HomeUncategorized

იობი 4

ძველი აღთქმა
იობი
41 და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: 2 „სიტყვა რომ შემოგბედოთ, ხომ არ გაბეზრდები? მაგრამ ვის ძალუძს ლაპარაკისაგან თავი შეიკავოს? 3 აი, შენ ბევრს არიგებდი ჭკუას, და დაუძლურებულ მკლავებს განამტკიცებდი; 4 წაბორძიკებულს ფეხზე აყენებდა შენი სიტყვა, და ძალაგამოცლილ მუხლებს შენ ამაგრებდი. 5 და ახლა შენც მოგადგა და გაბეზრდი, შენც გეწია და შეძრწუნდი, 6 შენი მოშიშება ხომ შენი სასოებაა, და შენი გზების სიალალე – შენი იმედი? 7 გაიხსენე, ვინმე თუ დაღუპულა უდანაშაულო? სადმე თუ ამომწყდარან მართალნი? 8 როგორც მინახავს: სიავის მხვნელნი და შფოთის მთესველნი მასვე იმკიან. 9 ღვთის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე ბოლო მოეღებათ. 10 ღრიალი ლომისა და ხმა ძუ ლომისა, და ლომის ბოკვერთა კბილნი იმუსრებიან. 11 ლომი იღუპება უნადავლოდ, და ძუ ლომის ბოკვერნი იფანტებიან. 12 სიტყვა მომეპარა, და ჩურჩული ჩამესმა ყურში; 13 ღამეულ ხილვათა ფიქრებში გართული, როცა კაცთ ძილქუში ეცემათ, 14 შიშმა და ძრწოლამ შემიპყრო, და ყველა ძვალი ამიცახცახა. 15 და სულმა სახეზე გადამიქროლა, ტანზე თმები ამებურძგლა. 16 შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, ჩემს თვალწინ იყო ხატება; დუმილი და მერე ხმა მესმის: 17 შეიძლება ადამიანი ღმერთზე მართალი იყოს? შეიძლება ადამიანი თავის შემოქმედზე წმიდა იყოს? 18 აჰა, თავის მსახურებსაც კი არ ენდობა, და თავის ანგელოზებშიც კი პოულობს ნაკლს! 19 რაღა ითქმის თიხის სახლებში მცხოვრებლებზე, მტვერზე რომ უდგათ საფუძველი, მღილივით რომ იხოცებიან, 20 განთიადიდან საღამომდე რომ იმუსრებიან, შეუმჩნევლად იღუპებიან? 21 აჰა, გაწყვეტილია მათი კარვის საბელი მათ შორის, სიბრძნის გარეშე კვდებიან ისინი.”
თავი მესამე                                                                                                                                              თავი მეხუთე

COMMENTS