HomeUncategorized

იობი 33

ძველი აღთქმა
იობი
331 „აბა, ახლა ისმინე, იობ, ჩემი სიტყვები და ყური მიუგდე ჩემს ყოველ სიტყვას. 2 აჰა, ვხსნი მე ჩემს ბაგეს, ლაპარაკობს ჩემი ენა ჩემს სასაში. 3 ჩემი გულის სიწრფოება ჩემი სიტყვებია, ჩემს ბაგეთა ცოდნას ნათლად გადმოსცემენ ისინი. 4 ღვთის სულმა შემქმნა და ყოვლადძლიერის სუნთქვა მასულდგმულებს. 5 თუ შეგიძლია, მიპასუხე: დაალაგე სიტყვები და დაიცავი თავი. 6 აჰა, მეც შენისთანა ვყავარ ღმერთს, მეც თიხისგან ვარ გამოძერწილი. 7 აჰა, ჩემმა შიშმა არ უნდა შეგაძრწუნოს, და არც ჩემმა ხელმა უნდა დაგამძიმოს. 8 აკი ასმენდი შენ ჩემს ყურს და მე გავიგონე შენი სიტყვების ხმა: 9 ‘სუფთა ვარ მე და უცოდველი, უმწიკვლო ვარ და არა მაქვს ბრალი. 10 აჰა, საბაბი მინახა, თავის მტრად შემრაცხა. 11 ხუნდებში მაყოფინებს ფეხებს, და ჩემს ყოველ გზას უთვალთვალებს!’ 12 აი, ამაში არ ხარ მართალი, მე გპასუხობ, რომ კაცზე დიდია ღმერთი. 13 რად ედავები მას? ის პასუხს არ აგებს თავის ნამოქმედარზე. 14 ერთხელ იტყვის ღმერთი, და, თუ ვერავინ შენიშნა, მეორედაც. 15 სიზმარში, ღამეულ ხილვაში, როცა ადამიანებს ძილქუში ეცემათ, როცა თავიანთ საწოლზე თვლემენ, 16 მაშინ ხსნის იგი ადამიანთა ყურს და ბეჭედს უსვამს მათთვის შეგონებას, 17 რომ აარიდოს ადამიანი უკეთურ საქმეს, და კაცისაგან დაფაროს ამპარტავნება; 18 რომ იხსნას მისი სული შავეთისაგან, და მისი სიცოცხლე – მახვილით დაღუპვისაგან. 19 კაცი სატკივრით ისჯება თავის საწოლზე, და დაუამებელი ტკივილით მისი ძვლებისა; 20 შესძაგდება მის სიცოცხლეს პური და მის სულს – საყვარელი საჭმელი. 21 გაქრება მისი ხორცი, უხილავი გახდება, და ამოასხდებიან ძვლები, რომელნიც არ ჩანდნენ. 22 და მიაწევს მისი სული ხარომდე და მისი სიცოცხლე – სიკვდილის წლებამდე. 23 თუ ჰყავს მას მეოხი ანგელოზი, ათასში ერთი, რომ განაცხადოს ადამიანის სიალალმართლე, 24 შეიწყალოს იგი და თქვას: ‘იხსენი იგი, დაიფარე იგი საფლავში ჩასვლისაგან. მისთვის ნაპოვნი მაქვს გამოსასყიდი!’ 25 მისი ხორცი სიჭაბუკის დროინდელზე მეტად განახლდება, თავისი სიყმაწვილის დღეებს დაუბრუნდება. 26 ილოცებს ღვთის მიმართ და ისიც შეიწყალებს, და სიხარულით შეხედავს მის სახეს, და დაუბრუნებს კაცს მის სიმართლეს. 27 იგი იმღერებს კაცთა წინაშე და იტყვის: ‘ვცოდე მე და სწორი გავამრუდე, მაგრამ არ მომეგო საკადრისად. 28 მან გამოისყიდა ჩემი სული ხაროში ჩასვლისგან, და ჩემი სიცოცხლე ნათელს იხილავს,’ 29 აჰა, ყოველივე ამას ღმერთი ორგზის, სამგზის უკეთებს ადამიანს, 30 რათა დააბრუნოს მისი სული ხაროდან, და გაანათლოს სიცოცხლის ნათელით. 31 გაიგონე, იობ, ისმინე ჩემი, დადუმდი და მე ვილაპარაკებ. 32 თუ სათქმელი გაქვს, მიპასუხე, ილაპარაკე, რადგან შენი გამართლება მწადია; 33 თუ არა და, ისმინე ჩემი, დადუმდი, და მე გასწავლი სიბრძნეს.”
თავი ოცდამეთორმეტე                                                                                                           თავი ოცდამეთოთხმეტე
Newer Post

COMMENTS