ძველი აღთქმა
იობი
91 და მიუგო იობმა და თქვა: 2 ეშმარიტად ვიცი, რომ ასეა, რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე? 3 ვინმეს რომ ღმერთთან კამათი მოენდომებინა, ათასში ერთზეც ვერ გასცემდა პასუხს. 4 გულით ბრძენია და ძალით ძლიერი, ვინ გაჯიუტებია მას და გადარჩენილა? 5 მთებს ისე უცვლის ადგილს, რომ მათ არც იციან. იგი ამხობს მათ თავისი რისხვით, 6 ატორტმანებს დედამიწას თავისი ადგილიდან და მისი სვეტები ირყევიან. 7 უბრძანებს მზეს და არ აღმოხდება, და ვარსკვლავებს ასვამს ბეჭედს. 8 მარტო თვითონ ჭიმავს ზეცას და ზღვის ტალღებზე დადის. 9 იგია შემოქმედი დიდი დათვისა, ორიონისა, ხომლისა და სამხრეთის პალატებისა. 10 იგი ქმნის გამოუკვლეველ დიდებულებას და ურიცხვ საკვირველებას. 11 აჰა, გადაივლის ჩემს თავზე და ვერ ვხედავ, ჩაივლის და ვერ ვამჩნევ მას. 12 აჰა, იტაცებს და ვინ არის დამკავებელი? ვინ ეტყვის: რას აკეთებო? 13 ღმერთი არ შეაბრუნებს თავის რისხვას, რაჰაბის შემწენი მის ქვეშ ემხობიან. 14 როგორ უნდა შევეპასუხო მას, როგორ უნდა შევურჩიო ჩემი სიტყვები? 15 მართალიც რომ ვიყო, არ შევეპასუხები მას, ჩემს მსაჯულს შევევედრები. 16 თუ მას მოვუხმობდი და პასუხს გამცემდა, არ დავიჯერებდი, რომ მან ისმინა ჩემი ხმა. 17 გრიგალივით მლეწავს და ტყუილუბრალოდ მიმრავლებს ჭრილობებს. 18 სულს არ მათქმევინებს, არამედ მავსებს მე სიმწარით. 19 თუ ძალის ამბავია, აჰა, ის ძლიერია, და თუ სამართლის ამბავია, ვინ მოჰკითხავს პასუხს? 20 მართალი რომც ვიყო, ჩემივე პირი მე გამამტყუნებს, უმწიკვლო რომც ვიყო, მაინც ბრალს დამდებს. 21 უმწიკვლო ვარ, მაგრამ არად ვაგდებ ჩემს თავს: სიცოცხლე მომძულდა. 22 სულერთია, ამიტომ ვამბობ: უმწიკვლოსა და ურჯულოს ერთნაირად კლავს იგი. 23 როცა მისი მათრახი უცაბედად კლავს, იგი დასცინის უბრალოთა განსაცდელს. 24 დედამიწა ურჯულოთა ხელშია ჩავარდნილი, ის უფარავს სახეებს მის მსაჯულებს. თუ ის არ არის, მაშ ვინღაა? 25 და ჩემი დღეები მალემსრბოლის უსწრაფესია, მიექანე, არანაირ სიკეთეს არ ხედავენ. 26 მიჰქრიან ლერწმის ნავებივით, არწივივით, თავის მსხვერპლს რომ აცხრება. 27 თუ ვიტყვი: დავივიწყებ ჩემს საჩივარს, მოვეშვები პირქუშობას და გავმხნევდები, 28 მაშინებს ყველა ჩემი სატკივარი, ვიცი, რომ არ გამამართლებ. 29 მე გავმტყუნდები! ამაოდ რად უნდა გავისარჯო? 30 თუნდაც თოვლის წყლით განვიბანო თავი, და აბრეშუმზე შევიწმინდო ხელები, 31 მაშინაც წუმპეში ჩამძირავდი და ჩემსავე სამოსელს შევზიზღდებოდი. 32 რადგან ის ჩემსავით ადამიანი კი არ არის, რომ პასუხი გავცე და სამსჯავროში ერთად წავიდეთ. 33 არ არის ჩვენს შორის შუამავალი, რომ ორივეს დაგვადოს თავისი ხელი. 34 განმარიდოს თავისი კვერთხი, და მისი შიში ნუ შემაძრწუნებს! 35 მაშინ ვილაპარაკებდი და არ შემეშინდებოდა, რადგან მე ასე არა ვარ ჩემს თავთან.”