HomeUncategorized

იობი 18

ძველი აღთქმა
იობი
181 და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: 2 „როდის მორჩებით ყველანი ამ სიტყვებს? იფიქრეთ და მერე ვილაპარაკოთ. 3 რატომ ვითვლებით პირუტყვებად და გონებაჩლუნგებად თქვენს თვალებში? 4 საკუთარმა რისხვამ გსურს დაგღრღნას? შენი გულისთვის ხომ არ უნდა იქნეს მიტოვებული მიწა, და დაიძრას კლდე თავისი ადგილიდან? 5 ურჯულოთა ნათელიც დაიშრიტება და აღარ აელვარდება ალი მისი ცეცხლისა. 6 მის კარავში ნათელი ჩამობნელდება და მისი სანთელი მის თავზე ჩაქრება. 7 შემოკლდება ნაბიჯი მისი ძლიერებისა, და საკუთარი რჩევა დაამხობს მას, 8 რადგან ფეხებით ბადეშია გახლართული და ხლართებში დაიარება. 9 მარყუჟს იგი ქუსლით ჰყავს დაჭერილი, და მახეს გაბმული ჰყავს. 10 დამალულია მიწაზე მისი საბელი, და მისთვის დაგებულია ხაფანგი მის ბილიკზე. 11 ირგვლივ აფრთხობენ მას საშინელებანი, და ფეხდაფეხ მისდევენ ისინი. 12 შიმშილი ძალას გამოაცლის, და დაღუპვა მზადაა, მის გვერდითაა. 13 კანს შეუჭამს ნაწილ-ნაწილ, ასოებს შეუჭამს სიკვდილის პირმშო. 14 ამოიძირკვება თავისი საიმედო კარვიდან, და მას საშინელებათა მეფეს მიჰგვრის. 15 მის კარავში ისაა დავანებული, ვინც მისიანი არაა. და მის საბინადროს გოგირდი გადაეყრება. 16 ქვემოდან ფესვები გაუხმება, მაღლიდან ტოტები დაუჭკნება. 17 და გაქრება მისი სახსენებელი ქვეყნად, და სახელი აღარ ექნება ქუჩაზე. 18 განდევნიან მას ნათლიდან ბნელში, და წუთისოფელს მოსწყვეტენ მას. 19 არც ნაშიერი, არც შთამომავალი არ ეყოლება თავის ხალხში. არც ნამატი დაურჩება საბინადროში. 20 მისი ბედის გამო განცვიფრდებიან დასავლეთში მყოფნი, და აღმოსავლეთში მყოფთ შეიპყრობს ძრწოლა. 21 სწორედ ასეთია უღვთოთა სავანენი და ეს არის იმის ადგილი, ვინც ღმერთს არა სცნობს.”
თავი მეჩვიდმეტე                                                                                                                                თავი მეცხრამეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS