იობი 14

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
141 „ადამიანი, ქალის ნაშობი, დღემოკლეა და სავსეა ურვით. 2 ყვავილივით იფურჩქნება და ჭკნება, ჩრდილივით გარბის და კვალს არ ტოვებს. 3 და მაინც თვალს აპყრობ მას და სამსაჯავროში მიგყავარ შენთან? 4 ვინ შექმნის წმიდას უწმიდურისგან? არავინ! 5 თუ მისი დღეები განსაზღვრულია, თუ მისი თვეების რიცხვი შენს ხელთაა, თუ სამანი დაუდე მას და ვერ გადავა, 6 დაეხსენი, მოისვენოს, ვიდრე დღიურ მუშასავით დაამთავრებდეს თავის დღეს. 7 რადგან ხესაც აქვს იმედი, რომ თუ მოჭრიან, კვლავ განახლდება, აყვავდება და ყლორტები არ მოაკლდება. 8 თუ ფესვი მიწაში დაუბერდა და ღერო მტვერში ჩაუკვდა, 9 წყლის სუნზე კვლავ აყვავდება და ნერგივით ყლორტებს გამოიყრის. 10 და კაცი კვდება და უძლურდება, სულს განუტევებს ადამიანი და სადღა არის? 11 გაედინება წყალი ზღვიდან, და მდინარე იწრიტება და შრება, 12 და კაციც დაწვება და ვეღარ ადგება. ვერ გაიღვიძებენ, ვიდრე არ გაქრება ზეცა, და ძილისგან ვერ გამოფხიზლდებიან. 13 ნეტავ შავეთში დაგემალე, დაგეფარე, ვიდრე დაცხრებოდა შენი რისხვა, დრო დაგენიშნა ჩემთვის და შემდეგ გაგხსენებოდი. 14 როცა მოკვდება კაცი, განა გაცოცხლდება? მთელი ჩემი კვეთების დღეებს დავიცდიდი, ვიდრე არ დადგებოდა ჩემი ფერისცვალება. 15 დამიძახებდი და გამოგეპასუხებოდი. მოგენატრებოდა შენს ხელთა ქმნილება, 16 რადგან ახლა ნაბიჯებს მითვლი, მაგრამ ჩემს ცოდვებს არ უთვალთვალებ. 17 ჩაბეჭდილია გრაგნილში ჩემი დანაშაული, და ჩემს ბრალს შენ წარხოცავ. 18 მაგრამ ჩამოქცეული მთა იშლება და კლდე ცურდება თავისი ადგილიდან, 19 ქვებს აცამტვერებს წყალი, მისი ნიაღვარი მიწას წალეკავს. შენც ასევე წარხოცავ კაცის იმედს. 20 სძლევ მას სამუდამოდ და ის მიდის, სახეს შეუცვლი და გაუშვებ. 21 პატივში იქნებიან მისი შვილები, მან კი არ იცის. დამცირდებიან ისინი, ის კი ვერ მიხვდება. 22 მაგრამ თავისი ხორცი სტკივა, და იგი თავის თავს გლოვობს!”
თავი მეცამეტე                                                                                                                                  თავი მეთხუთმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close