HomeUncategorized

იობი 29

ძველი აღთქმა
იობი
291 და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა: 2 „ნეტავ ისე ვიყო, როგორც იმ წარსულ თვეებში, როგორც იმ დღეებში, როცა მიცავდა ღმერთი; 3 როცა მისი ლამპარი თავს დამნათოდა, და მის შუქზე ბნელში გზას ვიკვლევდი. 4 როგორც ვიყავი ჩემი შემოდგომის დღეებში, როცა ღვთის მეგობრობა ადგა ჩემს კარავს; 5 როცა ჯერ კიდევ ჩემთან იყო ყოვლადძლიერი, და გარს ჩემი ყმაწვილები მეხვივნენ; 6 როცა ჩემი ტერფები რძეში იბანებოდა, და კლდე ღვარად ადენდა ჩემთვის ზეთის ნაკადებს; 7 როცა გავდიოდი ქალაქის კარიბჭესთან, ვიმზადებდი მოედანზე დასაჯდომელს. 8 დამინახავდნენ ჭაბუკები და იმალებოდნენ, ხოლო მოხუცები წამოდგებოდნენ და ფეხზე იდგნენ; 9 მთავარნი თავს იკავებდნენ სიტყვის დაძვრაზე და პირზე ხელს იფარებდნენ; 10 დიდებულებს ხმა უწყდებოდათ და სასაზე ეკვროდათ ენა. 11 ყური მისმენდა და ნეტარად მრაცხდა, თვალი მხედავდა და მემოწმებოდა, 12 რადგან მიხსნია ღატაკი, შველას რომ ითხოვდა, და ობოლი, შემწე რომ არ ჰყავდა. 13 კურთხევა განწირულისა ჩემზე მოსულა, და ქვრივის გული გამიხარებია. 14 სიმართლით შევიმოსე და მან შემმოსა; მოსასხამივით და თავსაკვრელივით იყო ჩემი სამართალი. 15 ბრმისათვის თვალები ვყოფილვარ, და კოჭლისთვის – ფეხები; 16 გლახაკისთვის მამა ვყოფილვარ; და ჩემთვის უცნობი საქმე გამომიძიებია. 17 უკეთური კაცისთვის ყბები დამილეწავს, და კბილებიდან ნატაცარი გამომიგლეჯია. 18 და მითქვამს: ‘ჩემს საბუდარში მოვკვდები და ქვიშასავით იმრავლებენ ჩემი დღენი. 19 ჩემი ფესვი გადგმულია წყლისაკენ და ცვარი ათევს ღამეს ჩემს რტოებზე. 20 ჩემი დიდება კვლავ აღდგება და ხელში მშვილდი განმიახლდება.’ 21 მისმენდნენ და მელოდებოდნენ, და ჩემს რჩევაზე დუმდნენ; 22 ჩემი სიტყვის შემდეგ აღარაფერს იტყოდნენ, და მათზე ეწვეთებოდა ჩემი ნათქვამი; 23 წვიმასავით მელოდებოდნენ, და როგორც გაზაფხულის წვიმას, პირს მიშვერდნენ; 24 გავუღიმებდი და არ სჯეროდათ, და ჩემი სახის ნათელი არ მოუქუფრავთ. 25 გზას ვურჩევდი მათ და მთავრად ვიჯექი; და დავივანე, როგორც მეფემ ლაშქარში, როგორც მგლოვიარეთა ნუგეშისმცემელმა!”
თავი ოცდამერვე                                                                                                                                 თავი ოცდამეათე

COMMENTS