ეზეკიელი
81 იყო მეექვსე წელს, მეექვსე თვის მეხუთე დღეს, როცა ვიჯექი მე ჩემს სახლში და იუდას უხუცესნი ისხდნენ ჩემს წინ. და დაეშვა იქ ჩემზე ხელი უფალი ღმერთისა. 2 დავინახე და აჰა, სახება მსგავსი კაცისა. მისი წელის სახებიდან და დაბლა ცეცხლი იყო, მისი წელიდან და მაღლა როგორც ბრწყინვა, მსგავსი ელვარე ლითონისა. 3 და მან გამოიწვდინა ხელის ხატება და ამწია თავის თმის ბოლოებით. და წამიყვანა მე სულმა მიწასა და ცას შორის და მიმიყვანა იერუსალიმში ღმერთის ხილვებში, ჩრდილოეთით მიმართულ შიდა კარიბჭის შესასვლელთან, იქ, სადაც იყო შურის კერპის სამყოფელი, შურის აღმძვრელი. 4 და იქ იყო ისრაელის ღმერთის დიდება, როგორც ჩვენება, რომელიც ვიხილე ხეობაში. 5 და მითხრა: „ძეო კაცისავ! მიაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას.” და მივაპყარი თვალი ჩრდილოეთის გზას და დავინახე სამსხვერპლოს კარიბჭის ჩრდილოეთით ის შურის ძეგლი. 6 და მითხრა: „ძეო კაცისავ! განა არ ხედავ რას აკეთებენ? დიდ სისაძაგლეს, რომელსაც ისრაელის სახლი აკეთებს აქ, რათა მოვშორდე ჩემს ტაძარს! მაგრამ წამომყევი და ნახავ სხვა დიდ სისაძაგლეებს.” 7 და მიმიყვანა ეზოს შესასვლელში და ვიხილე ერთი ხვრელი კედელში. 8 და მითხრა: „ძეო კაცისავ! გამოთხარე კედელი.” გამოვთხარე კედელი და ვნახე შესასვლელი. 9 და მითხრა: „მიდი და ნახე ბოროტი სისაძაგლენი, რასაც ისინი სჩადიან აქ.” 10 და მივედი მე და ვნახე ყველანაირი გამოსახულება ქვეწარმავლისა და ბილწი ცხოველისა. ყველანაირი კერპი ისრაელის სახლისა ამოჭრილი იყო ირგვლივ მთელ კედელზე. 11 სამოცდაათი კაცი ისრაელის სახლის უხუცესთაგან და იაზანიაჰუ შაფანის ძე იდგა მათ შორის. და იდგნენ ისინი კერპების წინაშე და თითოეულს თავისი სასაკმევლე ეჭირა ხელში და ხშირი ბოლქვები საკმევლისა ადიოდა მაღლა. 12 და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ, რასაც ისრაელის სახლის უხუცესნი აკეთებენ სიბნელეში, თითოეული თავის მოხატულ ოთახში? რადგან ამბობენ: ‘უფალი ვერ გვხედავს ჩვენ. დატოვა უფალმა ეს ქვეყანა!’” 13 და კიდევ მითხრა: „კიდევ დაბრუნდი და ნახავ დიდ სისაძაგლეებს, რომელთაც ისინი აკეთებენ.” 14 და მიმიყვანა მე უფლის სახლის კარიბჭის შესასვლელთან, რომელიც ჩრდილოეთისკენაა, და ვიხილე იქ ქალები მსხდომნი, მოტირალნი თამუზისათვის. 15 და მითხრა: „ხომ ხედავ, ძეო კაცისავ? კიდევ წამოდი, ნახავ ამაზე დიდ სისაძაგლეებს.” 16 და მიმიყვანა მე უფლის სახლის შიდა ეზოსთან და დავინახე უფლის ტაძრის შესასვლელთან, დარბაზსა და სამსხვერპლოს შორის, ოცდახუთიოდე კაცი ზურგშექცევით მდგარი უფლის ტაძრისაკენ. მათი სახეები აღმოსავლეთით იყო მიმართული და თაყვანს სცემდნენ აღმოსავლეთით მზეს. 17 და მითხრა: „ხომ ნახე, ძეო კაცისავ? ცოტაა იუდას სახლისათვის ამ სისაძაგლეთა კეთება, რომელსაც ისინი აკეთებდნენ აქ? რადგან აავსეს ეს ქვეყანა ძალადობით და მიიქცნენ ჩემს გასაწყრომად და აჰა, წკეპლა თავადვე მიაქვთ თავიანთ ცხვირთან. 18 და მეც მივიქცევი გულისწყრომით, არ შეიცოდებს ჩემი თვალი და არ შევიბრალებ, და შეჰღაღადებენ ჩემს ყურებს დიდი ხმით და არ შევისმენ მათ.”