ძველი აღთქმა
იობი
401 და მიუგო უფალმა იობს და თქვა: 2 „ნუთუ შეედავება შარიანი ყოვლადძლიერს? ღვთის მამხილებელმა გასცეს პასუხი!” 3 მიუგო იობმა უფალს და უთხრა: 4 „აჰა, მე არარაობა ვარ, რა გიპასუხო? პირზე ხელს ვიდებ. 5 ერთხელ ვთქვი მე და აღარ მივუგებ მეორედაც, და აღარას დავძენ.” 6 და მიუგო უფალმა იობს გრიგალიდან და უთხრა: 7 „მამაკაცურად შემოისარტყლე წელი, შეგეკითხები და გამაგებინე. 8 ნუთუ გააუქმებ ჩემს სამართალს, მე გამამტყუნებ, რათა თავად გამართლდე? 9 და ნუთუ ღვთისდარი მკლავი გაქვს, და მისგვარი ხმით შეგიძლია ჭექა? 10 აბა, მოიკაზმე დიდებითა და სიდიადით, შარავანდი და ბრწყინვალება შეიმოსე. 11 გადმოაფრქვიე მძვინვარება შენი რისხვისა, და დახედე ქედმაღალს და დაამდაბლე. 12 დახედე ყოველ ქედმაღალს და დაამცირე და მათ ადგილზევე გათელე უკეთურნი. 13 ჩამარხე მტვერში ერთიანად, მათი სახე დაფარულში მობურე. 14 და მაშინ მეც ვაღიარებ, რომ გიხსნის შენი მარჯვენა. 15 აჰა, ბეჰემოთი, შენთან ერთად რომ შევქმენი, ხარივითა ძოვს ბალახს. 16 აჰა, მის წელშია მისი ძალა და მისი ღონე მისი მუცლის კუნთებში. 17 ნაძვივითა დრეკს თავის კუდს, ბარძაყის ძარღვები გადაგრეხილი აქვს, 18 მისი ძვლები სპილენძის მილებია. მისი სახსრები რკინის წნელებივითაა. 19 ის პირველია ღვთის ქმნილებათაგან, მხოლოდ მის გამჩენს ძალუძს მისი მოკვლა. 20 რადგან მთები აძლევენ საზრდოს, და იქ შეიქცევს თავს ველის ყოველი ცხოველი. 21 ლოტოსებქვეშ გაწოლილა, ლერწმისა და ჭაობის საფარში. 22 ლოტოსები ჩრდილს აფენენ მას, გარს ძეწნები ახვევია. 23 აჰა, წყალს სვამს მდინარისას და არ ჩქარობს, არ კრთება, მშვიდადაა, მის პირს იორდანეც რომ მიასკდეს. 24 თვალით ვინ შეიპყრობს მას? ვინ გაუხვრეტს ცხვირს ჩანგლებით?”