HomeUncategorized

იობი 27

ძველი აღთქმა
იობი
271 და განაგრძო იობმა თავისი იგავის თხრობა და თქვა: 2 „ვფიცავ ღმერთს, რომელმაც წამართვა სამართალი, და ყოვლადძლიერს, რომელმაც სიცოცხლე გამიმწარა. 3 რადგან, ვიდრე ჩემი სუნთქვა ჩემშია და ღვთის სული ჩემს ნესტოებშია, 4 ჩემი ბაგეები არ იტყვიან უკეთურებას და ჩემს ენას არ დასცდება სიცრუე. 5 ღმერთმა დამიფაროს, რომ გაგამართლოთ! სიკვდილამდე არ განვიშორებ ჩემს უმწიკვლოებას! 6 ჩემს სიმართლეს მტკიცედა ვარ ჩაბღაუჭებული და არ გავუშვებ. არ გავუმტყუნებივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება. 7 იყოს მტერი ჩემი, როგორც ურჯულო, და მოწინააღმდეგე ჩემი, როგორც უკეთური. 8 რადგან როგორია სასოება მლიქვნელისა, როცა იპოვის სარგებელს, როდესაც აცთუნებს ღმერთი მის სულს? 9 განა შეისმენს მის ღაღადისს ღმერთი, როცა მას გასაჭირი დაადგება თავს? 10 ინეტარებს განა ყოვლადძლიერში და ღვთის ხსენებაში იქნება გამუდმებით? 11 მე თქვენ გასწავლით ღვთის ხელით, რაც ყოვლადძლიერთან არის, არ დავფარავ. 12 აჰა, თქვენ ყველას ნანახი გაქვთ და რაღა საჭიროა ამაო ლაპარაკი? 13 ასეთია ურჯულო კაცის ხვედრი ღმერთთან, და მტარვალთა ხვედრი, ყოვლადძლიერისაგან რომ ერგებათ. 14 თუ ვაჟები გაუმრავლდება, მხოლოდ მახვილისათვის, და მისი შთამომავალნი პურით ვერ გაძღებიან. 15 მის ნატამალს სიკვდილი დაასამარებს, და მათი ქვრივები ვერ დაიტირებენ მათ. 16 თუ მიწა-მტვერივით დააგროვებს ვერცხლს და თიხასავით მოამზადებს სამოსელს, 17 ის კი მოამზადებს, მაგრამ მართალი შეიმოსავს, ვერცხლი კი უდანაშაულოს ერგება წილად. 18 აშენებს თავის სახლს, როგორც ჩრჩილი, და როგორც დარაჯი იკეთებს ქოხს. 19 წვება მდიდარი და არაფერი აკლია, თვალებს აახელს და აღარაფერია. 20 ეწევა საშინელებანი, როგორც წყლები, ღამით გრიგალი გაიტაცებს მას. 21 წაიღებს მას აღმოსავლეთის ქარი და წავა და წარხვეტს მას მისი ადგილიდან. 22 და მოისვრის მას და არ შეიბრალებს. განა გაექცევა მის ხელს? 23 ხალხი ტაშს შემოჰკრავს მის გამო და სტვენას დაუწყებს მას თავისი ადგილიდან.”
თავი ოცდამეექვსე                                                                                                                               თავი ოცდამერვე

COMMENTS