ძველი აღთქმა
იობი
21 ერთ დღეს მივიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და სატანაც მივიდა მათ შორის უფლის წინაშე წარსადგომად. 2 და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?” და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.” 3 და უთხრა უფალმა სატანას: „არ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული. იგი კვლავ სიალალით ინახავს თავს, შენ კი მაქეზებდი მის წინააღმდეგ, რომ უმიზეზოდ დამეღუპა იგი.” 4 და მიუგო სატანამ უფალს: „ტყავს ტყავის წილ, მაგრამ სიცოცხლის წილ ყველაფერს გაიღებს კაცი. 5 აბა, გაიწოდე ხელი, და შეახე მის ძვალს და მის ხორცს, პირში თუ არ დაგიწყოს გმობა.” 6 და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს, მხოლოდ მის სიცოცხლეს გაუფრთხილდი.” 7 და გავიდა სატანა უფლისაგან და შეჰყარა იობს საშინელი ქეცი ფეხის ტერფიდან თხემამდე. 8 და აიღო იობმა კეცის ნატეხი წყლულების მოსაქავებლად და ნაცარში ჩაჯდა. 9 და უთხრა მას მისმა ცოლმა: „შენ კვლავ ეჭიდები შენს სიალალეს? დაგმე ღმერთი და მოკვდი!” 10 და მან უპასუხა: „ერთი უგუნური დედაკაცივით ლაპარაკობ შენ. თუ სიკეთეს ვიღებთ ღვთისგან, სიავე აღარ უნდა მივიღოთ?” არც ყოველივე ამაში შეუცოდავს იობს თავისი ბაგით. 11 და გაიგო იობის სამმა მეგობარმა ყველა ის უბედურება, რაც იობს დაატყდა თავს, და მოვიდნენ თავთავიანთი ადგილებიდან: ელიფაზ თემანელი, ბილდად შუხელი და ცოფარ ნაყამათელი, და შეიკრიბნენ ერთად, რათა მასთან მისულიყვნენ მისასამძიმრებლად და სანუგეშებლად. 12 შორიდან აახილეს თვალი, მაგრამ ვერ იცნეს, ხმა აღიმაღლეს და ტირილი მორთეს. და შემოიხია თითოეულმა თავისი სამოსელი, და თავზე მტვერი დაიყარა. 13 და ისხდნენ მასთან მიწაზე შვიდ დღეს და შვიდ ღამეს. ხმა არავის გაუცია მისთვის, რადგან ხედავდნენ, რომ მეტისმეტად დიდი იყო მისი სატკივარი.