბრძმედის შიგნით, ისე გამოდნებით თქვენ მის შიგნით და მიხვდებით, რომ მე, უფალმა, გადმოვღვარე ჩემი რისხვა თქვენზე.’” 23 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 24 „ძეო კაცისავ! უთხარი მას: ‘შენ ხარ ქვეყანა განუწმედელი, წვიმით დაუნამავი რისხვის დღეს.’ 25 მის წინასწარმეტყველთა შეთქმულებაა მის შიგნით, როგორც მბრდღვინავი ლომი, დამგლეჯი ნადავლისა. სულს ჭამდნენ, ქონება და ძვირფასეულობა მიჰქონდათ, ქვრივები მრავლდებოდნენ მის შიგნით, 26 მისი მღვდლები ჩემს რჯულს აყალბებდნენ და ჩემს სიწმიდეებს ბღალავდნენ, წმიდასა და შებღალულს ვერ არჩევდნენ და შებილწულს და განწმედილს არ აცხადებდნენ და ჩემს შაბათებს თვალს არიდებდნენ, და მე ვიბღალებოდი მათ შორის. 27 მისი მთავრები მის შიგნით, როგორც მგლები, გლეჯდნენ ნადავლს სისხლის დასაღვრელად, სულების დასაღუპავად, რათა მოეხვეჭათ ანგარება. 28 მისი წინასწარმეტყველნი აბათქაშებდნენ მათ ამაო ხილვებით და უმკითხავებდნენ მათ სიცრუეს, ამბობდნენ: ‘ასე თქვა უფალმა ღმერთმა!’ უფალს კი არ უთქვამს. 29 ამ ქვეყნის ერი ჩაგრავდა და ძარცვავდა, ღარიბსა და ღატაკს ატყუებდა და მდგმურს ავიწროებდა უსამართლოდ. 30 და მე ვეძიე მათში კაცი ღობის მომღობავი და ჩემს წინაშე ნანგრევებზე მდგომი ამ ქვეყნის გულისთვის, რათა არ დამეღუპა იგი, მაგრამ ვერ ვიპოვე. 31 ამიტომ გადმოვღვრი მათზე ჩემს ბრაზს, ჩემი მძვინვარების ცეცხლში გავწყვეტ მათ, მათ ნამოქმედარს მათ თავზევე მოვაქცევ,” – სიტყვა უფალი ღმერთისა.