HomeUncategorized

იობი 13

ძველი აღთქმა
იობი
131 „აჰა, ეს ყოველივე ჩემმა თვალმა იხილა, ჩემმა ყურმა ისმინა და გაიგო. 2 რაც თქვენ იცით, მეც ვიცი, არც მე ვარ თქვენზე უარესი. 3 მაინც დაველაპარაკებოდი ყოვლადძლიერს, და სამხილს მოვახსენებდი ღმერთს. 4 თქვენ კი სიცრუის მგლესავები ხართ, ყველანი უვარგისი მკურნალები ხართ! 5 ნეტავ დუმილით მაინც დადუმდებოდეთ! და ეს იქნებოდა თქვენი სიბრძნე. 6 გთხოვთ, ისმინეთ ჩემი სამხილი და გაიგონეთ ჩემი ბაგეების საჩივარი! 7 ღვთის გულისათვის იტყვით ტყუილს? მისი გულისთვის იტყვით სიცრუეს? 8 მიკერძოებას გამოიჩენთ მის მიმართ? ღმერთს გამოესარჩლებით? 9 კარგი იქნება, რომ გამოგჩხრიკოთ? კაცი კაცს რომ ატყუებს, ისე მოატყუებთ მას? 10 ის კიცხვით გაგკიცხავთ, მალულად თუ გამოიჩენთ მიკერძოებას. 11 ნუთუ არ შეგეშინდებათ მისი სიდიადისა და მისი შიში თავს არ დაგატყდებათ? 12 თქვენი შეგონებანი ნაცრის არაკებია, თქვენი სიმაგრეები თიხის სიმაგრეებია. 13 დადუმდით ჩემს წინაშე და მალაპარაკეთ, და მერე, რაც მომივა, მომივიდეს. 14 რად უნდა ვზიდო ჩემი ხორცი ჩემი კბილით? ხელში რად უნდა ჩავიდო ჩემი სული? 15 რომ მომკლას კიდეც, მაინც მისი იმედი მექნება, მაინც დავიცავ ჩემს გზებს მის წინაშე. 16 ესეც ჩემი ხსნა იქნება, რადგან უღვთო კაცი ვერ მივა მის წინაშე. 17 სმენით ისმინეთ ჩემი სიტყვა, ყური უგდეთ ჩემს ნათქვამს! 18 აჰა, სამსჯავროსთვის გამიმზადებია ჩემი სარჩელი! ვიცი, რომ გავმართლდები. 19 ვინ არის ჩემი მოდავე? რადგან მაშინ დავდუმდებოდი და მოვკვდებოდი! 20 ოღონდ ორ რამეს ნუ მიზამ, და შენს სახეს არ დავემალები: 21 შენი ხელი მომარიდე და შენი შიშის ზარი ნუ შემაძრწუნებს. 22 მაშინ მიხმე და მე პასუხს გაგცემ, ან მე ვილაპარაკებ და შენ მიპასუხე! 23 რამდენი ბრალი და ცოდვა მაწევს? მაცოდინე ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა! 24 რად მალავ სახეს? შენს მტრად რადა მთვლი? 25 მოფარფატე ფოთოლს აფრთხობ და ხმელ ჩალას დევნი? 26 რადგან მწარე ამბებს სწერ ჩემზე და მამკვიდრებინებ სიჭაბუკის ცოდვებს, 27 ხუნდებში მაყოფინებ ფეხებს, უდარაჯებ ყველა ჩემს ბილიკს, და ნიშანს მასვამ. 28 ის კი იხრწნება, როგორც მძორი, როგორც ჩრჩილისგან დაჭმული სამოსელი.”
თავი მეთორმეტე                                                                                                                           თავი მეთოთხმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS