ეზეკიელი 10

By
აგვისტო 17, 2015
ძველი აღთქმა
ეზეკიელი

101 დავინახე, აჰა, ცის თაღზე, ქერუბიმების თავზე რომ არის, ვით საფირონის ქვა, ტახტის გამოსახულების მსგავსი ჩანდა მათზე. 2 და ეუბნებოდა იმ კაცს, შემოსილს სელით: „მოდი ბორბლებს შორის ქერუბიმის ქვეშ და გაივსე მუჭები ცეცხლის ნაკვერცხლებით, რომლებიც ქერუბიმებს შორისაა, და მოისროლე ქალაქზე,” და შევიდა იგი ჩემს თვალწინ. 3 ქერუბიმები იდგნენ სახლის მარჯვნივ იმ კაცის შესვლისას და ღრუბელმა გაავსო შიდა ეზო. 4 აიწია უფლის დიდება ქერუბიმიდან სახლის ზღურბლზე და გაივსო სახლი ღრუბლით და გაივსო ეზო უფლის დიდების ბრწყინვით. 5 ხმა ქერუბიმების ფრთებისა ისმოდა გარეთა ეზომდე, როგორც ხმა ყოვლადძლიერი ღმერთისა, როდესაც ის ლაპარაკობს. 6 და როდესაც მან უბრძანა კაცს, სელით შემოსილს: „აიღე ცეცხლი ბორბლებს შორის, ქერუბიმებს შორის!” შევიდა იგი და დადგა ბორბალთან. 7 მაშინ გამოიწვდინა ქერუბიმმა ხელი ცეცხლისაკენ, რომელიც ქერუბიმებს შორის იყო, და აიღო და მისცა მუჭში სელით შემოსილს, და აიღო მან და გავიდა. 8 და უჩანდათ ქერუბიმებს გამოსახულება ადამიანის ხელისა მათ ფრთებქვეშ. 9 და დავინახე ოთხი ბორბალი ქერუბიმებთან: ერთი ბორბალი ერთ ქერუბიმთან და ერთი ბორბალი მეორე ქერუბიმთან და შესახედაობა თვლებისა მსგავსი იყო ქრიზოლითისა. 10 და გამოსახულება მათი – ერთი შესახედაობა ოთხივეს, როგორც ბორბალია ბორბლის შიგნით. 11 სვლისას ოთხი მხრისაკენ მიდიოდნენ, არ ტრიალდებოდნენ სვლისას, რადგან იმ ადგილისაკენ მიდიოდნენ, საითაც თავი იყო მიმართული. 12 და მთელი მათი ტანი და მათი ზურგი და მათი ხელები და მათი ფრთები და მათი ბორბლები სავსე იყო ირგვლივ თვალებით, მათი ოთხივე ბორბალი. 13 და ბორბლები იწოდა ქარბორბალად, გავიგონე ჩემი ყურით. 14 და ოთხი სახე თითოეულს, ერთი სახე – ქერუბიმის სახე, მეორე სახე – ადამიანის სახე, მესამე – ლომის სახე და მეოთხე – არწივის სახე. 15 და აიწიენ ქერუბიმები. ეს ის ცხოველი იყო, რომელიც ვიხილე მდინარე ქებარის ნაპირზე. 16 ქერუბიმების სვლისას ურმის ბორბლები მიდიოდნენ მათთან ერთად და, როდესაც ქერუბიმები ასწევდნენ თავიანთ ფრთებს, რომ აწეულიყვნენ მიწიდან. არ ტრიალდებოდნენ ბორბლები, ისინიც მათთან იყვნენ. 17 მათი დადგომისას ისინიც დგებოდნენ და მათი აწევისას ისინიც იწევდნენ მათთან ერთად, რადგან ცოცხალი სული იყო მათში. 18 და გავიდა უფლის დიდება სახლის ზღურბლიდან და დადგა ქერუბიმებზე. 19 და ასწიეს ქერუბიმებმა თავიანთი ფრთები და ამაღლდნენ მიწიდან ჩემს თვალწინ მათი გამოსვლისას და ბორბლებიც მათ კვალობაზე, და დადგა უფლის სახლის აღმოსავლეთის კარიბჭის შესასვლელთან და ისრაელის ღმერთის დიდება იყო მათ ზემოთ. 20 ეს ის ცხოველია, რომელიც მე ვნახე ისრაელის ღმერთის ქვეშ მდინარე ქებარის ნაპირზე და მივხვდი, რომ ქერუბიმებია ისინი. 21 ოთხი სახე თითოეულს და ოთხი ფრთა თითოეულს და გამოსახულება ადამიანის ხელებისა მათი ფრთების ქვეშ. 22 და შესახედაობა მათი სახეებისა – ეს ის სახეებია, რომელიც მე ვნახე მდინარე ქებარის ნაპირზე. მათი გამოსახულებაც და ისინიც – თითოეული თავისი სახის მიმართულებით მიდიოდა.

თავი მეცხრე                                                                                                                                       თავი მეთერთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close